დღეს ადამიანები ვალდებულნი ვართ, ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების დაცვისთვის, საკუთარი სახლებიდან ვიმუშაოთ. თუმცა, ეს პროცესი ყველასთვის თანაბრად სასიამოვნო არ არის. სხვადასხვა მახასიათებლის გათვალისწინებით, ეს მოვლენა ინდივიდურია.
არსებული რეალობის გათვალისწინებით და დისტანციური მუშაობის ვალდებულებიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ მუშაობის ამ სტილს აქვს როგორც დადებითი, ისე – უარყოფითი მახასიათებლები.
რა არის დისტანციური მუშაობის პრიორიტეტები?
- ფაქტია, რომ გაცილებით მეტი დრო გვაქვს ძილისა და ენერგიის აღდგენისთვის – აღარ წარმოადგენს საჭიროებას დილით ადრე ადგომა, სიჩქარე და ამ სიჩქარეში დადებითი განწყობის შენარჩუნება;
- გვაქვს შესაძლებლობა, მოვუფრთხილდეთ გარემოს და დავიცვათ ის ავტომობილების დიდი რაოდენობის გამონაბოლქვისგან – თუკი მანქანებს ავტოფარეხში დავტოვებთ, ცხადია, ამით გარემოს დაბინძურებას ხელს საკმაოდ ნაყოფიერად შევუშლით;
- შეგვიძლია, მოვიწყოთ კომფორტული გარემო – ჩვენს ხასიათსა და საჭიროებებზე მორგებული სივრცე ხელს შეგვიწყობთ, ჩვენი სამუშაო გაცილებით ორგანულად შევასრულოთ და კეთილგანწყობა დავიმსახუროთ;
- დისტანციური მუშაობით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, არ შევწყვიტოთ კონტაქტი ჩვენს უახლოეს ადამიანებთან – მათთან, ვისთან ერთადაც ვცხოვრობთ, მაგრამ ერთმანეთს ნაკლებ დროს ვუთმობთ, იქნება ეს შვილი, მეუღლე, დედა თუ სხვ;
- შეიძლება, ითქვას, რომ არცთუ ისე ცოტა ადამიანისთვის საკუთარი სახლიდან მუშაობა ნაკლებ სტრესთან არის დაკავშირებული – სტრესის სიმცირე, ცხადია, კარგ სამუშაო შედეგს უდრის.
არ არის გამორიცხული, ზოგიერთს დისტანციურად მუშაობამ დისკომფორტი შეუქმნას. არსებობს რიგი მიზეზები, რის გამო ეს პროცესი ადამიანებისთვის უსიამოვნო შეიძლება, აღმოჩნდეს.
- მუშაობა თანამშრომლების გარეშე – ანუ გარემო, რომელიც ადამიანისთვის მუშაობის პროცესში ძალიან საჭიროა. როდესაც მიჩვეულნი ვართ, რომ ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო გარშემო ამავე საქმიანობით დაკავებული ადამიანები უნდა გვყავდეს, რთულია, შედეგს ამ მოცემულობის გარეშე მიაღწიო – ანუ იმის გარეშე, რას ერთი მიზნით შეკრებილ ადამიანებს სტიმულს აძლევს;
- მოტივაციისთვის საჭირო გარემოს არქონა – ჩვენ გვჭირდება ის გარემო, რომელშიც ნაყოფიერად შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ნაკლები კომუნიკაცია კი ამისთვის საკმაოდ ხელისშემშლელია;
- შესაძლოა, დრო სწორად ვერ ვმართოთ – თუკი ჩვეულ სამუშაო გარემოს შევიცვლით, არ არის გამორიცხული, დრო სხვა მოვლენებსაც დავუთმოთ და სამუშაოსთვის ის არასწორად განვსაზღვროთ. რაც უფრო სწორად ვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ დროს, შედეგი მეტად ნაყოფიერია;
- დასაშვებია, რომ მოვიწყინოთ – გარემოში, რომელშიც ვმუშაობთ და რომელშიც ამავე ინტერესის მქონე ადამიანები არ გვეგულება, შესაძლოა, ჩვენთვის სამუშაო პროცესი მოსაწყენად წარიმართოს. თუკი ამ პროცესს გულს ვერ დავუდებთ, არ არის გამორიცხული, მომდევნო დღეს მუშაობის სურვილი გაცილებით ნაკლებად გვქონდეს;
- თუკი სახლიდან მუშაობა დიდი ხნის მანძილზე მოგვიწევს, განსაკუთრებით ქალებს, აუცილებლად შეაწუხებთ ის მოცემულობა, რომ საკუთარ გარდერობს ვერ იყენებენ – სტრესის ერთ-ერთი ძლიერი საფუძველი მანდილოსნებისთვის
ავტორი: მარიამ ტიელიძე