საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ომერ ჩელიქის მოწვევით, სტამბოლში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
28-29 ოქტომბერს სტამბოლში, სასტუმრო “Silence Istanbul Hotel and Convention Center”-ში აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესი ჩინური აბრეშუმის გამოფენით გაიხსნა და თემატური სესიებით გრძელდება.
კონგრესი აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს განიხილონ ძალთა გაერთიანებისა და კონსოლიდაციის პერსპექტივები და დაგეგმონ ახლო სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის გზები; ასევე განხილება კონგრესის მონაწილე ქვეყნებს (აზერბაიჯანი, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ირანი, ერაყი, ყაზახეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, რუსეთი, სამხრეთ კორეა, სირია, ტაჯიკეთი, თურქეთი და უზბეკეთი) შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირები და თანამშრომლობის მიმართულებები აბრეშუმის გზის კონტექსტში.
დღეს, 29 ოქტომბერს სტამბოლში დაგეგმილია პეკინი-ლონდონის რკინიგზის შემაერთებელი მონაკვეთის, მარმარაის წყალქვეშა გვირაბის, ოფიციალური გახსნა. ამ პროექტის დასრულების შემდგომ, პირველად აბრეშუმის გზის ისტორიაში რკინიგზით გადაადგილება გახდება შესაძლებელი.
ბოლო პერიოდში, ბევრი რამ გაკეთდა აბრეშუმის გზის აღსაღდგენად, ეს საერთაშორისო კონგრესი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონში ვაჭრობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის ხელშეწყობისათვის. აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მსოფლიო ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური სფეროების განვითარებისთვის.
აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესის ორგანიზებაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ინსტიტუტები და უნივერსიტეტები. კონგრესს კოორდინირებას უწევს ანკარის აზროვნებისა და კვლევის ცენტრი და სტამბოლის სავაჭრო უნივერსიტეტი.
29.10.13