“რუმინეთი მომხრეა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას რაც შეიძლება მალე მოეწეროს ხელი” – აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ბოგდან აურესკუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ.
“შეხვედრაზე ჩვენ ინტენსიური საუბარი და კონსულტაცია გვქონდა იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც ევროკავშირი-საქართველოსა და რუმინეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება. ჩვენს საგარეო უწყებებს დადატვირთული დღის წესრიგი გააჩნიათ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ნატოს მომავალი სამიტის შესახებ და გამოვხატე რუმინეთის სახელით სრული მხარდაჭერა ყველა იმ საკითხის მიმართ, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთის. თბილისში ჩვენი საელჩოს მეშვეობით, რომელიც წელს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს წარმოადგენს, სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს შეასრულოს ყველა ის მოვალეობა, რაც საჭიროა მაღალი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად”, -განაცხადა ბოგდან აურესკუმ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს 2014 წელს მოსალოდნელ გამოწვევებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე. ამ კონტექსტში რუმინულმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის შენარჩუნების აუცილებლობას.
“მადლობა მინდა გადავუხადო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა განცხადება სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. მან გააფრთხილა რუმინეთის მოქალაქეები, რომლებიც ეწვევიან სოჭს, რომ მათ არ გადაკვეთონ საქართველო-რუსეთის საზღვარი აფხაზეთის მიმართულებით და არ დაარღვონ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. შეხვედრაზე იმედი გამოვთქვით, რომ რუმინეთის მაგალითს ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ. ჩვენ უკვე გვაქვს მსგავსი სახის განცხადება საფრანგეთისგან და იმედია, რომ დარჩენილ პერიოდში მსგავს განცხადებებს გააკეთებენ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიც”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
30.01.14