სახელმწიფო პედაგოგთა შეფასების ახალ სისტემას ქმნის. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა, შესაბამის პროექტზე გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი მუშაობდა. “ეს იქნება როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ნაწილის შეფასების კუთხით, მოხდება კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, დავადგინოთ მასწავლებლის კომპეტენცია და მივცეთ იმის საშუალება პედაგოგს, რომ მან უკეთ დაგეგმოს თავისი სამუშაო სამომავლოდ”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ. ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ნამბალოს სკოლის მშენებლობის საკითხზე და აღნიშნა, რომ ნამბალოს სკოლის მშენებლობის საკითხზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს, არ დაადასტურა. “მშენებლობა მიმდინარეობს შეფერხების გარეშე. ის გაწერილია წელიწად-ნახევრის განმავლობაში და რაიმე ტიპის შეფერხება რომ ყოფილიყო, პირველ რიგში, მე მეცოდინებოდა. იქ ბავშვები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, რადგან წინა ხელისუფლებამ მათ სკოლა დაუნგრია და ახალი არ აუშენა. ჩვენ ყველა საჭირო პროცედურა თავიდან გავიარეთ და მშენებლობა დავიწყეთ, რომელიც ძალიან ნორმალურად და გეგმურად მიმდინარეობს”, – აღნიშნა განათლების მინისტრმა. 10.04.14