საქართველოში ევროპის კვირეული გაიხსნა. კვირეული “ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება.
კვირეულის ფარგლებში, პირველი ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს; კონფერენცია – “ჩვენი ევროპული არჩევანი” წინასწარ გამოცხადებული ესსეების კონკურსისა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამოცხადებული კონკურსის დასკვნით ფაზას წარმოადგენს.
კონფერენციას ესწრებიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, დიპლომატები და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.
“ეს არის ტრადიციული ევროპის დღეები, მაგრამ წელს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ფარგლებში. ეს არის განსაკუთრებული მასშტაბის ღონისძიება, მნიშვნელობა დიდია იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სულ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ თუ რა შეთანხმებას მოაწერს საქართველო ხელს და საითკენ მიდის ჩვენი ქვეყანა, რათა მომავალში აღარ იყოს გაურკვევლობა”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა კი, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა კვირეულის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს კვირეული იმ ქვეყნებში, სადაც ევროპა მნიშვნელოვანია, ყოველთვის აღინიშნება ხოლმე.
“კვირეულს დღეს ესსეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებით ვხსნით. ეს არის სტუდენტთა შორის ჩატარებული კონკურსი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თემაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე ესეები. რაღაც კვლევითი სამუშაოც კი არის ჩატარებული და ჩვენ საკმაოდ მაღალ შეფასებებს ვაძლევთ ამ ნაშრომებს. შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში იქნება ღონისძიებათა ციკლი, 10 მაისს კი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეგიდით ჩვენ ასევე ვიზეიმებთ ევროპის დღეს”, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.
კვირეული 14 მაისამდე გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სტუდენტებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ფერმერებთან, პრობაციონერებთან, ასევე გაიმართება სპორტული ტურნირები, გამოფენები და სხვა საინტერესო ღონისძიებები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
05.05.14