unnamedესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე  საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ელჩებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ელჩებმა ისაუბრეს მათი ქვეყნების მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე,  არსებულ ვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ელჩებთან შეხვედრას ხელმძღვანელობდა ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კალლე პალლინგი.

კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, ხელმოწერის მნიშვნელობაზე; დეტალურად განმარტა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი; ასევე, მოკლედ მიმოიხილა საქართველოს მიერ უკვე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში.  ასევე, ესტონეთის ევროპულ საკითხთა კომიტეტის წევრის შეკითხვაზე საპასუხოდ, თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლის შესაძლო გავლენაზე, აღნიშნა, რომ საქართველოს არ სურს კონფრონტაცია და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება არაა მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელობის ხაზგასმისა და მისი განხილვის პროცესში ფართო საზოგადოების ჩართვის მიზნით, ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთის კანონმდებლობის მიხედვით, იგი არ საჭიროებს დამატებით შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს.

17.07.14

Please follow and like us: