მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გამოყოფილი შეშის მოცულობა 7მ3-დან 15მ3-მდე იზრდება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი სომხიშვილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ლევან ტაბუცაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
მათ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტში „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ისაუბრეს.
განვლილი ზამთრის სეზონის სტატისტიკამ აჩვენა, რომ მაღალმთიანი რეგიონების დასახლებულ პუნქტებში მოსახლე ერთ კომლზე (ოჯახზე) 7 მ3-ის ოდენობით საშეშე მერქნული რესურსი აშკარად არასაკმარისია, მათ შორის იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებითაც, რომ წელიწადის ცივი პერიოდი (ზამთრის სეზონი), ბარისგან განსხვავებით, მთაში გაცილებით ხანგრძლივია და ასევე, გაზის უქონლობის გამო აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობა შეშას საყოფაცხოვრებო მიზნით ზაფხულის პერიოდშიც აქტიურად იყენებს. სიახლით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების 1500-ზე მეტი სოფლის მაცხოვრებელი ისარგებლე სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სოფლების მოსახლეობას 7 მ3 – საშეშე მერქნის მოპოვების საშუალება ეძლევა, რაც აქამდე არსებული კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული. მაღალმთიანი სოფლების სტატუსს საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ„ განსაზღვრავს. ცვლილების მიზანი ტყის ფონდის მართვის მდგომარეობის ხარისხისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
კიდევ ერთი სიახლით ეროვნულ სატყეო სააგენტოს მთავრობის 242-ე დადგენილებით მიენიჭა უფლება თავად დაამზადოს ხე-ტყე და უზრუნველყოს მისი რეალიზაცია. ამ მიმართულებით, იწყება საპილოტე პროექტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სააგენტო ეტაპობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს განახორციელოს მასშტაბური სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები. შედეგად, გაუმჯობესდება ტყის სანიტარული მდგომარეობა, სატყეო ინფრასტრუქტურა, მიღებული შემოსავლებით განხორციელდება ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცვის ღონისძიებები. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.
04.09.14