დღეს, ახალგაზრდა ნალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზში “დოქტრინა” პროექტის ექსპორტ მონიტორის ფარგლებში, წარმოადგინეს კვლევა: “საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – ბულგარეთის ანგარიში”. შეხვედრაზე განიხილეს ბულგარეთში საქართველოს ექსპორტის დინამიკა; წამყვანი სასაქონლო პოზიციები; მოხდა ბულგარეთის ბაზარზე საქართველოს მთავარ კონკურენტი ქვეყნების იდენტიფიცირება და ყურადღება გამახვილდა საექსპორტო ფასის და საექსპორტო მოცულობების ურთიერთ შედარებით ანალიზზე.
ევროკავშირში საქართველოს ექსპორტით ბულგარეთი ლიდერობს
ბულგარეთი 2007 წლიდან ევროკავშირის წევრი ქვეყანა და საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.
2013 წლის მონაცემებით იგი საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებდა, ქვეყნის მთლიან ექსპორტში 5,2%-იანი წილით.
იმავდროულად 2013 წელს ბულგარეთი საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მე-11 პოზიციას იკავებდა, მთლიან იმპორტში 2,5 %-იანი წილით, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტში – 8,8%-იანი წილით.
2014 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ბულგარეთი კვლავ საქართველოს ერთ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამ პერიოდში იგი ჩვენი ქვეყნის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ მე-6 ადგილს იკავებს – მთლიან ექსპორტში 5,8%-იანი წილით, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოს ექსპორტიორებში უდავო ლიდერი იყო.
2012 წელთან შედარებით საქართველოს ექსპორტი ბულგარეთში გაორმაგებულია
საქართველომ ბულგარეთთან საგარეო სავაჭრობა კავშირების გაღრმავება 2003 წლის შემდეგ დაიწყო, თუმცა ამ ქვეყანასთან საგარეო ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ (2007 წელი), რაც ნათლად ჩანს ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე:
2013 წელს ჩვენი ქვეყნის ექსპორტის მოცულობამ ბულგარეთში 150,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ და მეტად, ხოლო 2004 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 10-ჯერ აღემატება.
როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, ბულგარეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 2003 წლიდან ზოგადად ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე წლიან “ჩავარდნას” 2008-2010 წლებში. საქართველოში ბულგარეთიდან იმპორტირებული პროდუქციის მაქსიმალური მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა და 271,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა 2013 წელს იმპორტის მოცულობა, ექსპორტის მაჩვენებლის გაორმაგების მიუხედავად, წინა წელთან შედარებით 26,3%-ით შემცირდა, თუმცა იგი მოცულობით 2011 და 2012 წლების გარდა ყველა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებელს აღემატებოდა.
2013 წელს ბულგარეთში ექსპორტირებული პროდუქციის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში, 2012 წელთან შედარებით 2,3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 5,2%-ს მიაღწია. შესაბამისად 24,8 %-მდე გაიზარდა ბულგარეთის წილი ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის საერთო მოცულობაში.
თუმცა აღნიშნული მაჩვენებლების მაქსიმალური მნიშვნელობა ბოლო 14 წლიანი პერიოდის განმავლობაში (2000-2013) 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბულგარეთზე მოდიოდა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 7,3%, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის საერთო მოცულობის – 34,6%:
სპილენძის მადნები და აზოტოვანი სასუქები – ქართული ექსპორტის მთავარი ნიშა ბულგარეთში
საინტერესო სურათს იძლევა ბულგარეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ანალიზი.
2013 წელს საქართველოს მიერ ბულგარეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი შემდეგნაირად გამოიყურება:
2013 წელს საქართველოდან ბულგარეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი
როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2013 წელს საქართველოდან ბულგარეთში ექსპორტირებული პროდუქციის 77,7%-ს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებდა, 21,2%-ს აზოტოვანი სასუქები, ხოლო დანარჩენ პროდუქციას ექსპორტში უმნიშვნელო წილი ეკავა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველო სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტს ძირითადად ბულგარეთსა და ესპანეთში ახორციელებდა, აქედან ბულგარეთზე აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის 72,5% მოდიოდა. ამავე წელს ბულგარეთზე მოდიოდა საქართველოდან ექსპორტირებული აზოტოვანი სასუქების 24,4%.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბულგარეთი საქართველოში მოპოვებული სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ძირითადი მომხმარებელია. 2013 წლის მონაცემებით საქართველოს გარდა აღნიშნული პროდუქციის ექსპორტს ბულგარეთში მსოფლიოს 15 ქვეყანა ახორციელებდა, რომელთაგანაც უდიდესი წილით (43,3%) ესპანეთი ლიდერობდა.
საქართველოზე მოდიოდა ბულგარეთში ექსპორტირებული სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების დაახლოებით 3,9%. ჩვენი ქვეყნის კონკურენტებად გვევლინებოდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ჩილე (ბულგარეთში ექსპორტირებულ სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებში 17,1%-იანი წილით), პერუ (9,8%), ბრაზილია (5,1%), სომხეთი (5,0%), არგენტინა (5,0%), ავსტრალია (2,8%) და სხვები:
საინტერესო სურათს იძლევა ბულგარეთში ექსპორტირებული სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ფასების ანალიზი, ქვეყნების მიხედვით (ფასების გაანგარიშება განხორციელდა ღირებულებით გამოსახულებაში ექსპორტის მოცულობის შეფარდებით ნატურალურ გამოსახულებაშ ექსპორტის მოცულობასთან).
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბულგარეთში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტს ყველაზე მაღალ ფასში (1 კგ – დაახლოებით 7 აშშ დოლარი) ჩილე ახორციელებს, შემდეგ მოდის ავსტრალია (4,08 აშშ დოლარით) და პერუ (2,6 აშშ დოლარი).
საქართველოდან ბულგარეთში ექსპორტირებული 1 კგ. სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ფასი, კონკურენტ ქვეყნებთან შედარებით დაბალია და 1,29 აშშ დოლარს შეადგენს.
ბულგარეთის აზოტოვანი სასუქების ბაზარზე საქართველო სიდიდით მეორე ექსპორტიორია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აზოტოვანი სასუქები 2013 წელს საქართველოდან ბულგარეთში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფში მეორე ადგილს იკავებდა 21,2%-იანი წილით.
საქართველო აზოტოვანი სასუქების ექსპორტს 2013 წელს მსოფლიოს 13 ქვეყანაში ახორციელებდა, აქედან 24,4% – ბულგარეთზე, 24,0% – თურქეთზე, – 21,0% აშშ-ზე, ხოლო დანარჩენი 30,5% – სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 2013 წელს ბულგარეთში საქართველოს გარდა მსოფლიოს 30-მა ქვეყანამ განახორციელა, თუმცა მათ შორის საქართველოს მეორე ადგილი ეკავა 16,1%-იანი წილით.
საქართველოს მთავარ კონკურენტებად გვევლინებოდნენ შემდეგი ქვეყნები: ეგვიპტე (29,9%-იანი წილით), იორდანია (15,5%), რუმინეთი (10,5%) და რუსეთი (7,4%). ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს ბულგარეთში 2013 წელს ექსპორტირებული აზოტოვანი სასუქების სტრუქტურას ქვეყნების მიხედვით:
11.11.14