დღეს ხშირად ამბობენ, რომ ქართული მედია სივრცე დიდ კრიზისს განიცდის. არაპროფესიონალიზმი, არაკვალიფიციურობა, არაობიექტურობა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა – ეს სწორედ ის ძირითადი სისუსტეებია, რომლებიც ქართულ მედიას ახასიათებს.
ბუნებრივია, მედიას დიდი როლი აკისრია სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე, რადგან დაბალი ხარისხის მედია, ასევე დაბალ საზოგადოებრივ ცნობიერებას აყალიბებს და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას აფერხებს. შესაბამისად, პასუხისმგებლობა და მოთხოვნაც მაღალია მათ მიმართ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან, განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეყნის მთავარი ტელევიზია. იცავს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ინტერესებსა და მოთხოვნას, რეალურად რა ხდება ქართულ მედია სივრცეში, რამდენად ნათლად ასრულებს დღევანდელი მედია მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლს, რატომ არის ხარვეზები ჟურნალისტების სამეტყველო ენაში და ირღვევა თუ, არა ჟურნალისტიკის პროფესიონალური სტანდარტები ამ და სხვა აქტუალურ თემებზე „თბილისი თაიმსი“ ჟურნალისტ სულხან მელაძეს ესაუბრა.
ზოგადად რა როლი აკისრია მედიას საზოგადოებაში?
– საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრსა და სამოქალაქო ცნობიერებას. სწორედ ეს არის მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ურთიერთდამოკიდებულების განმსაზღვრელი. ამითვე აიხსნება, არა მხოლოდ ყოველი ხელისუფლების, არამედ ზოგადად, პოლიტიკური ელიტის მცდელობა, გავლენა იქონიოს ცალკეულ მედიასაშუალებებზე.
როგორ აფასებთ ქართულ მედიაში არსებულ ვითარებას? რა გამოწვევების წინაშეა დღეს ჟურნალისტიკა?
– ქართულ მედიაში არსებული ვითარება მინდა სამედიცინო ენაზე დავახასიათო – ავადმყოფის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ავადობის დამარცხების მთავარი წინაპირობა დიაგნოზის დროულად დასმაა. ეს ხატოვნად. ჩვენი მედია ჩვენი საზოგადოების სარკეა და საზოგადოება ანარეკლი. ამდენად საერთოა გამოწვევებიც და ძნელია განსაზღვრო, რომელია მათგან მთავარი. ცოდნისა და კვალიფიკაციის დეფიციტი, არაპროფესიონალიზმი. კვლავაც არ არის გავლებული ზღვარი თავისუფლებასა და თავნებობას შორის. პასუხისმგებლობა ყველაზე მსუბუქი და ჰაეროვანი სიტყვაა, რომლის მიღმაც სრული უპასუხისმგებლობაა. ვიცი, ძალიან მკაცრი ვარ. შესაძლოა მკითხველს გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ შეფასებებისას, მათ შორის საკუთარი პერსონის სიმკაცრე მუდამ მახასიათებდა.
რა არის მედიის ქმედითუნარიანობის ხარისხის რეალური საზომი?
– მნიშვნელოვანია განვმარტოთ რა მოიაზრება მედიის ქმედითუნარიანობის მიღმა. პირადად ჩემთვის ეს არის დამაჯერებლობა, ნდობის მაღალი ხარისხი. შესაბამისად ჩემთვის საზომი იყო და არის თავისუფლება…
და როგორია ეს თავისუფლების ხარისხი?
– თავისუფლება ჩემთვის უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობას ნიშნავს და ამ მხრივ არ ვარ გამონაკლისი. სიტყვის თავისუფლება იყო, არის და იქნება პასუხისმგებლობა ყოველ სიტყვაზე. ამდენად, თავისუფლების ხარისხი არის ზუსტად ისეთი, როგორიც არის პასუხისმგებლობის ხარისხი. ვიცი ახლა მკითხავთ როგორია პასუხისმგებლობის ხარისხი? ჩვენი დროების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, მათ შორის ჩვენს პროფესიაში უპასუხისმგებლო პასუხისმგებლობაა.
ირღვევა თუ არა დღეს ჟურნალისტების უფლებები და ზოგადად რას ფიქრობთ, იციან თუ არა ქართველმა ჟურნალისტებმა თავიანთი უფლებები?
– ჟურნალისტების უფლებები ირღვეოდა ყველა ეპოქაში და ახლაც ირღვევა. რა თქმა უნდა სხვაობა არის. ზოგჯერ ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა სისტემურ ხასიათს ატარებდა. საქართველოს ისტორიაში ახლახანს იყო, როგორც ცალკეულ ჟურნალისტთა უფლებების ხშირი დარღვევის, ისე მედიასაშუალებებზე გავლენის, ზეწოლის ცხრაწლიანი პერიოდი. დიახ, ხელისუფლება სრულად აკონტროლებდა, ძირითად ნაციონალურ სატელევიზიო არხებს. აქვე ნურავინ იფიქრებს, რომ ჟურნალისტთა უფლებების ხელყოფით საქართველო „გამორჩეულია“. ჩვენი კოლეგების უფლებები ირღვევა ყველგან, მათ შორის შემდგარი, ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა არ არის საჭირო. სხვა საკითხია, რომ ჩვენგან განსხვავებით, იქ ხელისუფლებისა და საზოგადოების რეაქცია ადეკვატურია. ხელისუფლების ბრძანებითა და პოლიტიკური ნიშნით სამართალდამცავების ტელეკომპანიაში შეჭრა, სპეცოპერაციის ჩატარება, ჯერ დარბევა და შემდგომ მესაკუთრისთვის ქონების ჩამორთმევა ძნელად წარმოსადგენია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუსჯელი დარჩეს. კიდევ უფრო წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურმა გუნდმა რამდენიმე წლით ხელისუფლება შეინარჩუნოს და შემდეგ უკვე მთავარ ოპოზიციურ ძალად მოგვევლინოს. ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს. რატომ? მიზეზი ბევრია. მოკლედ მოგახსენებთ – ასეთია დაბალი პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურის მქონე საზოგადოების ხვედრი. იციან თუ არა ჟურნალისტებმა თავიანთი უფლებები? რა გითხრათ, ვიღაცამ იცის და ვიღაცამ ალბათ არა. საკუთარ უფლებათა ცოდნა აუცილებელია, თუმცა ის არ გვიცავს მათი დარღვევისგან, ის მხოლოდ გვეხმარება ვიცოდეთ ირღვევა თუ არა ჩვენი უფლებები. აქვე დავსძენ, საკუთარი უფლებების ცოდნის პარალელურად უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს სხვათა უფლებები, რათა არ დავარღვიოთ ისინი.
ჟურნალისტების მეტყველება ხშირად მისაბაძი მაგალითი ხდება, შესაბამისად ენის სიწმინდის საკითხში მათ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რას ფიქრობთ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ხშირად დაშვებული შეცდომები ხომ არ გამოიწვევს ქართული ენის, როგორც დომინანტი ენის დაკნინებას?
– ჩემი კოლეგები ეკრანიდან საოცრად „დახვეწილი“ ქართულით მეტყველებენ. ეს ისე, ხუმრობით, სადაც იყო სიმართლე და არაფერი სხვა სიმართლის გარდა. ენა ცოცხალი ორგანიზმია და მისთვის უცხო არ არის ბარბარიზმების დამკვირდება. ენას გაფრთხილება უნდა. სასურველია გვახსოვდეს, რომ ეკრანიდან ე.წ. ჟარგონით, ან უცხო სიტყვათა ხშირი გამოყენებით, მეტყველება ჩვენი ორიგინალურობისა და განსხვავებულობის და მით უფრო განსწავლულობის დასტური არ არის. ვერავინ ვერასდროს დამისაბუთებს, რომ სიტყვა მგრძნობიარეზე აღმატებული სენსიტიურია. სხვა მრავალი მაგალითიც არის. დავზოგოთ დრო…
მედიის წარმომადგენლებმა რა მოვუხერხოთ იმ სიტყვების, რომლებიც ტექნიკურ პროგრესთან ერთად გავცელდა და ქართულ ენაშიც დაიმკვიდრა ადგილი?
– საკამათო არ არის რომ, ტექნიკური პროგრესი ენას დაღს ასვმას. ეს რთული პროცესია და რა შეიძლება მას დავუპირისპიროთ? მშობლიური ენის სიღრმისეული ცოდნა, მდიდარი ლექსიკა და გაცნობიერება იმისა, რომ მშობლიური ენა არა მხოლოდ კონტაქტის დამყარების, ნაფიქრალ-ნააზრევის, გადაცემის, ანუ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ის არის ღირებულებათა სისტემის საყრდენი, ენის გენეტიკური კოდი.
დღეს ხშირად ამბობენ, რომ იქ, სადაც უნდა იყოს ჟურნალისტიკა, არის პროპაგანდა, ანუ მედიამ პროპაგანდისტული მანქანის როლი იტვირთა…
– გეთანხმებით, თუმცა ნაწილობრივ და აი რატომ? პირველი – არა მხოლოდ დღეს და მეორე – არა მედიამ, არამედ ცალკეულმა მედიასაშუალებებმა. პარადოქსია, მაგრამ დღეს, მედიის ქოლგის ქვეშ, ერთმანეთის გვერდით დგანან ტელეკომპანიები: „რუსთავი-2, „იმედი“, „მაესტრო“, „კავკასია“ და სხვა. ახლა ამ ჩამონათვალიდან თქვენ და მკითხველმა თავად განსაჯეთ სად და რა დოზით არის პროპაგანდა, სად არის პროპაგანდისტული მანქანა და სად არის მედიასაშუალება. აქვე გეტყვით, რომ იშვიათია მედიასაშუალება, რომელსაც ძალზედ იშვიათად მაინც არ დაკრავს პროპაგანდისტული ელფერი.
გლობალიზაციის უწყვეტი პროცესისა და ტექნოლოგიური პროგრესის საუკუნეში ჩაანაცვლებს თუ არა სოციალური მედია ტრადიციულ მედიას?
– რატომ ჩაანაცვლებს? რატომ მომავალში? ეს პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ყოველივე არატრადიციულის ტრადიციულზე შეტევის ეპოქაში, იმედს ვიტოვებ, რომ ტრადიციული სხვა თუ არა, მედია მაინც გადარჩება.
საზოგადოებრივი მაუწყებელს ვაფინანსებთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად პასუხისმგებლობა და მოთხოვნაც მაღალია. რას ფიქრობთ აკმაყოფილებს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების მოთხოვნას?
– არა და არც შეიძლება სხვაგვარად იყოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების მოთხოვნებს, რომ აკმაყოფილებდეს, საამისოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი უბრალოდ უნდა არსებობდეს. ქართულ სამაუწყებლო სივრცეში მე ასეთ მაუწყებელს არ ვიცნობ და არ მიყვარს საუბარი იმაზე, რაც არ არსებობს. თუ ვინმეს თბილისში, მ. კოსტავას ქ. N 68 – ში, შენობის ფასადზე შეცვლილი აბრა ატყუებს, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი და ჩემთან ერთად ყველა იმ მაყურებლის და მსმენელის, ვინც ზოგადად იცის რა პრინციპებზე, რა საძირკველზე და როგორ ყალიბდება საზოგადოებრივი მაუწყებელი. კარგად და სიღრმისეულად იცნობს საქართველოში სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის გამოცდილებას.
რა მიგაჩნიათ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ პრობლემად?
– აკი მოგახსენეთ ის უბრალოდ არ არსებობს. იმთავითვე მკვდრადშობილი ინსტიტუციაა. ასეთია ქვეყნის მთავარი ტელევიზიის ნგრევის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. ამ ფონზე რას მთავაზობთ, რომელი ერთი პრობლემა გამოვყო. თუ კატეგორიულად მოითხოვთ დავასახელებ, თუმცა ის სცდება ჟურნალისტიკის და მით უფრო ტელეხედვის სფეროს. დაუსჯელნი არიან ამ პოლიტიკის იდეოლოგები და მისი შემსრულებლები. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პოლიტიკური საზღაური გადახდილია და ეს სავსებით საკმარისია, ძალზედ ცდება. ნურავინ იფიქრებს, რომ ვინმეს ჩამოხრჩობის მომხრე ვარ, არა. ვთვლი, რომ ყველას, ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასამარებაში ბრალი მიუძღვის, სულ ცოტა, რამდენიმე წლით დუმილი უნდა მიესაჯოს. გაგიკვირდებათ, მაგრამ დუმილის მისჯის მიღმა, სხვებისთვის ჭკუის სწავლებისა და მორალის კითხვის აკრძალვას ვგულისხმობ. ეს სასჯელი მემეტება მათ შორის „ნაცების“ პარტნიორებისთვის, უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც წლების მანძილზე ძუძუს გოჭებივით იყვნენ გატრუნულები და მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ამოიღეს ხმა. იმხანად საკუთარი სამუშაო ადგილების გადასარჩენად სახელდახელოდ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრებს ვგულისხმობ. მინდა ვკითხო თითოეულ მათგანს – რატომ დუმდნენ, რატომ არაფერს ამბობენ ახლა და რას ისახავდა მიზნად ხმის ამოღების უბადრუკი მცდელობა.
რა მიმართულებები უნდა იყოს გამოკვეთილი და როგორი უნდა იყოს ქვეყნის მთავარი ტელევიზია?
– მრავალი წლის მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებელის I არხი იყო ნიმუში იმისა, როგორი არ უნდა იყოს ტელევიზია. ვითარება არც 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე შეცვლილა. რატომ? მით უფრო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებისთვის დაბრუნების თაობაზე წინასაარჩევნოდ დაპირებაც იყო. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების შედეგებზე პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო. ალბათ ამ პასუხისმგებლობის შედეგია ის, რომ „ნაცების“ მმართველობის პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულმა ერთმა სამეურვეო საბჭომ იბარტყა და ახლა ერთის ნაცვლად ორი გვაქვს. მერწმუნეთ ეს ის შემთხვევა არ არის, როცა სიმრავლე პროცესებზე სასიკეთოდ აისახება. პარადოქსია, მაგრამ ამ არხზე განსაკუთრებით იგრძნობა პროფესიონალიზმის დეფიციტი. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ კვალიფიციური კადრების მოსაზიდად და საინტერესო, შინაარსობრივად მრავალფეროვანი და რაც მთავარია სანდო მაუწყებლობის, სატელევიზიო ბადის შესაქმნელად, აუცილებელი დაფინანსება არის. მაშასადამე არ არის ნება. ყოველგვარი მორიდების გარეშე, უმოქმედობაში ბრალს ვდებ მმართველ კოალიციას. ქვეყნის მთავარი ტელევიზიის მიზანმიმართული ნგრევისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასამარების საქმეში, კოალიცია „ქართული ოცნება“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ღირსეული მემკვიდრეა, რაზეც აჭარაში სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის პროცესიც მეტყველებს. ქვეყნის მთავარ ტელევიზიას საზოგადოება უნდა ენდობოდეს. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა დღეს, როცა არსებობს ძალზედ ცუდი გამოცდილება.
მედიის მონიტორინგი, მონიტორინგი იმისა თუ რა დაიბეჭდოს და გავიდეს ეთერში, უნდა…
– უკაცრავად, თავად მაქვს კითხვა. მონიტორინგი ვისი მხრიდან? უცენზურობის შიშით ასე ჩვენ შეიძლება ცენზურამდე მივიდეთ. არსებობს ჟურნალისტური საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები – კანონმდებლობა, ეთიკის ნორმები. რაიმე სახის დამატებითი რეგულაციების დაწესება არამიზანშეწონილად მიმაჩნია. თუმცა კითხვის პათოსი ჩემთვის გასაგებია. ჩვენს პროფესიაში განსაკუთრებით იგრძნობა პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული თავისუფლებისა და სოციალური თავისუფლების გაგების დეფიციტი. არ შეიძლება უზნეობის გამართლება იმით, რომ ეს გაყიდვადია და ასეთია საზოგადოების დაკვეთა. კატეგორიული უარი ცენზურას და ძლიერი, მიუკერძოებელი მედია კრიტიკა, ასეთია ჩემი პოზიცია…
გაქვთ თუ არა კონკრეტული იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს და განვითარდეს მედია სივრცე?
– მრავლად! (იცინის), ვინ არის დღეს დაინტერესებული მედიის გაუმჯობესებითა და განვითარებით? ოპტიმისტი, დიახ არ იფიქროთ, რომ მეშლება, სწორედ ოპტიმისტი ვიქნები და გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ამით დაინტერესებული შეიძლება იყოს ჩვენი საზოგადოების ძალზედ მცირე ნაწილი. უმრავლესობისთვის მისაღებია ის, რასაც მას მედია სთავაზობს. უმრავლეს შემთხვევაში, მედია ბაზარზე წარმოდგენილია საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ იაფფასიანი პროდუქცია, გაჯერებული ძალმომრეობით, გარყვნილობით, ხშირად ფაქტების დამახინჯებით, პროპაგანდისტული ინტეპრეტაციით. შეფერილობა? მეტწილად ყვითელი. შესაბამისად, მედია საშუალებების დიდი ნაწილი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ „ნეტარი“ უმრავლესობის ინტერესებს ითვალისწინებს და ამით საზრდოობს. რაც შეეხება საზოგადოების მეორე, მცირე ნაწილს, ეს ჩვენი დროების არაპოპულარული უმცირესობაა და შესაბამისად მედიასაშუალებათა დიდ ნაწილს მისი ინტერესები რბილად, რომ ვთქვათ უბრალოდ არ აინტერესებს. სამართლიანობა მოითხოვს და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მედია ბაზარზე მათი ინტერესების გათვალისწინება ფინანსურად წამგებიანია და დროსა და სივრცეში, სადაც სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა შორის არჩევანი დიდი და აშკარა უპირატესობით მატერიალურის სასარგებლოდ გაკეთდა. მედიასაშუალებათა უმრავლესობის ეს პოზიცია გასაკვირი არ არის. უმჯობესდება და ვითარდება ძირითადად ტექნიკური საშუალებები, იხვეწება გამოსახვის ფორმები. არსებითია ვინ რას მოიაზრებს მედიის „გაუმჯობესებისა და განვითარების“ მიღმა. ჩემთვის ეს არის ინტერესთა გათვალისწინების არსებული და ჩემ მიერ აღწერილი ბალანსის უმცირესობის სასარგებლოდ შეცვლა. ამ პროცესის ლოგიკური შედეგი იქნებ, მედია ბაზარზე შინაარსობრივად ღირებული, იმ პროდუქციის წარმოჩენა, რომელიც საზოგადოებაში აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. მოაზროვნე საზოგადოება სულ სხვა სტანდარტებს დაუწესებს მედიას და ისიც იძულებული იქნება მუდმივად იზრუნოს თვითგანვითარებაზე.
ჟურნალისტების როგორი ნაკადი მოდის? თუ გამოყოფთ თქვენთვის საყვარელ უკვე მოქმედ ჟურნალისტს?
– ნაკადი კრებითია და ზოგადი. შესაბამისად ისე, როგორც ყველა სხვა პროფესიაში, აქაც ვიღაცა აკმაყოფილებს ჩვენი დროების სტანდარტებსა და გამოწვევებს და ვიღაცა არა. განსაკუთრებული ამაში არაფერია, ყოველთვის ასე იყო. რაც შეეხება საყვარელ ჟურნალისტს, მას მაშინაც კი ვერ ვხედავ, როცა სარკეში ვიხედები.
ესაუბრა
ლაკო ბიტ-ბაბიკოვი