საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ დავით კერესელიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი 15-17 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვევა.
მისივე თქმით, ეს გიორგი მარგველაშვილის საპასუხო ვიზიტია.
“პრეზიდენტი შეხვდება ლატვიელ კოლეგას, ასევე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. განსახილველ საკითხებს შორის არის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში. ასევე რიგის სამინიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგი”- განაცხადა კერესელიძემ.
პრესსპიკერის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები ქართული და ლატვიური ბიზნესწრეების წარმომადგენლების შეხვედრას გახსნიან, საქართველოს პრეზიდენტი წაიკითხავს საჯარო ლექციას ლატვიის უნივერსიტეტში, ის მოინახულებს ლატვიის ოკუპაციის მუზეუმს და თავისუფლების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს.