საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვე-პროგრამა 2“-ის სასესხო ხელშეკრულების პროექტს.
ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ხოლო აზიის განვითარების ბანკის მხრიდან – საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა.
მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ჯამში 75 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას გამოუყოფს.
პროგრამის ძირითადი მიზანი სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით შიდა რესურსების ეფექტური მობილიზებაა. პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხა სრულად მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
აღნიშნული სასესხო ხელშეკრულება წარმოადგენს სამ წლიანი პროგრამის ნაწილს. პროგრამის ფარგლებში 2014 წელს ADB-სა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, პირველი ქვე-პროგრამით ჩამოირიცხა 73.5 მლნ აშშ დოლარი, რომელიც ასევე მიიმართა სახელმწიფო ბიუჯეტში.