შპს „სოფლიდან“, რომელიც მომხარებლისთვის ცნობილია საიტით www.soplidan.ge 2015 წელს დაარსდა. კომპანიის მიზანი სოფლის ჯანმრთელი პროდუქტის მიწოდებაა თბილისის მოსახლეობისთვის.
საიტზე შეკვეთების მიღება ყოველდღე ხდება, ხოლო პროდუქტის ადგილზე მიწოდება კვირაში სამჯერ. კომპანია დარეგისტრირებულია სურსათის ეროვნულ სააგენტოში, როგორც ბიზნეს ოპერატორი, რაც კომპანიას ვალდებულს ხდის გააკონტროლოს და დაიცვას პროდუქტის ტრანსპორტირების, შენახვისა და დაფასოების წესები. შპს „სოფლიდან“ პროდუქტს იძენს პირდაპირ გლეხებისგან საქართველოს სხვადასხვა სოფელში. მათი პროდუქტი ბრენდირებული, დაფასოებული და შეფუთულია.
კომპანიის შესახებ, მისი შექმნის მიზანზე, სამომავლო გეგმებზე „თბილისი თაიმსს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო მღებრიშვილი ესაუბრა.
რატომ და როდის შეიქმნა შპს „სოფლიდან“?
– კომპანია „სოფლიდან“ დავაარსეთ მე, ნინო მღებრიშვილმა და ნათია ნინიკელაშვილმა. მოგეხსენებათ, ჯანსაღი, ქართული, სოფლის პროდუქტის შოვნა თბილისში საკმაოდ რთულია.
ჩვენ თვითონ პირადად, ვიდექით ამ პრობლემის წინაშე. ორივეს პატარა ბავშვები გვყავს და ყოველთვის ვცდილობდით ოჯახისთვის სოფლიდან ჩამოგვეტანა ჯანსაღი პროდუქტები. აქედან წამოვიდა ეს იდეაც, რატომ არ უნდა ჰქონოდა მომხმარებელსაც საშუალება მარტივად, სახლიდან გაუსვლელად მიეღო სოფლის, ჯანსაღი პროდუქტი. 2 თვეა, რაც საიტი ამუშავდა და შეკვეთებს ვიღებთ.
როგორი იყო პროექტის შექმნის პირველი ეტაპი, რა სიძნელეები გადახდათ და რა გზა გაიარეთ start up -ის კაპიტალის მოძიებისთვის?
– სირთულეები იყო, რა თქმა უნდა. მთავარ სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ ასეთი საიტი ქართულ ბაზარზე არ არის და ჩვენც ვცდილობდით, ჩვენი მხრიდან, წინასწარ გაგვეთვალისწინებინა ყველა სახის მომხმარებლის სურვილი და მოთხოვნილება. საიტის შექმნაში და აწყობაში ძალიან დაგვეხმარა კომპანია „ჯეოფეი“.
რა არის თქვენი უპირატესობები, რატომ უნდა შეიძნოს მომხარებელმა თქვენი საიტიდან პროდუქცია?
– პირველ რიგში, ჩვენ მომხმარებელს ვაწვდით ჯანსაღ, ქართულ პროდუქციას პირდაპირ გლეხისგან.
დამეთანხმებით, რომ ძალიან დამღლელია გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, წახვიდე ბაზარში და ეძებო კონკრეტული პროდუქტი. ჩვენ ამ კომფორტს ვთავაზობთ მომხმარებელს.
ცუდი ამინდის, თუ სხვა დაბრკოლების მიუხედავად, შეუძლია წყნარად დაჯდეს კომპიუტერთან, აარჩიოს სასურველი პროდუქტი და ჩვენ მას სახლში მივართმევთ.
როგორია ფასები და არის თუ არა განსხვავებული იგი საბაზრო ფასებისგან?
– ჩვენ საქონელს გადამყიდველებისგან არ ვყიდულობთ, პროდუქტს ვიძენთ პირდაპირ გლეხებისგან, ასე ვთქვათ პირველი ხელიდან. ამას ემატება საიტისა და სახლში მიტანის ხარჯები. ჩვენს ფასები დიდად არ განსხვავდება ბაზრის ფასებიგან, მითუმეტეს ამას ემატება ისიც, რომ სახლში მიგვაქვს პროდუქცია.
როგორ უნდა შეიძინოს მომხარებელმა პროდუქცია, რა პროცედურები არის ამისთვის საჭირო?
– პროდუქტის შეძენა საიტიდან არის შესაძლებელი. მომხმარებელი არჩეულ პროდუქტს ამატებს კალათაში, შეჰყავს პირადი მონაცემები, როგორიცაა საკონტაქტო ნომერი და მისამართი, სადაც უნდა მივაწოდოთ პროდუქტი. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი გადახდის ფორმა: ონლაინ-ბარათით, ადგილზე-ნაღდი ფულით ან ადგილზე ბარათით.
რა სახის პროდუქციას ყიდით და რა სიახლეები გაქვთ დაგეგმილი მომავალში?
– როგორც ზემოთ მოგახსენეთ ჩვენი პროდუქცია არის სოფლის. რაც შეეხება ნატურალურ პროდუქტებს, გვაქვს – თაფლი, ნიგოზი, ფქვილი, ყველი, კვერცხი, ქათამი, კახური ზეთი, ბოსტნეული, ჩურჩხელა და სხვა.
ახლახანს დავამატეთ ღორის და ძროხის ხორცი, რაზეც დიდი მოთხოვნა იყო. ახლა წინა საახალწლო მზადება გვაქვს. დროთა განმავლობაში სულ უფრო გაიზრდება ჩვენი ასორტიმენტი.
ნათია კეკენაძე