ტავდაცვასაქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა. საუკეთესო მარშები 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულდება. შეიარაღებული ძალების სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს. მისი მიზანი ქართული სამხედრო სასულე მუსიკის განვითარება და ტრადიციების ჩამოყალიბებაა. კონკურსის შესახებ განცხადებები დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გააკეთეს. სამხედრო მარშების მნიშვნელობასა და ისტორიაზე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა კობა მერმანიშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ კახა ცაბაძემ კი საზოგადოებას კონკურსში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს. ღონისძიება სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. სამხედრო მუსიკოსებმა ქართველი და ამერიკელი კომპოზიტორების სამხედრო მარშებიც შეასრულეს. სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონმა“ კი კომპოზიტორ სულხან ცინცაძის მიერ შექმნილ კომპოზიციაზე, კაპიტან კობა მერმანიშვილის არანჟირებით, საბრძოლო ცეკვა „ხორუმი“ იცეკვა. საუკეთესო სამხედრო მუსიკის კონკურსი ორ ტურად ჩატარდება და სამ გამარჯვებულს გამოავლენს. კონკურსზე შემოსული ნაწარმოებების დემო ვერსია 30 აპრილს ჟიურის წევრებს გადაეგზავნება. 5 საუკეთესო ნაწარმოები, სწორედ, მათგან შეირჩევა. აღნიშნულ კომპოზიციებს სამხედრო-სასულე ორკესტრი შეასრულებს, რის საფუძველზეც ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს. დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს 1918-21 წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში განვითარებული სამხედრო სასულე მუსიკის ტრადიციების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა დაიწყო. ამ დროს ქუთაისში პირველი სამხედრო-სასულე ორკესტრი შეიქმნა, იგი მოგვიანებით საბჭოთა სამხედრო ორკესტრად გარდაიქმნა და, შესაბამისად, ქართული სასულე მუსიკა ვეღარ განვითარდა. დღეს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრს ოფიციალური შეხვედრებისას სხვა ქვეყნების სამხედრო მარშების შესრულება უწევს.

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები