ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის თემაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთკვირიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის მიერაა დაფინანსებული და ფინანსური მარეგულირებლებისა და ზედამხედველების კვალიფიკაციის ამაღლების ინიციატივის ფარგლებში ტარდება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობენ – ავღანეთიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, პაკისტანიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან და საქართველოდან,  ასევე ფინანსთა სამინისტროებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი სააგენტოებიდან.

შეხვედრაზე, რომელსაც პაკისტანელი და ავსტრალიელი საბანკო ექსპერტები უძღვებოდნენ  მარეგულირებლებმა ეფექტური გამჭვირვალობის სისტემები განიხილეს. გაეცნენ ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის უახლეს მიღწევებს. იმსჯელეს ისეთ საკითხებზე როგორიცა, გამჭვირვალობა მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, ასევე, კორპორატიული მართვის მეთოდები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ.

დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივმა წარმომადგენლმა საქართველოში, ქეითი მერი ჯულიანიმ მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს.

„მადლობა მინდა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს, რომელიც ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორია. რეფორმა, რომელიც საბანკო ზედამხედველობაში ხორციელდება უმეტესწილად აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებულია. დღევანდელი ღონისძიებაც ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური მაჩვენებლების გამჭვირვალობა, რისკების გამჟღავნება. ასევე ძალზედ მზარდია ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების როლი რეგულირებაში. როგორც წესი, ბუღალტრული სტანდარტები უფრო წარსულზეა ორიენტირებული, რეგულირება კი უფრო მომავალზე. ჩვენ ვცდილობთ აქცენტი მეტად გავაკეთოთ იმაზე, რომ შევისწავლოთ ისეთი საკითხების ზეგავლენა ფინანსურ სექტორზე, რომლებიც შესაძლოა მომავალში განვითარდეს. ამასთან, გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ეტაპობრივად ხდება ბუღალტრული სტანდარტების რეგულირებასთან უფრო მეტად დაახლოვება. შესაბამისად, თანამშრომლობა გარე აუდიტორებთან, ანგარიშგების სტანდარტების უფრო კარგად ცოდნა, ადრე არსებულთან  შედარებით გაცილებით მეტ მნიშვნელობას იძენს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ.

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის თემაზე სემინარების ჩატარებაში. ეს არის ჩვენი მცდელობა დავეხმაროთ რეგიონის ქვეყნებს ჯანსაღი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებაში, რომელიც  გამართულ საბანკო რეგულაციებს მოითხოვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრები ხელს შეუწობს საბანკო სისტემის გაუმჯობესებას და ქვეყანაში  დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივმა წარმომადგენლმა საქართველოში, ქეითი მერი ჯულიანიმ.

19.07.13

Please follow and like us: