ალბათ არასდროს მოგაფიქრდებოდათ, რომ ისეთი გამოგონებების, როგორიცააა: ნაძვის ხის სათამაშოები, ავტომატური საწერი კალამი, ნაძვის ხის ნათურები თუ ცათამბჯენების საშენი მასალის გამომგონებელი ქართველი იქნებოდა. ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი იყო, რომელმაც უდიდესი კომპანია შექმნა და მილიონები საკმაოდ მოკლე ხანში იშოვნა.
ცათამბჯენების ასაშენებლად საჭირო უმთავრესი მასალის ე.წ. ზემდგრადი მინაბლოკისა და წყალგამძლე ცემენტის გამოგონების იდეა გიგა კობახიძეს ჯერ კიდევ მაშინ დაებადა, როდესაც 10 წლის ასაკში სახლიდან გაიპარა და ბორჯომის მინის ქარხანაში მუშაობით თავს ირჩენდა.
1907 წელს პოლონეთის გავლით გერმანიაში წავიდა, სადაც შუშის პროდუქციის დამამზადებელ პატარა საწარმოში დაიწყო მუშაობა.
1909 წლის 1 აგვისტოს, 26 წლის გიგო კობახიძე ნიუ-იორკში ჩავიდა. 9 წელი მუშაობდა ცოლთან ერთად „ჯენერალ ელექტრიკის” ფირმაში და ფულს აგროვებდა თავის საქმის დასაწყებად. 1919 წელს როდესაც მან მუშაობით თანხა დააგროვა, ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ეტლებოროში შუშის ქარხნის გამართვა დაიწყო.
„The Coby Glass products company”-ის ბრუნვა 15 მილიონ დოლარს შეადგენდა.
კობიმ გადაწყვიტა, რომ სიახლეც დაენერგა და დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. „Babel Lamps”, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც „ორნამენტი” უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა „კობი”. საშობაო ხის ორნამენტები, „კობი – ეს შობაა”.
ჯორჯ კობი ხშირად ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს, არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც.
მას საქართველოშიც უნდოდა ინვესტიციების განხორციელება, მაგრამ ბოლშევიკებმა ამის უფლება არ მისცეს. მან მაინც მოახერხა, თავის მშობლიურ სოფელში სკოლა, სამედიცინო პუნქტი და ეკლესია აეშენებინა.
იგი ავტორია შემდეგი გამოგონებების: ავტომატური საწერი კალამი, სამედიცინო მინის ამპულა, მინის ნაძვის ხის სათამაშოები და ფერადი მინის ელექტროსანათები.
გრიგოლ კობახიძეს შვილი არ ჰყავდა. 1948 წელს, როცა მას ორი ქარხანა ჰქონდა და ცოლის დახმარებით უძღვებოდა ბიზნესს, გივი კობახიძეს სთხოვდა, კომპანიონად გერმანიაში მისთვის მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნა. წერილებიდან ჩანს, რომ მას თავის დროზე უნდოდა ძმისშვილები, ან ახლო ნათესავები ჩაეყვანა ამერიკაში და წარმოებაში ჩაება, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო მათთან ურთიერთობა სულაც შეწყვიტა, რათა ისედაც დაზარალებულ ოჯახს მის გამო ახალი რეპრესიები აღარ დატეხოდა. როცა გივი კობახიძე ამერიკაში ჩაიყვანა და მასთან მუშაობა შესთავაზა, აგრძნობინა კიდეც, რომ მემკვიდრეობის უფლებასაც მიანიჭებდა, მაგრამ 2 წლით მუშაობის შემდეგ, გივი გამოემშვიდობა კეთილისმყოფელს და თავის პროფესიას, ექიმობას მოჰკიდა ხელი. რაკი ქართველი ვერავინ დააინტერესა წარმოებით, გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები – ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებიც გახდნენ კიდეც მისი საქმის გამგრძელებლები. 84 წლის გრიგოლ კობახიძე 1967 წელს გარდაიცვალა. პაგლისებს დავიწყებისთვის არ მიუციათ ჯორჯ კობის ღვაწლი და არც სახელი შეუცვლიათ წარმოებისთვის.
დღესდღეობით, „The Coby Glass products company-ი” კვლავ არსებობს და ძირითადად, ნაძვის ხის სათამაშოებს აწარმოებს.
ნატალია ჯალაღონია