სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჩართულობის მხრივ ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კანონპროექტების ინიციატორი სახელმწიფო უწყებები დააჯილდოვა.
საგრანტო პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო გადაეცა საქართველოს კანონის პროექტის – „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მომზადების პროცესში კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისთვის.
შეხვედრაზე IDFI-ის ესტონელმა კოლეგებმა – ექსპერტმა პრაქსისის საჯარო პოლიტიკის კვლევის ცენტრიდან ჰილლე ჰინსბერგიმ და სავაჭრო ასოციაციის ხელმძღვანელმა რიინ სავიმ სამოქალაქო ჩართულობის ესტონური გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.
დაჯილდოვების ცერემონიალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი ესწრებოდა.