“ამ სამივე ტელევიზიას საერთო მაუწყებლის ლიცენზია ვერ შეუნარჩუნდება, ჩვენი კანონმდებლობით ეს აკრძალულია. ერთ-ერთმა უნდა დაიტოვოს საინფორმაციო ბლოკი”. ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველზე”, გადაცემა “ინგა გრიგოლიას დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.
“ამ კანონით რისკები არის დაზღვეული. ერთი მფლობელის ხელში არ შეიძლება რამდენიმე ლიცენზია არსებობდეს. დრამატიზება არ არის საჭირო, საინფორმაციო ბაზარი არ არის მონოპოლიზებული. ამ გაერთიანებით სეგმენტი სუფთავდება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ეს უდაოდ პოზიტივია.ეს კოორდინაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისედაც არსებობდა. “იმედი”, “მაესტრო”, “GDS”, ეს ტელევიზიები ჩემთვის დიდი ხანია დახურულია. როდესაც ტელევიზიებში შავი სიები კეთდება, ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ძალიან ცუდია.
არსებობს ეკონომიკური რისკებიც. მედიის კომერციალიზაციაზე თუ ვსაუბრობთ, აუცილებელია რეკლამა. რეიტინგის მზომავი კომპანიებიდან ერთ-ერთი ამ ჯგუფთან ასოცირდება. კანონმდებლობის ცვლილება პირველ რიგში ამ კუთხით უნდა მოხდეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნდობა მზომავი კომპანიების მიმართ. ასეთი კომპანია უნდა იყოს დამოუკიდებელი, არც პირდაპირი და არც ირიბი კავშირი დაინტერესებულ მხარესთან არ უნდა იკითხებოდეს. მარეგულირებელი კომისია თავისი შემოსავლებით უნდა ქირაობდეს ამ კომპანიას”.
გია ხუხაშვილმა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზეც ისაუბრა.
“გიორგი კვირიკაშვილის გულშემატკივარი ვარ.მან ეს სადღეგრძელოსავით თქვა ისე, რომ არაფრით დაუდასტურებია, მაგრამ თუ ეს წელი იქნება მაგარი წელი, მასაც ტაშს დავუკრავ, გამიხარდება და შევუერთდები ამ წარმატებას. ჯერ ჯერობით ეს მხოლოდ სიტყვებია”.
მანანა ღოღობერიძე