„საშიშია,რომ ამ თავისუფლებამ არ გამოიწვიოს ისეთი ნაკადი,რომ სინანული მოჰყვეს.ყველა ადამიანი უნდა იყოს იმდენად ინფორმირებული, რომ პატარა შეცდომებს არ ჰქონდეს ადგილი და საზღვარზე მისული უკან არ მოაბრუნონ“. ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების შესახებ, ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ, ტელეკომპანია „იბერიაზე“, გადაცემა „პანორამას“ეთერში ისაუბრა.
„დადგა ეს ნანატრ–ნაჯახირევი მომენტი და მთელი ქვეყნისთვის მოსალოცია. ეს ადგილობრივი ძალისხმევის და ევროპის შეგნებული კეთილგანწყობის შედეგია. ამ მოვლენას ორი მხარე აქვს, თავისუფლება ბუნებრივია კარგია,მაგრამ მეორე მხრივ, მაინც იქნება შეფერხება. საყურადღებოა ევროპელი პარლამენტარების განცხადებები, რომლებმაც გაგვაფრთხილეს, რომ ამას შესაძლოა მოჰყვეს კრიმინალის ზრდა.
ამ ახალ მოვლენას სჭირდება პროპაგანდას და ხელშეწყობა, ინფორმაციის მიტანა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობამდე. წარმოიშვა წინაპირობა, რომ დაიძაბოს ურთიერთობა დე–ფაქტო ხელისუფლებასა და მის მოსახლეობას შორის. ხალხს მოუნდება ევროპაში წასვლა, მათი მთავრობა კი უარს ეტყვის“.
ნუგზარ რუხაძემ ანალიტიკური საუბრისას, აშშ–ის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა შეაფასა და ტრამპის საწინააღმდეგო კამპანიაც განიხილა.
„ყველანაირი პროგნოზი,რომელიც დონალდ ტრამპს უკავშირდება, განწირულია ნაცარში ჩავარდნისთვის. ტრამპი გულწრფელად მეცოდება, მან ძალიან დიდი სირთულეების წინაშე დააყენა თავი. ცხოვრების წესი მთლიანად შეცვალა, აღმოჩნდა ამერიკული საზოგადოების წინაშე, წინააღმდეგობრივ პირობებში. თუმცა, ტრამპი უკან არასოდეს დაიხევს. თითქოს ამერიკა დაიღალა მოწოლითი ემიგრაციით. ეს არა მხოლოდ ფერს უცვლის ამერიკას, მის ცხოვრების წესს თავიდან ქმნის. ტრამპს აქვს პრეტენზია, რომ მსოფლიო წესრიგი შეცვალოს და ამავე დროს ვაშინგტონის ისტებლიშმენტთან აქვს ხელჩართული წინააღმდეგობა.
საერთაშორისო ორგანიზაციების სიმყარე, რყევებს განიცდის. ეს ორგანიზაციები არიან მშვიდი, ნელი , ბიუროკრატიული, არხეინი და ჩვენ რომ გვგონია, იმდენ საქმეს ვერ აკეთებენ. შესაბამისად, ტრამპი საკმაოდ ცინიკურად არის განწყობილი ამ ორგანიზაციების მიმართ,“–განაცხადა ნუგზარ რუხაძემ.
მანანა ღოღობერიძე