საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ სამსახურში დასაქმების მსურველთათვის ღია კონკურსს აცხადებს.
როგორც „თბილისი თაიმსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონკურსის მიზანია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობებისა და დიპლომატიური სამსახურის რეზერვის შევსება შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებით.
საგარეო უწყების ინფორმაციით, დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება აქვს, რეზერვში ყოფნის პერიოდში ახორციელებდეს ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის დრო ითვლება დიპლომატიური სამსახურის სტაჟში. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადა 3 წელია.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფს დიპლომატიურ სამსახურში შესვლის თანაბარ შესაძლებლობებს მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ვაკანტური თანამდებობების, კონკურსის ვადებისა და პროცედურების, ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge.