საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2017 წლის 24 მაისს ინტერნეტგადაცემა „ბავშვების დროს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც ბავშვის კერძო სივრცეშია გადაღებული და ბავშვის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირადი ხასიათის ინფორმაციის გავრცელებით, შეილახა ბავშვის ღირსება და რეპუტაცია, რამაც შესაძლოა მომავალში დამანგრეველი ეფექტი იქონიოს მის პიროვნულ განვითარებაზე.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ უფლება საკუთარ გამოსახულებაზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ამ უფლების შეზღუდვის გამართლება კიდევ უფრო რთულია იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირად სივრცეში იმყოფება და მესამე პირებისგან მის კერძო სფეროში ჩარევის მოლოდინი არ აქვს.

ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, დაუშვებელია ბავშვის პირად ცხოვრებაში ჩარევა ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ვითარება, როდესაც მშობელი თავის მდგომარეობას ბოროტად იყენებს და ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ლახავს, თავის მხრივ კი, მედიასაშუალება, ბუნდოვანი მიზეზებიდან გამომდინარე, ბავშვის შესახებ პირადი სახის ინფორმაციას საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

არასრულწლოვანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას აუცილებელია, მედია განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ინფორმაციის მომზადების და გაცემის პროცესს და დაიცვას ის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით არის გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მედიასაშუალებებმა უარი უნდა თქვან ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის ორგანოს – საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აღნიშნულ შემთხვევაზე რეაგირების მიზნით, გაატარონ ყველა შესაბამისი ღონისძიება მათი კომპეტენციის მიხედვით.

 

(Visited 31 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*