„სურბ გევორგის“ სომხური ეკლესია თბილისის უძველეს უბანში, ნარიყალას ძირში მდებარეობს. ტაძარი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სომხური სათვისტომოს მთავარი ეკლესია იყო, და ამჟამადაც საქართველოში სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარია. შუასაუკუნეების წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „კათოლიკე სურბ ასტვაწაწინ“, რაც ღვთისმშობლის კათოლიკე ეკლესიას ნიშნავს, მოგვიანებით ცნობილ მოედანზე მდებარეობის გამო მეიდნის „სურბ გევორგი“ ან „ბერდი მეწ ეკეღეცი“ ეწოდებოდა, რაც ციხის დიდი ეკლესიას აღნიშნავს.
მონღოლთა შემოსევების დროს თბილისი მრავალი სომხისთვის უსაფრთხო თავშესაფრად იქცა. ერთ–ერთი მათგანი იყო შეძლებული ვაჭარი მანაზკერტიდან, სახელად უმეკი, რომელიც თავის ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვიდა.
ტაძრის დასავლეთ კედელზე სომხური წარწერა ყოფილა, მაგრამ ჩვენამდე არ მოუღწევია. წარწერის თანახმად, რომლის შესახებაც ცნობა გაზეთ „არარატის“ 1850 წლის ერთ-ერთ გამოცემაშია დაცული, ღვთისმშობლის ტაძარი აქ უმეკის თაოსნობით 1251 წელს აშენდა.
შუასაუკუნეებში თბილისის სურბ გევორგის ეკლესიასთან კალიგრაფიული სკოლა არსებობდა, რომლის პირველი ცნობილი ხელნაწერი, მე-14 საუკუნის სახარება, ვენეციაში ინახება.
მე-17 საუკუნის დასაწყისში შაჰ აბას I-ის შემოსევების დროს ეკლესიის მიდამოები მაჰმადიანებმა დაიპყრეს. 1770-იან წლებში ერეკლე II-ს მეიდნის ეკლესია კვლავ სომხებისთვის დაუბრუნებია. ამ დროიდან მოყოლებული ხალხი მას ხშირად სურბ გევორგს უწოდებდა, რათა ნორაშენის სურბ ასტვაწაწინისგან გაერჩიათ.
ეკლესიის ეზოში დასაფლავებულნი არიან სხვადასხვა პერიოდის სომეხი მოღვაწეები, სასულიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ტაძრის ამშენებელი უმეკი და მისი მოგვარეები. აქ დაკრძალულთაგან ცნობილია ერეკლე მეფის კარის პოეტი და მომღერალი საიათ-ნოვა.
2014 წელს ეკლესიის შიგნით, დასავლეთ ნაწილში მიწაში ჩადგმული ქვევრი და თონე აღმოაჩინეს – სავარაუდოა, რომ შენობის ადგილას ძველად საცხოვრებელი სახლი უნდა ყოფილიყო. სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, რომელშიც ქართველი და სომეხი კოლეგები მონაწილეობდნენ, დასრულდა ფრესკების რესტავრაცია.
ტაძარში ლოცვა რეგულარულად ტარდება. კვირა დილით ტაძრის შიდა აივანზე შეკრებილ მომღერალ ქალთა გუნდი და საეკლესიო მუსიკა გულგრილს არავის დატოვებს. სურბ გევორგის კარი ყოველთვის ღიაა როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე უცხოელებისთვის.
წყარო: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის კარენ მათევოსიანის კვლევის მიხედვით
armenianchurch.ge
მარიამ ქალებაშვილი