ავტოსკოლებს შესაძლოა ავტორიზაციის გავლა მოუწიოთ. მართვის მოწმობის ასაღებად კი გამოცდაზე იმ პირებს დაუშვებენ, ვისაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ გავლილი. აღნიშნულის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, თუმცა, სამინისტროს პრესსამსახურში ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავს.

რა სახის დარღვევები არსებობს ავტოსკოლებში და რას შეცვლის ავტოსკოლების ლიცენზირება? ამ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავჯდომარე, დავით მესხიშვილი ესაუბრა

როგორ ფიქრობთ, უნდა გახდეს თუ არა ავტოსკოლებისთვის ავტორიზაცია სავალდებულო? რა სახის დარღვევები არსებობს ავტოსკოლებში? რას შეცვლის ავტოსკოლების ლიცენზირება?

ავტოსკოლების ავტორიზაცია სავალდებულო უნდა გახდეს, რადგან,  ავტოსკოლები დღეს კანონგარეშედ არიან გამოცხადებულები. ნებისმიერ მსურველს შეუძლია  შპს დაარეგისტრიროს,  კვალიფიკაციის არანაირი მოთხოვნები არ არსებობს. დღეს მომრავლდა ისეთი ავტოსკოლები, რომლებსაც არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვთ, არავინ არ იცის ინსტრუქტორები ვინ არიან… ეს მთელს მსოფლიოში არის ლიენზირებული საქმიანობა. შეიძლება აკრედიტაცია არ იყოს, ჯერ არ ვიცით ეს რა ფორმით იქნება, მაგრამ, ფაქტია, რომ ავტოსკოლების  ნაწილში მომრავლდა თაღლითური სწავლება. ისინი მართვის მოწმობის ასაღებად პირდაპირ ამზადებენ, ანუ კოდირების გზით, თუ დავუშვათ ავტომობილი არის ტესტში წითელი ფერის, პასუხი არის „ბ“, თუ იქ დგას ხე, პასუხი არის „ა“ და ასე შემდეგ. ჩვენ საბოლოო ჯამში ვიღებთ სისტემას, რომლის მიხედვითაც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია არც თეორიული და არც პრაქტიკული ცოდნა. როდესაც ვსასუბრობთ იმაზე, თუ რატომ არის ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა, პირველ რიგში ეს პრობლემა  განათლების სისტემაშია და სწორედ ამ მიმართულებით. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს საქმიანობა არაა ლიცენზირებული.

ლიცენზირება იქნება გარკვეულწილად პრობლემატური, იმიტომ რომ, ავტოსკოლების უმრვლესობა დანგრეულია, არ აქვთ მატერიალურ- ტექნიკური ბაზა. ვინაიდან მოთხოვნები არ არსებობდა, შესაბამისად, ისინიც ვერ განვითარდნენ. ჩვენ გვაქვს ასეთი პოზიცია, რომ სტანდარტებზე გადასვლა მოხდეს ეტაპობრივად და არა ერთიანად. არ შეიძლება, რომ ყველაფერი ერთბაშად მოვითხოვოთ, თუნდაც გერმანული სტანდარტი (გერმანული სტანდარტი საუკეთესოა..). ანუ,  ამ საკითხში ჩვენი პოზიციაა, რომ მოხდეს ეტაპობრივი გადასვლა და არ იყოს ეს ყველაფერი უცაბედი, იმიტომ რომ  ავტოსკოლები ყველაფერს ერთად ვერ დაძლევენ, ეს მარტივად გასაგებია. თუმცა, ჩვენ დავაარსეთ ავტოსკოლების ასოციაცია და  ურთიერთობა გვაქვს 300-მდე ავტოსკოლასთან. ისინი მხარს უჭერენ ლიცენზირების პროცესს იქიდან გამომდინარე, რომ მომრავლდა თაღლითური ჯგუფები. მაგალითად, მოგვისმენია განცხადება „ავტოსკოლა სახლში გამოძახებით“…

ეს საქმიანობა უნდა იყოს  ლიცენზირებულები, ინსტრუქტორები კი კვალიფიცირებულები. საბოლოო ჯამში შეიძლება შევძლოთ ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება. დღეს ჩვენთან ასეა გავრცელებული, რომ მართვის მოწმობა უნდა აიღოს ყველამ და რა პრობლემაა. ეს ასე არ არის. მართვის მოწმობას ბევრ ქვეყანაში ბევრი ადამიანი ვერ იღებს, იმიტომ, რომ არ აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები. მარტო სწავლა არ არის.  ყველა ვერ ხატავს, ყველა ვერ მღერის.. ასევე არის მართვაც.  როდესაც საჭეს მართავ, ეს, პრაქტიკულად, მეორე პროფესიაა. ასე რომ, ამ მოდელის დახვეწამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ რაც შეიძლება მცოდნე ადამიანებმა აიღონ მართვის მოწმობა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი არ უნდა გაატაროს, არამედ განათლების სამინისტრომ. მონიტორინგი კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუწიოს. მაგალითად, თუ რომელიმე ერთი ავტოსკოლიდან გამოცდაზე გავა 20 ადამიანი და ამ 20-დან 15 ჩაიჭრება, ესე იგი ამ ავტოსკოლაში კვალიფიკაციის პრობლემაა. ამიტომ, შს სამინისტრომ უნდა შექმნას ავტოსკოლების რეიტინგი და უნდა მოხდეს მათი მონიტორინგი.

უნდა გახდეს თუ არა ავტოსკოლებისთვის ავტორიზაციის გავლა სავალდებულო – ამ კითხვით „თბილისი თაიმსმა“ რამდენიმე ავტოსკოლასაც მიმართა:

ავტოსკოლა „Memo“ : „ავტოსკოლა ის სფეროა, სადაც აუცილებელია კვალიფიციური პედაგოგები და ინსტრუქტორები, რომ სათანადო ცოდნა გადასცეს მომავალ მძღოლს. დღეს არსებული სიტუაციით, არ მოეთხოვებათ სკოლებს  პედაგოგების სერთიფიცირება და სკოლის რეგისტრაციაც კი შსს-ს მომსახურების სააგენტოში თუ კატეგორიების გაცემა არ სურს, ეს ყველაფერი კი სიტუაციას უკონტროლოს ხდის და მხოლოდ სკოლის მფლობელთა კეთილ ნებაზე დამოკიდებული რჩება, რამდენად კარგად მოამზადებს ის მომავალ მძღოლს.“

ავტოსკოლა „ფორსაჟი“ : ჩვენთვის ეს ინფორმაცია სიახლე არ იყო, ამას უკვე დიდი ხანია ველოდით და უფრო მეტიც, მივესალმებით კიდევაცმოსწავლე თვითნასწავლი არ უნდა დაიშვებოდეს გამოცდაზე, მას უნდა ჰქონდეს განათლება მიღებული მაღალ დონეზე, უნდა ესმოდეს ის პასუხისმგებლობა რასაც მძღოლობა ქვია. დღეს კი საქართველოში მართვის მოწმობის აღება უმარტივესია, შეუძლია მსურველს 3 დღე დაჯდეს სახლში კომპიუტერთან და დაიზეპიროს ბილეთები…“

ნინი მაზიაშვილი

(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები