საქართველოში შემოსულ ტურისტებს ჩვენი ქვეყნის წინაშე, შესაძლოა, გარკვეული ვალდებულებები დაეკისროთ. გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, ავტომანქანის დაზღვევა საქართველოს მოქალაქეების გარდა, ავტომანქანით შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც გავრცელდება. ამის შესახებ კანონპროექტი უკვე განიხილება, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობა, ავტორი კი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურია.
კანონპროექტის მიზანია, დაარეგულიროს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოქნილი სამოქალაქო ურთიერთობები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას წარმოიშობა, რა დროსაც ზიანი მიადგა მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას. კანონპროექტი, სადაზღვევო პერიოდისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით, სადაზღვევო სატარიფო განაკვეთისა და სადაზღვევო ლიმიტის ოდენობას ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე; ქონებისათვის მიყენებულ ზიანის ფარგლებსა და სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის დათვლის წესს ადგენს.
საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო დაზღვევის პოლისის გარეშე გადაადგილებისათვის ჯარიმას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო საზღვრის კვეთის დროს (საქართველოს ტერიტორიიდან გასვლისას) საბაჟო დეპარტამენტი გასცემს.
ნინო ზარიძე