მთავრობის სხდომაზე ოთხით ნაკლები სკამი და საქართველოში ოთხით ნაკლები სამინისტრო იქნება. 13 ნოემბერს გაჟღერებული ცვლილებით, ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის, გარემოს დაცვის, ევროინტეგრაციის სამინისტროები უქმდება და ფუნქციები გადანაწილდება. ეკონომიკის მინისტრი ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სფეროსაც ჩაიბარებს, მიხეილ ჯანელიძეს კი საგარეო საქმეებთან ერთად ევროინტეგრაციის გამოწვევებთან ბრძოლა მოუწევს. გარემოს დაცვა მომავალში სოფლის მეურნეობის მინისტრის კომპეტენცია იქნება, ახალგაზრდულ მიმართულებაზე განათლების სამინისტრო იზრუნებს, ხოლო სპორტის განვითარება კულტურის სამინისტროს ხელში იქნება.
მთავრობის გუნდში „პორტირებული“ მინისტრების გარდა, ახალი სახეების გამოჩენაც თვალშისაცემია. განათლების სამინისტროს მიხეილ ჩხენკელი, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მამუკა ბახტაძე ჩაიბარებს. ხელისუფლებისთვის არა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ახალი სახეა გიორგი გახარია,რომელიც ეკონომიკის შემდეგ ძალოვან უწყებაზე აიღებს პასუხისმგებლობას.
ეს არის ცვლილებები ხარჯების დაზოგვისთვის, კადრების შემცირებისთვის თუ გუნდის ეფექტური საქმიანობისთვის, ამ კითხვებზე პასუხს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ითხოვს. მათი ნაწილი მთავარ პრობლემად გადაწყვეტილების ბუნდოვანებას მიიჩნევს, რადგან ჯერჯერობით უცნობია რამდენით, ან საერთოდ შემცირდება თუ არა ბიუროკრატიული ხარჯები. როგორც „გირჩის“ ლიდერმა „ტვ პირველზე“ ისაუბრა, სიტყვებით – ოპტიმიზაცია, ეფექტურობა, მოსახლეობას „ფარდას აფარებენ“ თვალებზე,თითქოს მართლა რაღაც ხდება. ზურაბ ჯაფარიძე რეორგანიზაციის პროცესს დაგვიანებულადაც მიიჩნევს.
„რატომ გადაწყვიტეს ახლა სტრუქტურული ცვლილებები და არა ერთი ან 2 წლის წინ. ახლა ეკონომიკური გამოწვევა არ არსებობს,რომელიც შარშან ან 5 წლის წინ არ არსებობდა“ , – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
გადაწყვეტილების, საჯარო განცხადებების, დაგეგმვის ბუნდოვანებაზე საუბრობას ასევე ჟურნალისტი გიორგი მიქანაძე. როგორც მან გადაცემა „რეაქციას“ ეთერში აღნიშნა, მთავარია ნიჭი და შესაძლებლობა, როგორ გამართავ ამ სისტემას. „არავინ ამბობს, რომ ვინმე წავა სახლში, თანამშრომლების გათავისუფლება მოხდება. ერთ-ერთ მინისტრს ჰკითხეს გამოიწვევს თუ არა ეს ცვლილებები უმუშევრობის ზრდას და არაო. ცვლილებები ამ მოტივით არ მომხდარა“ , – განაცხადა გიორგი მიქანაძემ.
მედიაში ყველაზე სადავო საკითხებიც გამოიკვეთა, სკეპტიკურად აფასებენ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებას. „ერთადერთი საკამათო შესაძლოა იყოს გარემოს დაცვითი მიმართულება“ , – აღნიშნა გია ხუხაშვილმა. საკადრო ცვლილებებს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. „გირჩის“ ლიდერი გიორგი ბახტაძის ფინანსურ და მენეჯერულ უნარებს კრიტიკულად აფასებს: „არ ვიცი ბახტაძემ რითი გამოიჩინა თავი, ფაქტია,რომ რკინიგზაში ტვირთბრუნვა და მოგებები არის შემცირებული. რაში გამოიხატება მისი წარმატება და რა მენეჯერული უნარებით გამოირჩევა არ ვიცი“.
მთავრობის ახალ სახეებთან კი „პრეტენზია“ არ აქვს გია ხუხაშვილს. მისი თქმით, ძალოვან და ფინანსურ უწყებებში პოლიტიკური ინტრიგებისთვის უცხო პერსონების გამოჩენა მომგებიანი იქნება.
„ძალის ცენტრი არის ფინანსური ნაკადები და ძალოვანი უწყებები. ამ ორ სამინისტროში მივიღეთ ორი ახალი კადრი,რომლებიც ე.წ ხალიჩისქვედა ბრძოლებში არ იღებდნენ მონაწილეობას. მათ არ მიუღიათ მონაწილეობა პოლიტიკურ თამაშებში, ინტრიგებში. ეს მათ უქმნით კომფორტს, რომ საბიუჯეტო წესრიგი დამყარდეს“ , – განაცხადა გია ხუხაშვილმა გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“.
ჟურნალისტი გიორგი მიქანაძე მთლიანად საკადრო პოლიტიკის ხარვეზებზე საუბრობს და მიიჩნევს,რომ კარგი კადრები ხელისუფლებაში მოსვლაზე უარს ამბობენ. „ერთი და იმავე კადრები მონაცვლეობენ სხვადასხვა პასუხისმგებელ თანამდებობებზე. სამინისტროებზე მეტად ძალა არის პიროვნებებში, რომ გავიხსენოთ კახა ბენდუქიძის ფაქტორი. ჯეჯელავაც იყო ასეთი,მაგრამ მას არ ჰქონდა ზურგი. ასეთი პოლიტიკის გამო კარგი კადრები ამბობენ უარს,რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში“ , – ამის შესახებ გიორგი მიქანაძემ „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.
ოპოზიციის კრიტიკას და რეორგანიზაციის ხარვეზებზე სატელევიო მსჯელობას მმართველი გუნდი პასუხობს. ცვლილებების დროულობასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს,რომ რეორგანიზაცია საზოგადოების მოთხოვნა იყო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ ისაუბრა, სამთავრობო ცვლილებების პრიორიტეტი ხარჯების დაზოგვა არ არის.
ყველაზე განხილვადი სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროების გაერთიანება აღმოჩნდა. ამ თემაზე გაჩენილ კითხვებს მაია ცქიტიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უპასუხეს. ხელისუფლება ამტკიცებს,რომ ამ სფეროების სპეციფიკა დრამატულად არ განსხვავდება და მათი გაერთიანებაც რისკისშემცველი არ არის.
„გარემოს დაცვის სამინისტროს ასევე ჩაბარებული ჰქონდა ბუნებრივი რესურსების მართვა. ტყის ფონდის მართვის ნაწილში გარემოს დაცვა გასცემდა ლიცენზიებს ტყით სარგებლობაზე. სოფლის მეურნეობა ხელს უწყობდა ამ პროცესს და ერთობლივად მუშაობდნენ“ , – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტოს აქამდე არსებულ თანაკვეთის წერტილებზე საუბრობს: „ბევრ პროგრამაზე ეს ორი სამინისტრო ერთობლივად ვმუშაობდით. ხშირად ეს ეხებოდა ქარსაფარ ზოლებს. რა თქმა უნდა არც ერთ წამოწყებას საფრთხე არ ემუქრება“.
საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციაზე, ე.წ სარისკო გაერთიანებებსა და ფუნქციების შერევაზე არსებულ კთხვებს ნაწილობრივ პასუხი 2017 წლის ბოლოს გაეცემა, როდესაც მომავალი წლის ბიუჯეტის განახლებული დოკუმენტი გასაჯაროვდება. მანამ კი რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტში დარეგისტრირდება.
მანანა ღოღობერიძე