თამარ ცირიკიძე ავტომატიზირებული სისტემების ინჟინერია. ხატვა სამი წლიდან დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო აკადემიაში გარკვეული მიზეზების გამო ვერ ჩააბარა, საყვარელი საქმიანობა არასდროს შეუწყვეტია. თავად დაიწყო ყველაფრის სწავლა და დღეს უკვე საკმაოდ წარმატებული თვითნასწავლი ხელოვანია.

ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, საქმიანობა, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია ბიზნესისთვის დაეკავშირებინა და შექმნა ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი „ეიფორია“, რომელიც დღეს დიდი მოწონებითა და სიყვარულით სარგებლობს მის ერთგულ მომხმარებლებში. „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას  დამფუძნებელი თამარ ცირიკიძე „ეიფორიის“  შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.

თქვენ შესახებ რომ მომიყვეთ,  საიდან გაგიჩნდათ იდეა დაგეწყოთ ეს საქმიანობა?

– ბავშვობიდან ვსწავლობდი ქსოვას, ქარგვას, სხვადასხვა გამოუყენებელი ნივთისგან  ვაკეთებდი კომპოზიციებს. შექმნილი მაქვს საეკლესიო ნაქარგები, რომლებიც რამდენიმე ტაძრის სატრაპეზოშია დაბრძანებული. დროთა განმავლობაში ვისწავლე დეკუპაჟი, მინაზე და  თიხაზე მუშაობა და აღმოვაჩინე, რომ ბევრ ადამიანს მოსწონდა ჩემი ნამუშევრები. სწორედ მათ შემომთავაზეს საყვარელი საქმიანობა ბიზნესისთვის დამეკავშირებინა.  დღეს ბევრი მომხარებელი მყავს, რაც ძალიან მიხარია და მით უფრო, როცა ჩემს სამკაულებს ვხედავ და ვცნობ  გოგონებზე ქუჩაში.ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა და სულ ვამბობ, რომ არა   დიდი სიყვარული,ფულის გამო ვერაფერს გავაკეთებდი, რადგან ძალიან დიდი შრომა სჭირდება ხელნაკეთი ნივთების დამზადებას.

როდის შეიქმნა „ეიფორია“ და საიდან მოდის ბრენდის სახელი?

– თავიდან ფეისბუკ გვერდი შევქმენი და თითოეული მოწონება და გამოხმაურება ძალიან მიხაროდა. თუმცა, სულ მალე, დაახლოებით ერთ წელში  მომხმარებელთა რაოდენობა 16 000 მდე ავიდა.  რაც შეეხება სახელწოდებას ფერები ძალიან მიყვარს. მინდა, ჩემს გვერდზე შემოსულმა სტუმარმა თავი ფერადოვნად და ბედნიერად იგრძნობს. მინდა, იფიქრონ, თითქოს ფერების ეიფორიაში მოხვდნენ.

 ძირითადად რა სახის ნივთებს ამზადებთ?

– ძალიან ბევრ რამეს ვამზადებ, მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება,ამიტომ მაქვს „ჩემეული“ ახალი მიგნებებიც ანუ ჩემი გამოგონებული ტექნიკა ნამუშევრების დამუშავების. უმეტესად ვაკეთებ სამკაულებს,ჭურჭლის დეკუპაჟს, ვქარგავ ლენტებით, გამიკეთებია ავეჯის რესტავრაცია, სახლის დეკორის ნივთები. ვერასდროს ვჩერდები,  მინდა კიდევ ბევრი რამე ვისწავლო და გავაკეთო. სირთულეები უფრო მიზიდავს.გაზაფხულს ველოდები, რომ ხელოვნური  დეკორატიული აგური დავამზადო და დავტესტო ჩემი სახლის კედლებზე.

რა მასალას იყენებთ ნამუშევრების შესაქმნელად?

– სხვადასხვა მასალა მჭირდება. სამხატვრო მასალა ძალიან ძვირია. ხანდახან ვცდილობ რამე სხვა მასალით ჩავანაცვლო. მიყვარს შერეული ტექნიკით დამზადება ნივთები. ერთდროულად შეიძლება გამოვიყენო თიხა, ფაიფური, ხე, ლენტები, თასმები, ხელოვნური თვლებიც. უცებ მომდის თავში იდეები, სპონტანურად და ვიწყებ შექმნას. ძირითადად ვიყენებ ფაიფურს, რომელსაც მე თვითონ ვამზადებ.

როგორია შექმნის პროცესი და რამდენად დიდი ადგილი უჭირავს  თქვენს ცხოვრებაში ხელოვნებას?

– თამამად შემიძლია თქმა, რომ ჩემი ნამუშევრების გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. ერთ დღეს ვინმემ რომ ამიკრძალოს მათი კეთება, ეს ჩემთვის ჟანგბადის აკრძალვის მსგავსი იქნება, რომლის გარეშეც გავიგუდები. ბოლო  ერთი წლის განმავლობაში გათენებამდე ვმუშაობ და მიუხედავად ამისა, მთელი დღე საოცრად დიდი ენერგია მაქვს. მუდმივად ვფიქრობ ახალსა და საინტერესოზე. როდესაც ახალ ნივთს ვქმნი, მოუთმენლად ველოდები მის დასრულებას, რომ ვნახო, თუ როგორი გამოვიდა. არ ვიცი, საიდან მოდის ასეთი  ენერგია, რაც მაძლევს იმის საშუალებას, რომ მუდმივად ვიყო მოძრაობაში და არასოდეს გავჩერდე.  

როგორია კონკურენცია ქართულ ბაზარზე  და როგორ შეხვდა მომხმარებელი თქვენს ნამუშევრებს?

– ქართულ ბაზარზე კონკურენციის ძალიან ცუდი წესებია. ხშირად შემოდიან ჩემს გვერდზე, აიღებენ ახალ იდეას და იწყებენ უფრო დაბალ ფასად კეთებას. უბრალოდ ისინი თიხით ამზადებენ ნამუშევრებს და მე ფაიფურით ვმუშაობ. ამიტომ ჩემი ნამუშევრები სრულიად განსხვევბულია მათგან. როცა სხვის ნამუშევარს მაჩვენებენ და მთხოვენ ასეთი გავუკეთო, ყოველთვის უარს ვამბობ. ამიტომ ძალიან  კარგი იქნება თუ სხვებიც მსგავსად მოიქცევიან და დაიცავენ ჯანსაღი კონკურენციის პირობებს. „ეიფორია“ მომხმარებელში დიდი სიყვარულით სარგებლობს, რაც მეტ  სტიმულს  მაძლებს. ძალიან მიხარია თბილი სიტყვები და იმის წარმოდგენა, რომ ჩემი ნივთებით ვიღაცამ ვიღაც გააბედნიერა, გაახარა,შეურიგდა(მქონდა ასეთი შემთხვევებიც). მიყვარს მომხმარებლებისთვის  სიურპრიზების გაკეთება. მომხმარებელს ყველა მესამე შეკვეთის დროს, როცა უკვე მისი გემოვნება ასე თუ ისე ვიცი, ვცდილობ რაღაც ვაჩუქო და გავახარო.

როგორია ფასები და სად შეიძლება ნამუშევრების შეძენა?

– ვფიქრობ ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომი და ნორმალური გვაქვს, რადგან ამას ხშირად თვად მომხმარებელიც გვწერს. ზოგჯერ რამდენიმე ნივთსაც უკვეთავენ  ერთდროულად. ვცდილობ, ფასების დროს  მოხმარებლის  შემოსავლითაც იყოს  გათვალისწინებული. თითოეული ნივთის შექმნას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ჩემი ნამუშევრების ფასები, იმ შრომასთან შედარებით, რასაც თითოეული მათგანის შექმნაზე ვხარჯავ, ძალიან მიზერულია. ნივთების შეძენა თბილისი  მოლის (ცენტრალურის) პირველ სართულზე მაღაზია „გვირილასა“ და ვაკის „პიქსელის“ შენობის პირველ  სართულზე ხელნაკეთ ნივთების სექციაშია შესაძლებელი. გარდა ამისა, შეძენა ფეისბუკის გვერდის საშუალებითაცაა შესაძლებელი.

სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ, რა სიახლეს სთავაზობთ მომხმარებლებს?

– ახლა საახალწლო  ეიფორიაში ვარ და შესაბამისად ამ თემასთან დაკავშირებით ვქმნი ნივთებს.საყურეებს,ბროშებს. ძალიან საყვარელი საახალწლო  ჭიქები მოვხატე. ძალიან მიყვარს მინდვრის ყვავილები, კერძოდ გვირილები და კესანები, ამიტომ პარალელურად  ვამზადებ ყვავილების ნაკეთობებსაც.ჩემს გვერდზე ბევრი ისეთი ნივთებია, რაც გაახარებს  თქვენი საყვარელი და ახლობელი ადამიანების გულს. სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს და დავუტოვებ სიურპრიზად ჩემს  ერთგულ მომხარებლებს.

მარიამ ლეკიაშვილი

 

(Visited 184 times, 1 visits today)

კომენტარები