მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა თბილისის ქუჩებში არ ჩატარდება. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს.
კონკრეტულად რა ადგილებში მოუწევთ მოქალაქეებს პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩაბარება, უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუმცა, ამბობენ, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისთვის შერჩეული ადგილების შესახებ.
შსს-ს მომსახურების სააგენტოში ასევე თქვეს, რომ მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის თეორიულ ნაწილში ამ დროისთვის ცვლილებები არ იგეგმება.
„მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქის პირობებში ჩატარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში ჩატარების პროექტზე. საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პრაქტიკული გამოცდისთვის საჭირო ადგილების და მარშრუტების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ. რაც შეეხება თბილისს, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა დედაქალაქის ქუჩებში არ ჩატარდება. მოსახლეობას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისთვის შერჩეული ადგილების შესახებ, ასევე პრაქტიკული გამოცდის პროცედურების თაობაზე. მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა დაგეგმილია 2018 წლის პირველი ნახევრიდან. მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის თეორიულ ნაწილში ამ დროისთვის ცვლილებები არ იგეგმება.“ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
ნინი მაზიაშვილი