30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების, ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ, რითიც გააუქმა ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც მოქმედებდა მარიხუანის მოხმარებისთვის. თუმცა პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როცა ასეთი ქმედება ხდება სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

ამ გადაწყვეტილებამდე მარიხუანის მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯებოდა და  500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან 1-დან 6 თვემდე გამასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინებდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მუხლი გააუქმა, შედეგად მარიხუანას უშუალოდ მოხმარების პროცესი ლეგალური გახდა. თუმცა, მარიხუანას მოხმარების სრული ლეგალიზაცია არ ნიშნავს ამ პროდუქტის სრულ ლეგალიზებას.

როგორც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტი გიორგი მახარაძე საკუთარ ბლოგზე წერს, მთავარი პრობლემა სიტყვა “მოხმარების” განმარტებაშია.

„2006 წლის შსს და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით: „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით; პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი“. საერთო სასამართლოებიც სწორედ ამგვარად განმარტავენ “მოხმარებას” და არა მოხმარების პროცესს (მოწევას).“– წერს გიორგი მახარაძე.

მახარაძე ამბობს, რომ საერთო სასამართლოებზე ბევრი იქნება დამოკიდებული, მიდგომების, პრაქტიკის და ნორმის სწორად განმარტების მხრივ და მოხმარების პროცესი მიიჩნევა თუ არა სამართალდარღვევად, ამას სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს.

„მოცემულობა კი დღეს ასეთია: ბიოლოგიურ მასალაში თუ მარიხუანა აღმოგაჩნდათ, აღარ დაისჯებით (არც ჯარიმით, არც არაფრით); თუ სახლში ან სხვა ადგილას (გარდა  სასწავლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არმიაში, სამედიცინო, სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებებშიაგრეთვე, საზოგადოებრივი თავშეყრის ზოგიერთ  ადგილას (მაგალითად, საზოგადოებრივ  ტრანსპორტში)) მოწევის პროცესში პოლიცია დაგადგათ თავს, სასამართლოს წინაშე მოგიწევთ წარდგომა, თუმცა სასამართლომ (წესით და რიგით) თქვენს სასარგებლოდ უნდა განმარტოს ადმინისტრაციული ოდენობის ფლობა, როგორც მოხმარება;

ყველაფერი ერთი ხელის მოსმით მოგვარდება, თუ საქართველოს პარლამენტი, 5 გრამამდე გამომშრალი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანას ფლობისთვის გააუქმებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ამაზე ირიბად საკონსტიტუციო სასამართლოც მიუთითებს, როდესაც გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ კანონმდებელმა უნდა შეიმუშაოს შესაბამის რეგულაციები, რათა დაიცვას გადაწყვეტილებაში ნახსენები ლეგიტიმური ინტერესები მარიხუანის მოხმარების კონკრეტული გარემოებებიდან მომდინარე საფრთხეებისგან-ო).“ – წერს მახარაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იურისტი გიორგი ჩიტიძე ფეისბუქზე განმარტავს:

  1. კანაფის (მარიხუანა) მხოლოდ მოხმარება (ანუ მოწევა) არის სრულად ლეგალური;
  2. გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენაშენახვა არ ისჯება ციხით (არ არის ალტერნატიული სანქცია ჯერ განსაზღვრული).
  3. ნედლი მარიხუანას 100 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენაშენახვა არ ისჯება ციხით (არ არის ალტერნატიული სანქცია ჯერ განსაზღვრული).
  4. კანაფის (მცენარე) მოყვანა და კულტივირება 151 გრამამდე არ ისჯება პატიმრობით, თუმცა ალტერნატიული სანქცია არ არის კანონმდებლობაში, ანუ სასამართლო გცნობთ დამნაშავედ სასჯელის გარეშე.
  5. მარიხუანას შეძენაშენახვაკულტივირება მცირე ოდენობით, მოწევისგან განსხვავებით, ისევ ითვალისწინებს ჯარიმას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

სარჩელის ერთ-ერთი ავტორის ზურა ჯაფარიძის თქმით, თუ მარიხუანის მოხმარება არის ლეგალური, მაშინ მისი მოპოვების გზებიც ლეგალური უნდა გახდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელმა, გიორგი ლომთაძემ განმარტა, რომ თავისუფალი განვითარების უფლება იცავს პიროვნებას მოიხმაროს მარიხუანა. თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში მოხმარების აკრძალვა გამართლებული იქნება თუ მესამე პირის მიმართ მიყენების ზიანი არის მაღალი.

ნინი მაზიაშვილი

Please follow and like us: