უკვე მესამე წელია, რაც დასავლეთ საქართველო ებრძვის პრობლემას, სახელად ფაროსანა. ამ სიტყვის შესახებ სმენია ყველას, ბევრს საკუთარ თავზე გამოუცდია კიდეც ამ მავნებელი მწერის კიდევ უფრო მავნებელი ქმედების ძალა.
აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული დასავლეთ საქართველოში ამ მწერმა დააზიანა ყველა აგროკულტურა, მათ შორის თხილი , სიმინდი, კენკროვანი და ბოსტნეული კულტურები.
პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდური თანხები გამოიყოფა . მიმდინარე წელს 14 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო მავნებელის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებებისთვის. სპეციალური აპარატით შეწამვლა, შესაბამისი ქიმიური მედიკამენტები, ფერმერებისა და გლეხების ინფორმირება მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ- მესამე წელია ფაროსანას პრობლემა დაუძლეველი და გადაუჭრელია.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით დგამენ ნაბიჯებს და შესაბამის პროცედურებს ახორციელებენ პრობლემის პრევენციისთვის, გურიაში კი უკვე მესამე წელია ყველაზე კარგ დალოცვად ითვლება ფრაზა – ფაროსანასავით გამრავლდიო .
პრობლემის სირთულესა და მის სერიოზულობაზე ყველა საუბრობს, თუმცა ადგილობრივი გლეხები და მავნებლით დაზარალებულები არაეფექტურ შეწამვლასა და გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობენ.
გიორგი კუპრაძე ფერმერია. ის გურიიდან, ლანჩხუთის რაიონ სოფელ გულიანიდანაა. სოფელს სახელი კი შემორჩა, აი თხილს კი გული ნამდვილად აღარ აქვს ფაროსანას დამსახურებით აგერ უკვე მესამე წელია. როგორც გიორგი ამბობს საკუთარი ძალებით და სახსრებით უკვე დიდი ხანია წამლავს ეზოს და თხილის პლანტაციებს, თუმცა მხოლოდ მისი აქტიურობა არ კმარა, თუ ( ბუნებამ ) ხელისუფლებამ არ უშველა.
არასწორად დაგეგმილ საპრევენციო გზებსა და გურიაში არსებულ მძიმე პრობლემებზე გიორგი „თბილისი თაიმს“ ესაუბრა .
„ სახელმწიფომ ძალიან ბევრი თანხა გამოყო, თუმცა სინამდვილეში ისე აღმოჩნდა რომ ორ გრამიან მწერს ვერ მოვერიეთ. შედეგი საშინელია, უფრო მეტია ფაროსანა წელს ვიდრე შარშან იყო. ასეთი მიდგომა იყო , რომ არ შეწამლულიყო კერძო საკუთრება და კარ-მიდამო, წამლავდნენ მხოლოდ გარეთ, კერძო საკუთრება თავად გლეხებს და ფერმერებს უნდა უზრუნველყოთ.
მოსახლეობის დაახლოებით 15 %-მა უზრუნველყო ეს მისია და შეწამლა საკუთარი კარ-მიდამო, მაგრამ უმეტესობა გაქცეულია სოფლიდან ან ქვეყნიდანა გასული საერთოდ, ბევრი გაღარიბებულია და არ აქვს შეწამვლის თანხა, ნაწილი ზარმაცია. ვინც მოწამლა და მოსავალი მიიღო, მაინც არაა დაცული, რადგან სახელმწიფომ სრულად ვერ უზრუნველყო გარე ტეროტირიების, იგივე ტყეების და სხვა ფართობების შეწამლვა და მწერი ისევ შეესია ჩვენ მიდამოებს. ყველაზე მთავარი პრობლემა სწორედ ესაა.
ჩვენი მდგომარეობის გამოსახატად სიტყვა „ოკუპაციასაც „ ვიყენებ, ეს მართლა გამოხატავს იმ სურათს , რაც უკვე წლებია ჩვენ მხარეშია. დიდი ხნის განმავლობაში ფაროსანას გამო ჩაკეტილი ვიყავი სახლში, ვერ გამოვდიოდი გარეთ, საჭმლის ჭამის ხალისიც კი დაკარგული მქონდა, ვერ ვიძინებდი, არც სტუმარი მიხაროდა და არც მე ვსტუმრობდი ვინმეს. ეს ფსიქოლოგიურადაც აისახება ადამიანზე და მხოლოდ მოსავალს ან ეკონომიკურ მდგომარეობას არ ვნებს.
არანაირი შედეგის მომტანი არ იყო ეს შეწამვლები, ალბათ იმიტომ რომ არასწორად ტარდებოდა პროცედურები. ჩემი სოფელი მიყრუებული სოფელია, ტყეს უკავია უმეტესი ტერიტორიები. ერთი გზაა, ამ გზაზე გაივლიდნენ მანქანით და იქიდან წამლავდნენ, რაც მთლიან ტერიტორიას ვერ ფარავდა და ბევრი ადგილი შეუწამლავი რჩებოდა. სწორედ აქ იწყებს გამრავლებას მწერი და მერე მისი გავრცელება და მთლიან ფართობებზე მოდება ძალიან ადვილია.
ფაროსანა სიტყვაც მიგვანიშნებს ფარზე, ანუ ძალიან ძლიერი დამცველობითი ფუნქცია აქვს ამ მავნებელს და რთულია მასთან ბრძოლა, უხარისხო პრეპარატები და შესაწამლი საშუალებები ძირითადად უძლურია ამ მწერის წინააღმდეგ. ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე, ბევრი მწერიც განადგურდა, მაგრამ აი ფაროსანას არ მიადგა ზიანი.
გასაკვირია, ის ფაქტი, რომ ორმაგი თანხა გამოიყო წელს ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ვიდრე შარშან, მაგრამ პრობლემა უფრო გართულდა. წელს აშკარად უფრო მეტია მავნებლის რაოდენობა და მისი გავრცელების არეალი. ეს, ჩემი აზრით, იმითაა განპირობებული რომ შეიცვალა პრეპარატიც და მეთოდიც, რითაც ხდება შეწამვლის პროცედურები. ეს პრეპარატი დიზელს შეიცავს და პრაქტიკამ აჩვენა, რომ არანაკლებ აზიანებს მცენარეებს ვიდრე თავად მავნებელი.
არასწორი დაგეგმვა არის და სწორედ ამის გამოა ეს პრობლემა ასეთი გადაუჭრელი უკვე წლებია. მასშტაბურობა უნდა მიეცეს ამ ფაროსანას საწინააღმდეგო პროცედურებს. მე პირადად ძალიან დიდი ძალისხმევა და თანხა დამიჯდა, მაგრამ ჩემი კარ-მიდამო და მიწები მოვწამლე, მაგრამ გვერდით მეზობელი არ ცხოვრობს, დაკეტილია სახლი, იმის გვერდით ოჯახიც გადასულია ქალაქში საცხოვრებლად. სწორედ ამიტომაც ჩემ შრომას შედეგი არ მოჰყვა, გასუფთავდა ჩემი ეზო, მაგრამ მეზობელი ეზოებიდან ცოტა ხანში ისევ შემოგვესია მავნებელი. უნდა არსებობდეს სიები მიტოვებული სახლების ან ემიგრაციაში მყოფი ოჯახების, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს მსგავსი ტერიტორიების შეწამლვა და გათავისუფლება მავნებელისგან, რომ ჩვენი შრომა არ აღმოჩნდეს უშედეგო და ერთიანი ძალებით უკეთეს შედეგს მივაღწიოთ.
კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იყო საერთო ძალებით მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა. ვგულისხმობ იმას, რომ დასავლეთ საქართველოს ოთხ პრობლემურ რეგიონში- სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში ერთდროულად დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ასევე ერთდროულად შეიწამლა გურიაშიც ყველა რაიონი და მეზობელი სოფლები. ამ მეთოდმა შედეგი დადო, თუმცა მას მხოლოდ ერთჯერადი სახე ჰქონდა და აღარ ჩატარებულა კიდევ .
კარგი გამოსავალი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა დაგეგმვის პროცესებში, რადგან ჩვენზე კარგად არავინ იცნობს პრობლემას და მის თავისებურებებს, შესაბამისად პრევენციის გზებსა და საშუალებებზე ერთობლივი ჩართვით დაიდება კარგი და ეფექტური შედეგი.
იყო საუბარი იმაზე, რომ გურიაში თხილის მოსავლის გაფუჭება სოკოვანი დაავადებების არსებობით იყო გამოწვეული. ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, თავად ამ დაავადებებსაც აზიური ფაროსანა იწვევს და უმეტესად ჩვენი მოსავლის განადგურების მიზეზი ზუსტად ეს მავნებელია. უბრალოდ სახელმწიფო არ და ვერ აღიარებს რომ უკვე წლებია ორგრამიან მწერს ვერ მოერია. „
ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია, მოსავლის დანაკარგმა შეიძლება 70 %-ს გადააჭარბოს, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.
მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით. ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.
ფაროსანას „ მავნებლობა „ ყველაზე მეტად თავს გაზაფხულის და ზაფხულის პერიოდში იჩენს , გამოსაზამთრებლად ის საიმედო ადგილებს პოულობს, იბუდებს და ახალი ძალებით ხვდება მოსავლის სეზონს.
მავნებელი ძალიან სწრაფად და ბევრჯერ მრავლდება წელიწადში, რაც პრობლემას კიდევ უფრო სერიოზულსა და მასშტაბურს ხდის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დასავლეთ საქართველოსთვის თხილისა და სიმინდის კულტურა ძირითადი შემოსავლის წყაროა, მაშინ გასაგებიც იქნება რატომ ეძახიან ფაროსანას ადგილობრივები მფრინავ კოშმარს.
ანა ურუშაძე