თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ბრალდებული ვანო მერაბიშვილი ესწრება.
როგორც პროცესის დაწყებამდე მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოადგენს და ყურადღებას გაამახვილებს ამერიკელი და ლიტველი ექსპერტების დასკვნაზე, რომელიც 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით მომზადდა.
ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული დასკვნებით დასტურდება, რომ მიტინგის დაშლაზე სანქცია შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლის მიხედვითაც დადასტურდება, რომ აქციის ორგანიზატორები 26 მაისს გამოდიოდნენ ძალადობრივი მოწოდებებით. შესაბამისად, ოთარ კახიძის თქმით, ამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომელიც ბრალდების მხარეს გააჩნია, არ დასტურდება მერაბიშვილის ბრალეულობა.
რაც შეეხება განაჩენს, 26 მაისის საქმეზე განაჩენის გამოტანისთვის, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას ორდღიანი ვადა აქვს.
26.02.14






