ერთი თვის წინ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინა. მიხეილ გიორგაძე პროფესიით ეკონომისტია, საზოგადოება კი მას იცნობს, როგორც კულტურის სფეროს წარმატებულ მენეჯერს და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორს.
საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით კულტურის მინისტრის კანდიდატურას ელოდა, ეს კი, ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის კულტურის სფერო მნიშვნელოვანია.არის თუ, არა ქვეყანაში კრიტიკული მდგომარეობა და რა სამუშაოებია გასატარებელი იმისთვის, რომ კულტურის სფერო განვითარდეს, რა იქნება კულტურის სამინისტროს მთავრი გამოწვევა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ კულტუროლოგი – მარინა ცინცაბაძე, ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა და კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილი ესაუბრა.
- როგორ შეაფასებთ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელის მიხეილ გიორგაძის კანდიდატურას, რა გამოწვევების წინაშე დგას ის, როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინსიტრი და რას ურჩევდით ახალ მინისტრს? რა სამუშაოებია გასატარებელი, იმისათვის რომ უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაში ეს სფერო უფრო განვითარდეს, ამუშავდეს თითქმის უფუნქციოდ დარჩენილი თეატრები, ხალხი მივიდეს ოპერისა და ბალეტის თეატრში და ქვეყნაში ერთგვარი კულტურული ცხოვრების წესი დამკვიდრდეს?
მარიკა კვალიაშვილი: „დიდი იმედი მაქვს, რომ მიხეილ გიორგაძე თავისი დიდი გამოცდილებით, უპირველეს ყოვლისა კარგი აღზრდით, განათლებით, ნიჭიერებით, ორგანიზატორული გამოცდილებით, წარმატებული სპორტული წარსულით, კარგად წარმართავს დაკისრებულ მოვალეობებს. იგი ასევე კარგი მენეჯერია, რომლის წყალობითაც საქართველოს სტუმრობდნენ მსოფლიო დონისვარსკვლავები, ტარდებოდა ჯაზ ფესტივალები, რაც ქართველი მსმენელის დიდ აღტაცებას იწვევდა.
რაც შეეხება, რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ კულტურის სფერო განვითარდეს, უპირველეს ყოვლისა, კულტურის ყველა სფეროს წარმომადგენელს უნდა შეხვდეს მინისტრი, გამოკითხოს პრობლემები, რაც ხელს უშლის ჩვენი ქართული ეროვნული კულტურის აღორძინებას. ყველა შესაძლებლობა და უფლებამოსილება ჩართოს ყველა ხარვეზის აღმოსაფრხველად. არცერთი პრობლემა ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. თორემ თაროზე შემოდებული ქაღალდების გროვა, რა თქმა უნდა, შედეგს ვერ გამოიღებს და ისევ ისე დაედება მტვერი, როგორც აქამდე ედო. თანამდებობის პირი ყოველთვის მართალი უნდა იყოს იმ საზოგადოების მიმართ ვისაც ემსახურება, რომ დაუჯერონ, იწამონ და იმედთან ერთად გაკეთებული საქმეც თვალსაჩინო გახდეს. ქართველი ერი მეტად მდიდარი ერი ვართ, ჩვენი უბადლო ხალხური შემოქმედებით ქართული კლასიკური მუსიკით, როგორც საოპერო ასევე სიმფონიური, ქართული ესტრადითა თუ ქართული კინომუსიკით, ფერწერითა თუ პოეზიით. რატომ უჭირს დღეს ზემოთ თქმულს? რატომ მივივიწყეთ ყველა ის დიდი შემოქმედი, რომლებიც თავისი შემოქმედებით ქართულ კულტურას შორს გაუთქვეს სახელი? მე ქართველი ვარ და პირადად ჩემთვის ჯერ ქართული მიცვნია და მერე სხვა, ისიც მეტად ღირებული. დავაყენოთ ფეხზე ქართული მუსიკა, ავაღორძინოთ. ქართველ მსმენელს ვაგრძნობინოთ სისხლის ყივილი, რომ ვინც არ იცის გაიგოს თუ რა დიდი საგანძურის პატრონები ვართ. ახალგაზრდები ვაზიაროთ ქართულ კულტურას, რომელსაც სამწუხაროდ არც კი იცნობენ. თუ ჩვენი გვერდში დგომა დაგჭირდებათ დაგვიძახეთ, გავეცნოთ, რომ უფრო ვრცლად ვისაუბროთ სამწუხაროდ უკვე საკმაოდ დაგროვილ პრობლემებზე. ერთად უფრო მეტ და საინტერესო საქმეს გავაკეთებთ.“
მარინე ცინცაბაძე: „იმედიანად ვუყურებ სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის მიხეილ გიორგაძის კანდიდატურას. ჩემი გამოცდილებით, ამ საკითხში აუცილებელია სიახლეების დანერგვა. 21–ე საუკუნეში ვართ და წარმოიდგინეთ, სიახლეები არ ჩანს. იმას, რასაც ოდიშარია გვპირდებოდა სამწუხაროდ, ვერ აასრულა. თუ ქვეყანაში რაიმე სიახლე გვხვდებოდა ყველა მათგანი იყო მხოლოდ ერთჯერადი. მაგალითისთვის, ერთჯერადი კონცერტები ზოგისთვის კულტურაა მაგრამ ძალიან ძვირადღირებული კონცერტები და შოუები ვერ პასუხობს თანამედროვე გემოვნების სტანდარტებს და არარენტაბელურია. მთავარია კულტურის სამინისტროს ჰქონდეს გათვიცნობიერებული სიტყვა „კულტურის“ მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკას, განათლებას, ხელოვნების დარგებს, მეცნიერებას, ზნეობას და ა.შ. ბატონმა გიორგაძემ თავისი შესაძლებლობები გამოავლინა ჯაზ ფესტივალის მიმდინარეობისას, რეალურად ჯაზი ეს არის პროფესიონალური მუსიკა და არა მსუბუქი. მე ჯაზის დიდი მოყვარული ვარ, 1978 წელს, როდესაც გაიმართა ჯაზის პირველი ფესტივალი საბჭოთა კავშირში ორგანიზატორებმა ვერ შეძლეს ფესტივალის მასებზე გასვლა, ბატონა გიორგაძემ კი ეს შეძლო. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს მენეჯმენტსა და პიარში აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, სჭირდება ახალი ბერკეტები და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ხელუხლებელია სამეცნიერო ინფორმაცია, ფაქტობრივად, ის რაც სამეცნიერო პოტეცნიალში დევს აბსოლუტურად ხელუხლებელია. გვაკლია სიახლეები. მაგალითისთვის, თანამედროვე მწერლების თარგმანი და მისი უცხოეთში გაგზავნა ქვეყნის რეიტინგს ვერაფრით ვერ სწევს, რადგან ის არის უცხოური ცუდი მიმბაძველობა და სიახლე, ინდივიდუალურობა მათში არ ჩანს. რაც შეეხება თეატრს, დიდი თანხა იხარჯება მოწვეული რეჟისორების დადგმებზე. სჯობს ახალგაზრდა ქართველ რეჟისორთა ხელშეწყობა. დიდი ხელშეწყობა სჭირდება ქართველ კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა, მეტად პერსპექტიულ თაობას, ისინი უცხოეთში სწავლობენ. დიდ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ არ არის შეფასებული არცერთი კულტურული დარგი საქართველოში. მაგალითისთვის, ჩვენ მიგვიჩნიეს კაცობრიობის მეტალურგიის საწყისად, იგივე მეღვინეობის დარგში, თუმცა ამ ყველაფრის შეფასება არ ხდება, ამის პარალელურად მახსენდება საყდრისთან დაკავშირებული პრობლემებიც. მე და ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც პროფესიით კინორეჟისორია გადავწყვიტეთ ბატონ გიორგაძესთან შეხვედრა. ჩვენ გვაქვს ჩვენეული მოკლე გეგმა, ჩამონათვალი თუ როგორ უნდა ამოქმედდეს მაგალითისთვის შემეცნებითი ტურიზმი სწორედ სამეცნიერო ინფორმაციის საფუძველზე, გარდა ამისა ეს სამეცნიერო ინფორმაცია აუცილებლად უნდა აისახოს გამოცემების სახით. არის მთელი რიგი საკითხები, სადაც მარტო კულტურის სამინისტროს დადანაშაულება არ შეიძლება, არ არსებობს დღეს საქართველოში წიგნი, სადაც გადმოცემული იქნება საფუძვლიანად ქართული კულტურის ისტორია, ამაში მეცნიერები არიან დამნაშავენი. ქართველმა მეცნიერებმა ვერ ჩამოაყალიბეს შესაბამისი მეთოდოლოგია. მე–19 საუკუნეში ჩამოყალიბდა ასეთი მეთოდი, რომელიც სწავლობს კულტურულ საწყისებს და მის განვითარებას, ამ მეთოდს ჰქვია ინტერდისციპლინალური მეთოდი, რომელიც გულისხმობს ერთი საკითხის ირგვლივ, რამდენიმე სამეცნიერო დარგის გაერთიანებას. ქართველი აკადემიკოსები კი არ ცნობენ ამ მეთოდოლოგიას, სწორედ ამიტომაა წარმოქმნილი ეს პრობლემა. რაც შეეხება ჩემს რჩევებს, ვურჩევ მას გამოიცეს ახალი ტიპის ტურისტული–სამოგზაურო ბუკლეტები, გათვლილი ცნობისმოყვარე ადგილობრივ მოსახლეობაზე და ტურისტებზე, კარგი იქნება რომ შევქმნათ ახალი ტიპის გადასატანი, მცირე გაბარიტიანი მუზეუმები.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღევანდელ თაობას სტატისტიკური მონაცემებით აქვს განათლების დაბალი დონე, რაშიც პასუხისმგებელია კულტურის სამინისტრო, რადგან პირველ რიგში უნდა მოხდეს განათლების დონის ამაღლება, უნდა ვასწავლოთ ჩვენს ახალგაზრდებს ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია, უნდა შევაფასოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომ შემდგომ ვასწავლოთ და გადავდგათ ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამდენად, კითხვაზე თუ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს მთელი რიგი პრობლემების მოსაგვარებლად ვფიქრობ, რომ უპირველესად უნდა ამოქმედდეს სრულად გამოუყენებელი სამეცნიერო ინფორმაცია, რადგან ის არის შემფასებელი ქართული კულტურული მემკვიდრეობის, საზოგადოების, შესაბამისად ახალგაზრდა თაობის, განათლებულობის აღსადგენად საქართველოში. მე პირადად კატეგორიული მოწოდებების მომხრე არ ვარ, რადგან ადამიანი უნდა დააჯერო და უჩვენო უფრო სწორი არჩევანი. სწორედ ამიტომ ვარ მეცნერი.“
ლალი პერტენავა: „ბატონ მიხეილ გიორგაძეს პირადად არ ვიცნობ, ვიცი რომ იგი გახდლათ ჯაზ ფესტივალის ყოფილი დირექტორი, აქვს გარკვეული გამოცდილება კულტურულ მენეჯმენტში. თუმცა, შოუბიზნესი, ჩემი აზრით, არ უნდა შედიოდეს კულტურის სამინისტროს უფლებამოსილებაში. სამინისტროში დღეს რთული და კომპლექსური გამოწვევებია და მგონია, რომ კარგად შეძლებს მის მართვას, რადგან ის საკმაოდ არის ჩახედული შემოქმედებით სფეროში. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კულტურის სფეროში საფუძვლიანად არავინ მუშაობს. ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად აუცილებლელია სერიოზული მუშაობა, მუშაობა კულტურის სამინისტროს სწორი პოლიტიკის შესარჩევად. მთავარ პრობლემად ასევე მივიჩნევ იმასაც, რომ ჩვენი სამინისტრო დღეს დამოკიდებულია სამთავრობო გადაწყვეტილებებზე, ყოფილი მინისტრი ხშირად აღნიშნავდა, რომ სამთავრობო გუნდის გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა. ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ახალი მინისტრის მოსვლით უნდა შეიცვალოს ეს ურთიერთმიმართება. სამთავრობო გუნდთან მხოლოდ უნდა ითანამშრომლოს სამინისტრომ, სხვა დანარჩენი უკვე კულტურას იდეოლოგიად აქცევს. ჩემი მთავარი რჩევა კი ბატონ მიხეილ გიორგაძესთან იქნება, ის რომ შეინარჩუნოს პიროვნული დამოუკიდებლობა, იყოს მინისტრი და არა ჩინოვნიკი.
ჩვენ კი არ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, არამედ უნდა აღვადგინოთ და განვავითაროთ. აღვადგინოთ ადამიანების კულტურული დამოკიდებულება, შევცვალოთ საზოგადოების ცნობიერება და გავიაზროთ თუ რა ღირებულებისაა ესა თუ, ის კულტურული ძეგლი, შევინარჩუნოთ ეროვნული იდენტობა. ყველაზე მთავარი კი, რისი თქმაც მსურს ის არის, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელია ადამიანს ჰქონდეს შემოქმედებითი თავისუფლება. ნებისმიერს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობები. ყოველივე ამის გაკეთება კი შესაძლებელია კანონმდებლობის ცვლილებითა და ხელოვანის სტატუსის მინიჭებით. კულტურას უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან იგი დაკავშირებულია ეკონომიკასთან, მის განვითარებასთან. ჩვენი ყოველი ნაბიჯი კარგად უნდა გავთვალოთ, რადგან მცირე შეცდომაც კი ფატალური იქნება. მე ამ წუთებისთვის მახსენდება უწყებათაშორისო საბჭოსთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების უფლება, რაც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დამღუპველია რადგან ამ საბჭოში სრულიად არაპროფესიონალ ადამიანები არიან.“
28.08.14
ნათია კეკენაძე








