ნაძალადევის რაიონის გამგეობამ სპორტული მოედნების აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანხმად, ოთხი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 176 600 ლარია.
როგორც “თბილისი თაიმსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ღრმაღელეს დასახლება XVIII-XIX კორპუსებსა და მე-15 საჯარო სკოლას შორის არსებულ სპორტულ მოედანს, ც.დადიანის №189-ში, მე-10 სკოლის ტერიტორიაზე არსებულ მოედანს, ურიდიას ქ. №193-ის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანსა და თემქის დასახლება, X კვ. კორპ №37-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სტადიონს. სამუშაოების ფარგლებში, ოთხივე მოედანზე გამოიცვლება ხელოვნური, მწვანე საფარი; განახლდება მოედნის კარები და საკალათბურთო ფარები; სტადიონებზე არსებული ლითონის კონსტრუქცია შეიცვლება ახალი თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციით; ასევე, სრულიად განახლდება ღრმაღელეს დასახლებაში მდებარე სპორტული მოედნის ტრიბუნები. აღნიშნული სტადიონი გამორჩეულად დიდი და კეთილმოწყობილი იქნება მთელი რაიონის მასშტაბით.













