იერუსალიმის ეკლესია მსოფლიოში უმდიდრეს ეკლესიად ითვლება, რომელიც წმინდა ქალაქში ფლობს თითქმის ყველა უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ ტაძარს, სამთავრობო თუ სხვა სახის შენობა-ნაგებობებს. უძრავი ქონების გაყიდვებთან დაკავშირებით იერუსალიმის საპატრიარქო ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენჯერმე გაეხვა მსხვილ კორუფციულ სკანდალში. 2005 წელს, ერთ-ერთ ასეთ საეჭვო გარიგებას პატრიარქ ირინეოსის სკანდალური გადაყენება მოჰყვა, მოგვიანებით კი იგი საკუთარ კელიაში გამოკეტილი აღმოჩნდა.
კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელ ლაშა ჟვანია „თბილისი თაიმსთან“ დეტალურად საუბრობს პატრიარქ ირინეოსის ტყვეობის ამბავზე. იგი აღნიშნავს, რომ იერუსალიმის საპატრიარქოში კანონიკური წყობა დარღვეულია, რადგან ყოველგვარი საეკლესიო წესის უგულებელყოფით მოხდა პატრიარქის გადაყენება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ამ ამბის ერთადერთი ვერსია არ არის. არიან სასულიერო პირები, რომელთაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ აღნიშნულ თემაზე.
„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელ ლაშა ჟვანიასთან, სადაც იერუსალიმის პატრიარქის ტყვეობის ამბის ირგვლივ ბევრ საინტერესო ფაქტს გაეცნობით.
ბატონო ლაშა, გვიამბეთ იერუსალიმის პატრიარქის ტყვეობის ამბის ისტორია? რა პერიოდიდან მწიფდება უთანხმოება პატრიარქ ირინეოსსა და სინოდის წევრებს შორის? – 15 წლის წინანდელი ამბით უნდა დავიწყოთ, როდესაც გარადიცვალა იერუსალიმის პატრიარქი დიოდოროსი. სწორედ ამ პერიოდში საპატრიარქოში ჩამოყალიბდა სამი მოწინააღმდეგე ჯგუფი სინოდის წევრებისა, ესენი იყვნენ ე.წ. კრიტელების ჯგუფი, ათენელების ჯგუფი და კვიპროსელების ჯგუფი, რომელთაც საკუთარი პატრიარქობის კანდიდატი ჰყავდა. ესენი იყვნენ მიტროპოლიტი ტიმოთე, კორნილიუსი, ირინეოსი. ახალი პატრიარქის არჩევნები ჩატარდა 2001 წლის 13 აგვისტოს, სადაც ისრაელის მთავრობამ ირინეოსის კანდიდატურაზე თახმობა დიდი ხნით დააბრკოლა, რადგან სინოდის წევრებმა დაარწმუნეს ის თითქოს ირინეოსი იყო პროპალესტინელი და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგი. ირინეოსის გუნდის დიდი ძალისხმევით ისრაელმა მისცა თაბხმობა. არჩევნებზე სინოდის ჩვიდმეტი წევრის ხმები ასე გადანაწილდა: 5 ხმა მიიღო კორნილიუსმა, 5 ტიმოთემ, 7 ირინეოსმა. ამდენად, არჩევნების დღესვე გამოიკევთა, რომ ირინეოსს სინოდში ჰყავდა მოწინააღმდეგეები, რომლებიც მთელ რიგ საკითხებში არ ეთანხმებოდნენ. კრიტელების და ელადელების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთის მოსიხლე მტრები იყვნენ გაერთიანდნენ ირინეოსის წინააღმდეგ. პატრიარქმა ვერ მოასწრო ახალი მღვდელმთავრების კურთხევა, მუდმივად ხელს უშლიდენენ ამაში.
რისი შეცვლა სურდა ირინეოსს იერუსალიმის საპატრიარქოში და რა საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ ისინი?
– ირინეოსმა იცოდა, რომ იერუსალიმის საპატრიარქოში იყო უზარმაზარი კორუფცია. ეს ეხებოდა მიწების და შენობა-ნაგებობების გაყიდვას. გარდა ამისა, იერუსალიმის საპატრიარქო ძველ ქალაქში უამრავ ადგილს ფლობს, რომლებიც ძირითადად მაღაზიებისთვისაა გაქირავებული. გარიგებები ძირითადად არა კომერციულ არამედ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მიწებისა თუ შენობა-ნაგებობების გაქირავებიდან შემოსული თანხები მიდიოდა იმ ადამიანების ჯიბეში, რომლებიც იერუსალიმის საპატრიარქოში გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მოკლედ, ირინეოსმა გადაწყვიტა ყველაფერი სუფთა და გამჭირვალე გაეხადა და თუ რამე შემოსავალი იქნებოდა, შემოსულიყო იერუსალიმის საპატრიარქოს ოფიციალურ ანგარიშებზე და არა კონკრეტული მღვდელმთავრების ჯიბეში. როდესაც ეს სურვილი იორდანიის მეფეს გააცნო, მან უთხრა: “მოსაჭრელი თავები მოჭერი ახლავე, გვერდში გიდგავარ“. ირინეოსმა დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, მაგრამ შეხვდა წინააღმდეგობა.
რაში დასდეს ბრალი მოქმედ პატრიარქს? რა გახდა საბაბი მისი გადაყენების მოთხოვნისა?
– იერუსალიმში არის მთელი რიგი ულტრაორთოდოქსი მიმდინარეობები, ებრაული სახელის მატარებელი „ატერეთ ქოანიმ“, რომელიც ცდილობს ძველ ქალაქში რაც შეიძლება მეტი ქონება მოიზიდოს. მათ პატრიარქის ერთ-ერთ ადვოკატს უთხრეს, რომ სურდათ ექირავებინათ ძველ ქალაქში ორი შენობა. და მიუხედავად იმისა, რომ ირინეოსი წინააღმდეგი იყო შენობების გასხვისებისა, საპატრიარქოს ფინანსურ საკითხებზე პასუხიმგებელმა პირმა, ხელი მოაწერა კონტრაქტს, მაგრამ იერუსალიმის ეკლესიის კანონის თანახმად პატრიარქის ნებართვის გარეშე კონტრაქტს ძალა არა აქვს. მას შემდეგ რაც ირინეოსმა თანხმობაზე უარი განაცხადა ისინი ვითარების აფეთქებით დაემუქრნენ მას. მაშინ ებრაულ გაზეთ „მაარივ“–ის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა ამ შენობების ფოტო წარწერით: „გაყიდულია, გაყიდულია, გაყიდულია“. ამ გაზეთს კითხულობს ასევე არაბულენოვანი მოსახლეობა. ამით პატრიარქ ირინეოსის წინააღმდეგ ააზვირთეს არაბი მრევლი. სანამ ხალხი გაარკვევდა მართალი იყო თუ არა ეს ინფორმაცია, სინოდი დაჩქარებული წესით შეიკრიბა და პატრიარქს მოსთხოვა გადადგომა, რაზეც ირინეოსმა უარი თქვა, რადგან მას არ გაუყიდია შენობები და, რომ მათ გასხვისებაზე არანაირი წერილობითი თანხომობა არ გაუცია. სინოდმა პალესტინისა და იორდანიის მთავრობას მიმართა, რათა გამოეძიებინათ ეს საკითხი. საგულისხმოა, რომ საბერძნეთის მთავრობას ჰქონდა გარკვეული ინტერესები. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სკანდალაკისი, რომელიც პასუხიმგებელი იყო იერუსალიმის საპატრიარქოზე, უშუალოდ ჩართული იყო პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში.
როგორი იყო გამოძიების შედეგი? რა განაჩენი გამოუტანეს პატრიარქ ირინეოსს?
– პალესტინის მთავრობის მიერ გამოყოფილმა სამკაციანმა იურისტებისგან შემდგარმა კომისიამ, მთელი რიგი გამოძიების შედეგად 2005 წლის 25 მაის დაადგინა, რომ ირინეოსი არის აბსოლიტურად უდანაშაულო, შენობები არ არის გაყიდული. მაგრამ, სანამ აღნიშნული კომისია მუშაობას დაასრულებდა კონსტანტინოპოლის საპატირიარქო შეკრებს სხვადასხვა ეკლესიის მეთაურებს იერუსალიმის საკითხის გასახილველად. განაჩენი უკვე გამოტანილი იყო, რადგან კრებამდე 2 დღით ადრე, მსოფლიო პატრქიარქმა საჯარო განცხადებით “სთხოვა“ ირინეოსს გადამდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ითვლება მსოფლიო პატრიარქად, საეკლესიო კანონებით მას უფლება არ ჰქონდა იერუსალიმის პატრიარქისთვის ასეთი მოთხოვნა წაეყენებინა.
ბატონო ლაშა, როგორ გადააყენეს პატრიარქი და რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი?
– პატრიარქის გადაყენების უფლება აქვს სინოდს და სამ სახელმწიფოს: ისრაელს, პალესტინას, იორდანიას. იერუსალიმის ეკლესიის კანონის თანახმად პატრიარქის გადაყენება შეიძლება სამ შემთხვევაში: თუ ის გახდა ერეტიკოსი, თუ მენტალურად შეიშალა და თუ ფიზიკურად აღარ შეუძლია საპატრიარქოს მართვა. პატრიარქის გადაყენების არცერთი მიზეზი არ იყო კანონიერი. არც აღნიშნული სამი საბაბი არსებობდა, და არც სინოდის სხდომა მოუწვევია მოქმედ პატრაირქს, არც საპატრიარქოს სინოდის დარბაზში გამართულა კრება, რასაც იერუსალიმის ეკლესიის წესდება ითვალისწინებს. მას შემდეგ რაც ირინეოსი არ დაეთანხმა მოთხოვნას, კონსტანტინოპოლმა ეკლესიათა მეთაურების სპეციალურ შეკრებაზე დააყენა საკითხი იერუსალიმის პატრიარქის დიპტიხიდან ამოღების შესახებ, სადაც კონსტანტინოპოლში 14-დან ჩავიდა 11 ეკლესიის დელეგაცია, აქედან 7 დაეთანხმა მსოფლიო საპატრიარქოს მოთხოვნას, ხოლო 4 არა. ესენი იყვნენ: ანტიოქია, პოლონეთი, საქართველო და სერბეთის ეკლესიები. 2005 წელს 25 მაისს იერუსალიმის პატრიარქი კონსტანტინოპოლში მიღებული დეკლარაციის თანახად და დაჩქარებული წესით, 26 აგვიტოს აირჩიეს ახალი პატრიარქი თეოფილოსი.
რა მოხდა შემდეგ, რა პირობებეში ჰყავდათ დატყვევებული პატრიარქი ირინეოსი?
– ირინეოსი გადააყენეს პატრიარქობიდან, წაართვეს მღვდელმსახურების უფლება, უთხრეს შენ ხარ ბერი და კეტავენ მისსავე კელიაში, რომელის ფანჯარა მაცხოვრის საფლავის ეკლესიისკენ მიმავალ ქუჩაზე გადის. კელიას ჰქონდა თავისივე ჭიშკარი, გისოსები, შემდეგ ჩაუყენეს კიდევ ერთი გისოსი და შემდეგ ტუნელში შესასველი კიდევ ერთი გისოსი. ასე, სამ გისოსში ჰყავდათ გამოკეტილი. 2008 წლიდან მოყოლებული მას მზის შუქი არ ენახა. მასთან არა თუ სანახავად, არამედ საჭმლის შესატანადაც კი არავის უშვებდნენ. ერთი მუსლიმი მამაკაცი აწვდიდა მუდმივად საკვებს, თოკით უშვებდა კალათს კელიაში. მას არც ერთი კბილი აღარ აქვს, ყველას იძრობდა თოკით, რის გამოც ინფექცია შეეჭრა და მოუვიდა სისხლის ინტოქსიკაცია. ექიმიც კი არ შეუშვეს მის სამკურნალოდ. ეგონათ მოკვდებოდა და იერუსალიმის საპატრიარქოში კანონიკური წყობა აღდგებოდა, მაგრამ ეს ვარაუდიც არარეალური იყო. როგორც ერთ-ერთმა არქიმანდრიტმა ბრძანა: „იერუსალიმში კონინიკური წყობის აღდგენის მიზნით ირინეოსი ერთი წუთით მაინც უნდა დაბრუნდეს საპატრიარქო ტახტზე, თქვას რომ გადავდექი, ან დაბრუნდეს და სული განუტევოს.“
როგორ მოხდა მისი გამოხსნა ტყვეობიდან და რა სიტუაციაა ახლა იერუსალიმის საპატრიარქოში?
– 2015 წლის 27 ოქტომებრს არქიმანდრიტი კელადიონი, რომლესაც პატრიარქის გისოსების გასაღები ეპყრა ხელთ, გარდაიცვალა სიმსივნით. 5 ნომებერს კი ირინიეოსი გონებას კარგავს და გადაჰყავთ „ჰადასას“ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად. ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში იწვა უგონო მდგომარეობაში. დღევანდელ პატრიარქ თეოფილოსს და იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენლებს ეგონათ ბოლო დღეებს ითვლიდა ირინეოსი და დაიწყეს მის მოსანახულებლად სიარული, ფოტოების გადაღება და საზოგადოებაში გავრცელება, რომ თითქოს ყურადღებას აქცევენ ავადმყოფს. საავადმყოფოს ხარჯებიც საპატრიარქომ აანაზღაურა. მაგრამ, მოხდა სასწაული, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატრიარქი გამოჯანმრთელდა და მერე უკვე აღარ მიეცათ საშუალება კვლავ დაეტყვევებინათ იგი. ხალხიც აუჯანყდა და აღარ მისცეს ამის უფლება. დღეს, პატრიარქი ირინეოსი სუსტადაა, მაგრამ თავისუფალია. დადის ექიმთან უპრობლემოდ, ხალხსაც შეუძლია მასთან მისვლა. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ მოილოცა ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები, რის უფლებასაც ამდენი წლის მანძილზე არ აძლევდნენ. დიდი სიხარულითა და პატივით ხვდებიან ყველგან, ტაძარში შესულს აღსავლის კარს უღებენ და ისე შეჰყავთ საკურთხეველში. იგი კვლავ საპატრიარქო შესამოსელით დადის. ყველამ იცის, რომ ირინეოსი უკანონოდაა გადაყენებული. ყველაზე უკეთ კი ეს დღემდე მოქმედმა პატრიარქმა თეოფილოსმა იცის. ეს არა მარტო ეკლესიისთვისაა ცუდი, არამედ ეს არის 21 საუკუნეში ადამიანების უსულგულობის, ინდიფერენტულობის, გაციების, ადამიანის უფლებების დარღვევის ცოცხალი მაგალითი.
სოფიკო ნინიკაშვილი