სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი “ნუმიზმატიკური საგანძურის” მუდმივმოქმედ ექსპოზიციას წარმოადგენს.
გამოფენა დღეს გაიხსნება და მას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნუმიზმატიკურ კოლექციას საზოგადოება ფართო მასშტაბით პირველად იხილავს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის ისტორია ძვ.წ. VI საუკუნიდან 1834 წლამდე.
დამთვალიერებლისთვის გამოფენა პრემონეტარული ნივთების გაცნობით დაიწყება, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა წონის და ზომის ბრინჯაოს მასიური რგოლები (ძვ.წ. II-I ათასწლეული), კაური (ინდოეთის ოკეანეში გავრცელებული მოლუსკის ნიჟარა) და შრომის სხვადასხვა იარაღი. აღნიშნული ნივთები უძველეს დროში საქონლის ღირებულების საზომად გამოიყენებოდა.
ექსპოზიციაზე გამოფენილი იქნება კოლხური თეთრის იშვიათი ნიმუშები, კოლხეთის მეფის აკეს სტატერი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ადგილობრივი მინაბაძები, რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დენარებისა და რომაული საიმპერატორო აურეუსების იბერიული იმიტაციები. დამთვალიერებელი ასევე პირველად იხილავს ქართულ-სასანურ იშვიათ დრამებს, ჯაფარიანების თბილურ დირჰემებს, პირველი ბაგრატიონების ბიზანტიურტიტულიან ვერცხლის ქართულ საფასეებს, დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტას, რუსუდან დედოფლის უნიკალურ დრამას, გიორგი IV ლაშას უნიკალურ სპილენძის მონეტას, ყვარყვარე ათაბაგის, იმერეთის, ქართლ-კახეთის მეფეების მონეტებს და სხვა.
“საქართველოში ფულის მოჭრის ისტორია ოცდაშვიდ საუკუნეს ითვლის. კოლხეთი მთელ მსოფლიოში სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველეს კერად ითვლება. აქ მონეტების მოჭრა და ფულის მიმოქცევა ძვ.წ. VI საუკუნეში იწყება”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის მხარდამჭერია “ლიბერთი ბანკი”.





