დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზიკას ვირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულ თემაზე დღეს ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში თანამშრომლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
”ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არავითარი პანიკის საფუძველი მოსახლეობისთვის არ არსებობს, რამდენადაც, საქართველოში წყარო, დაინფიცირებული ადამიანი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ჩვენი ეპიდზედამხედველობის სისტემა განსაკუთრებით გამკაცრებულია ამ თვალსაზრისით, რომ არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ გაიპაროს. ხაზს ვუსვამ, რა თქმა უნდა, თეორიული რისკი არის, რამდენადაც საქართველოში არსებობს ამ ვირუსის გადამტანი კოღო. ამიტომ ყველა ღონისძიება ტარდებოდა, ტარდება და გატარდება იმისათვის, რომ რისკის მინიმიზაცია მოვახდინოთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წელს კიდევ უფრო გაფართოვდა სადეზინსექციო სამუშაოების მასშტაბი. ანაკლიიდან სარფამდე შენობა-ნაგებობები და წყალსატევები დამუშავდება. დაწყებულია სამუშაოები, რომელიც ვირუსის გადამტანი კოღოს საწინააღმდეგოდ არის მიმართული.