განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფოს მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილი ფინანსური დავალიანებისდაფარვას მიესალმება. ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა.
ამავდროულად, ცენტრი ადასტურებს, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებების, მათ შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების და ერთი წლის ვადით სტუდენტთა მიღება შეიზღუდა.
ცენტრი განმარტავს, რომ ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილი არაა, გადაწყვეტილება კანონით დადგენილი სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე ხელახლა გადასინჯოს.
„შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, უწინარეს ყოვლისა, უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარმოადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნეს პროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული სტუდენტთა უფლებები“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






