ჯადოსნურ სამყაროში სურვილები და ოცნებები ხდება. მაგიური ჯოხით, უჩინმაჩინის მოსასხამით და მფრინავი ცოცხებით, ზღაპრის გმირები სურვილებს რეალობად აქცევენ. თუმცა, რეალურ სამყაროშიც ხდება ოცნებები და ერთ დღეს პოტერის მოყვარულმა ბიჭმა სურვილები სხვა ბავშვებსა თუ დიდებს აუხდინა და შექმნა „ჰარი პოტერის აქსესუარების“ ონლაინ მაღაზია. გიორგი გიქორაშვილი მეორე არასრულწლოვანია საქართველოში, რომელმაც საკუთრი ბიზნესი წამოიწყო და დღეს მას წარმატებით მართავს. „თბილისი თაიმსს“ გიორგი ბრენდის შექმნისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ „ჰარი პოტერის აქსესუარების“ მაღაზია?
– ბავშვობაში არ მიყვარდა კითხვა და ამის გამო ჩემი მშობლები ძალიან წუხდნენ. სწორედ ამიტომ, ჩემს მეათე დაბადების დღეს დედამ გადაწყვიტა, ჩემთვის ჰარი პოტერის შვიდივე წიგნი მოეტანა საჩუქრად. ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი, რომ მე მათ არ წავიკითხავდი, თუმცა ყველას გასაოცრად, შვიდივე ნაწილი ერთ თვეში წავიკითხე. სწორედ აქედან გაჩნდა სიყვარული წიგნისა და განსაკუთრებით კი ამ პერსონაჟების მიმართ. სრულიად შემთხვევით, ამაზონის საშუალებით ვნახე ჰარი პოტერის აქსესუარები.ძალიან მინდოდა ყველა მათგანი მქონოდა, თუმცა იმ ეტაპზე საქართველოდან გამოწერა შეუძლებელი იყო. ჩემი ოჯახის მეგობარმა , რომელიც ამერიკაში იყო, ჩამომიტანა ის ნივთები, რომლებიც ძალიან მინდოდა. საოცარი ემოციები იყო. ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ისეთი მაღაზია, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს საშუალება ჰქონოდა შეეძინა საყვარელი წიგნის გმირების ნივთები.
რამდენი ხანია რაც ონლაინ მაღაზია არსებობს?
– საკმაოდ დიდი და რთული გზა გავიარე, სანამ მიზანს მივაღწევდი და გავხსნიდი მაღაზიას. აღმოვაჩინე ერთ-ერთი ამერიკული კომპანია, რომელსაც აქვს უფლება აწარმოოს ბრენდის ნივთები, ამიტომ დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში მუდმივი მიმოწერა მქონდა მათთან, რათა გავმხდარიყავით ექსკლუზიური პარტნიორები საქართველოში. რამდენიმე თვის წინ მომივიდა შეტყობინება თანხმობის შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერში ჩემი მშობლების დამსახურება უდიდესია. ისინი პირველი დღიდან ჩემს გვერდით დგანან და მეხმარებიან ამ ყველაფერში.
როგორ შეხვდა მომხმარებელი აღნიშნულ სიახლეს?
– მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ ჩვენი მაღაზია.როდესაც ნახულობენ და ამოწმებენ ხარისხს, ხვდებიან რომ მაღალი ხარისხის ამერიკული პროდუქციაა,ძალიან მოსწონთ. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით მათ სურვილებს და ვცდილობთ სრულიად მოვერგოთ მათ ინტერესებს.

როგორ შეუძლია მომხმარებელს პარი პოტერის აქსესუარების შეძენა?
– ამ ეტაპზე მასალების შეძენა შესაძლებელია ფეისბუკის გვერდისა და საიტის საშუალებით. მომხმარებელს ყოველგვარი ზედმეტი მიწერისა და ლოდინის გარეშე, შეუძლია აირჩიოს სასურველი პროდუქცია და უკვე ფეისბუკის გვერდიდანვე შეიძინოს სასურველი ნივთი ელექტრონულად. შემდგომში შეძენილ ნივთს, კურიერის საშუალებით სახლში მიიღებს.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს და როგორია ფასები?
– ნელ-ნელა ვცდილობთ გავაფართოვოთ ჩვენი პროდუქცია და უფრო მეტი აქსესუარი შევთავაზოთ მომხმარებელს. ამჟამად გვაქვს 84 დასახელების ნივთი. სამომავლოდ ვაპირებთ გაფართოვებას, ვგეგმავ მანტიების ჩამოტანას. ამ ეტაპზე მათ საშუალება აქვთ შეიძინონ სხვადასხვა ფერისა და დიზაინის ჩანთები, ყელსაბამები, ბეჭდები, ქუდები, საათები, საფულეები. ყველანაირად ვცდილობთ ფასები ძალიან დაბალი იყოს, ამიტომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ მაღაზიის გახსნისგან თავს ვიკავებთ, რადგან ეს ხარჯებს ორმაგად გაზრდის, რაც შემდგომ უკვე პროდუქციის ფასებზეც აისახება. ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ შეუძლია მომხმარებელს შეიძინოს სასურველი ნივთი. ჩვენ წარმატებას არ ვზომავთ ნულებში. ამიტომ ფასებიც საკმაოდ ხელმისაწვდომი გვაქვს, ისეთი რომ ყველა შეძლოს მათი შეძენა და ეს ვიღაცისთვის მიუწვდომელ ოცნებად არ დარჩეს.
გეგმავთ თუ არა რომ მსგავსი სახის პროდუქცია თავად აწარმოოთ საქართველოში?
– ამ ეტაპზე მხოლოდ პროდუქციის იმპორტი ხდება, თუმცა ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რომ გვქონდეს უფლება საქართველოშიც ვაწარმოოთ მსგავსი აქსესუარები, რა თქმა უნდა, ყველანაირი წესებისა და იურიდიული საკითხების დაცვით.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– სამომავლოდ ვგეგმავთ დავამატოთ კომიქსების და მარველის ნივთები.უახლოეს მომავალში შეიქმნება საიტი, სადაც მომხმარებელს შეეძლება ამ ყველაფრის შეძენა. რაც შეეხება ჰარი პოტერის აქსესუარებს, უახლოეს მომავალში, კიდევ უამრავი ნივთი დაემატება. სამომავლოდ ვგეგმავთ მონაწილეობა მივიღოთ წიგნის გამოფენაში. ასევე მინდა დავამატო ისიც რომ, ჩვენი ნივთების შეძენით მიღებული თანხის გარკვეული პროცენტი ერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციას ამერიკაში, რომელიც ეხმარება ბავშვთა სახლებს. ძალიან გვინდა, მომავალში მსგავსი სახის საქველმოქმედო შვილობილი ორგანიზაცია დავაარსოთ საქართველოში, რომელიც დაეხმარება ქართველ ბავშვებს.
მარიამ ლეკიაშვილი







