„კოსმო“ დეიდაშვილების სოფო მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდია, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. გოგონების საწყისი კაპიტალი 5 ლარი ლარი იყო, მაგრამ სამი წლის შემდეგ „კოსმოს“ აქვს სამი მაღაზია, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სახელოსნო და რაც მთავარია პროდუქციის „კოსმოსური“ არჩევანი. „თბილისი თაიმსს“ Cosmo-ს შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ სოფო მუხულიშვილი ესაუბრა.

თქვენ შესახებ რომ მოუყვეთ ჩვენს მკითხველს, როგორ შეიქმნა „კოსმო“?
– მე და თამუნა ზაფხულს ერთად ვატარებდით, ვთამაშობდით თოჯინებით და მათთვის ვკერავდით სხვადსხვა ლამაზ-ლამაზ ტანსაცმელს. ერთ ზაფხულს, სრულიად შემთხვევით გავაკეთეთ ხელნაკეთი გულსაკიდი, რომელიც ძალიან მოგვეწონა.მაშინ ახალი იყო ხელნაკეთი ნივთები ქართულ ბაზარზე, ამიტომ ვიფიქრეთ, გაგვეკეთებინა ფეისბუკის გვერდი და გვენახა, მოეწონებოდა თუ არა მომხმარებელს ჩვენი გულსაკიდები, ასე შეიქმნა „კოსმო“. ვქსოვდით ყელსაბამებს, ვქმნიდით სხვადასხვა ნივთს. მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ ეს ყველაფერი ხალხს ძალიან მოსწონდა, გადავწყვიტეთ ამ საქმიანობისთვის ხელი სერიოზულად მოგვეკიდებინა.
საიდან მოდის თავად ბრენდის სახელი და რასთანაა დაკავშირებული?
– სახელი „კოსმო“ კოსმოსიდან წამოვიდა. გვინდოდა, გვქონოდა ბრენდი, რომელიც იქნებოდა გლობალური და ამოუცნობი, რომელიც მოიცავდა და გააერთიანებდა ყველაფერს. ამას დაემატა ისიც, რომ პირველი ყელსაბამი კოსმოსის გამოსახულებით იყო.

სად არის შესაძლებელი „კოსმოს“ შეძენა ?
– თავიდან მხოლოდ ფეისბუკის გაყიდვებით შემოვიფარგლებოდით. გაყიდული ნივთებიდან მიღებული თანხა დავაგროვეთ და უკვე „კოსმოს“ დაფუძნებიდან ნახევარი წლის შემდეგ გავხსენით ჩვენი პირველი მაღაზია ვარკეთილის სავაჭრო ცენტრში. მომდევნო ცხრა თვეში კი კიდევ ერთი- გლდანის ფილიალი, იმავე პერიოდის შემდეგ, გავხსენით ასევე ქავთარაძის ფილიალი. დღეს ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მაღაზიებისა და ფეისბუკის საშუალებით. ასევე ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს და გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი. გარდა ამისა,უახლოეს მომავალში ვგეგმავთ შეიქმნება ვებგვერდი. მინდა აღვნიშნო ის, რომ საქართველოში პირველი ხელნაკეთი ნივთების ბრენდი ვიქნებით, რომელსაც აქვს სამი მაღაზია, სახელოსნო( ძალიან მალე, დაახლოებით ერთ თვეში ვგეგმავთ ახალი აპარატურის დამატებას), ასევე გვექნება ონლაინ გაყიდვები და განვადება გარკვეულ ნივთებზე. ასევე ვიღებთ სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობას. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ქუთაისსა და მესტიაშიც.
როგორია ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია „კოსმოს“ შეძენა ყველასთვის?
– ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ სპეციალური განათლება არ მიგვიღია და ვართ თვითნასწავლები, ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და მუდმივად ვცდილობთ შევქმნათ საუკეთესო ხარისხის დახვეწილი ნივთები. ჩვენი მიზანია, ის პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებლებს, რაც მათ უნდათ რომ შეიძინონ საკმაოდ დაბალ ფასად. ხელნაკეთი ნივთი ზოგადად ძვირია როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც არ იქნება გათვლილი მხოლოდ მაღალ სეგმენტზე, ძალიან გვინდა ჩვენი პროდუქციის ყიდვა შეეძლოს ნებისმიერ მომხმარებელს .
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?
– წარმოება დავიწყეთ ყელსაბამებით, ბეჭდებით, სამაჯურებით და მსგავსი აქსესუარებით. დაახლოებით ექვსი თვის წინ დავიწყეთ ტყავზე მუშაობა და ამ ეტაპზე გვაქვს ტყავის არტ-ჩანთები და ბლოკნოტები. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დავამატოთ მამაკაცების ხაზიც.
ვინ ქმნის „კოსმოს“?
– ამ ეტაპზე კოსმოში 15 ადამიანია დასაქმებული. მინდა ვთქვა რომ „კოსმოს“ გამორჩეული გუნდი ჰყავს, რომლის თითოეული წევრი ერთნაირად ვზრუნავთ მის განვითარებაზე. არ გვიყვარს ერთფეროვნება, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ დავამატოთ და შევქმნათ ახალი ნივთები. ასევე, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მომხმარებლების ინტერესებს და მათი სურვილების მიხედვითაც ვქმნით ახალ ნივთებს. ნივთებს მე და თამუნა ვქმნით და ასევე სახელოსნოში დავიმატეთ ორი თანამშრომელი, რომლებიც მუშაობენ ხესა და ტყავზე.

რა გამოარჩევს კოსმოს სხვებისგან?
– ჩვენ ჩვენი მრავალფეროვნება გამოგვარჩევს და ჩვენი სერვისიც. თუნდაც ის. რომ ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს, გვაქვს ძალიან კარგი მომსახურება. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა-ჩვენი გუნდია. გარდა ამისა, გვაქვს ისეთი პროდუქცია, რომელიც მხოლოდ ჩვენია და სხვა არავინ ამზადებს. ასევე ხდება დაზიანებული პროდუქციის შეკეთება და გადაცვლაც, რაიმე ხარვეზის შემთხვევაში.
როგორია „კოსმოს“ სამომავლო გეგმები?
– როგორც უკვე აღვნიშნე, გვინდა, ახალ წელს სრულიად ბევრი სიახლით შევხვდეთ. ვგეგმავთ გაფართოვებას და გადავდივართ ახალ სახელოსნოში, რომელშიც აუცილებლად მოეწყობა შოურუმი. უახლოეს მომავალში დაემატება ონლაინ მაღაზია და ახალი პროდუქციაც. ასევე ძალიან გვინდა, გავიდეთ უცხოეთის ბაზარზე. ამ ეტაპზე ჩინეთში, ერთ-ერთი ქართული ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაში წაიღეს ჩვენი რამდენიმე ნივთი. ასევე, სექტემბრის ბოლოს იქნება გამოფენა „ეთნოფესტი“ და აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ძალიან გვინდა მუდმივად განვვითარდეთ და სრულად ავითვისოთ საქართველოს ბაზარი.
მარიამ ლეკიაშვილი







