ტენდერი დასრულდა და თბილისს მალე 220 ახალი ავტობუსი ეყოლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„საუბარია 8-მეტრიან ავტობუსებზე, რომლებიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, WiFi მოდემით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WiFi-ს სიგნალით დაფარვას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
მომწოდებელმა ეს ავტობუსები 8-თვიან პერიოდში უნდა შემოიყვანოს და ამისთვის, ხელშეკრულების პირობებით, თბილისის მუნიციპალიტეტი 64 მილიონ 790 ათას ლარს გადაიხდის.