გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სამუშაოების ღირებულებამ 1.6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერა.

„მუნიციპალური განვითარების ფონდმა გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები 2 ეტაპად განახორციელა. პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა გელათის მონასტერთან ვიზიტორთა ცენტრის, საპირფარეშოს, ავტოსადგომის და წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას. მეორე ეტაპის სამუშაოების შედეგად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზირებულ საყრდენ კედელს. მოეწყო მანიშნებლები, ბორდიურები, ღობე და ავტოსადგომისთვის გარე განათება. მოასფალტდა ტაძრამდე მისასვლელი 600-მეტრიანი გზა. ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტი ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებას და ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას,“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

Please follow and like us: