პროექტ RIHA-ს შესახებ დღეს საქართველოში უკვე ბევრმა იცის – ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი, რომელიც სვანურ ფესვებზეა აღმოცენებული. ის რატი ონიანს ეკუთვნის – რატი ახალგაზრდა მუსიკოსია, მისი მუსიკალური ისტორია ადრეული ბავშვობიდან იწყება და დღემდე გადის გზას, რომელიც უსასრულოა.
რატის პირველი ალბომი 16 კომპოზიციას აერთიანებს. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ისტორია, მოცემულობა – რომელშიც შეიქმნა და მიზნები და მიზეზები, რის გამოც საჭირო გახდა მათი არსებობა. ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი კომპოზიციების შესახებ „თბილისი თაიმსს“ დეტალურად უყვება.
Awoken eye (prologue) – ალბომის პროლოგს თითქოს მისტიკური, მძიმე მეტალის დამახასიათებელი ბასის პარტიით ვიწყებ, რომელიც მძიმეა. ალბათ, ამ პერიოდში შინაგან სიმძიმესაც ვგრძნობდი, მსოფლიოში გამეფებული პანდემიის გამო, მაგრამ თითქოს იმედიც მქონდა უკეთესი დღეების. კომპოზიციაზე ბევრი არ მიფიქრია, ყველაფერი ბუნებრივად და უეცრად მოვიდა, ბასის სიმებს ავყევი და დინებამაც სადღაც წამიყვანა.
The first rays of sunshine – ეს ინსტრუმენტალი ჩემს მეგობართან, ანანო კანკიასთან ერთად შევქმენი. იგი ალბომში ყველაზე ძველი კომპოზიციაა (2019 წელს ჩაწერილი, დანარჩენი კომპოზიციები 2020 წელს დავწერე (ზოგი მარტო, ზოგი რამდენიმე მუსიკოსთან ერთად) ). First Rays Of Sunshine ალბომის ყველაზე მშვიდი კომპოზიციაა, მეორედ სწორედ იმიტომ ავირჩიე, რომ მეგონა, გავანეიტრალებდი ოდნავ შექმნილ დაძაბულობას. მზის სხივიც ხომ პოზიტიური დღეების მომტანია. უკულელესთან ერთად (რომელზეც ანანო უკრავს), დაირა და სინთეზატორი ისმის ბასის თანხლებით.
Hope or die (To C-19) – კომპოზიცია ვირუსის ყველაზე რთულ პერიოდში დავწერე, სანამ ალბომზე დავიწყებდი მუშაობას. მაშინ არც ვფიქრობდი ალბომის შექმნას. მარტი იყო, გარეთ ციოდა და ეს მძიმე კომპოზიციაც იმ პერიოდის ანარეკლია, როდესაც არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ამ პერიოდში ხშირად Type O Negative-ს ვუსმენდი (ამერიკულ გოთურ მეტალ ბენდს), რამაც გარკვეულწილად შემაყვარა ბასის მძიმე და ბინძური ჟღერადობა. ამ კომპოზიციის შექმნიდან მალე Beastie Boys აღმოვაჩინე. ამ ბენდმა გონება გამიხსნა და ისეთი მუსიკალური სტილები შემაყვარა, რომელსაც მანამდე არ ვუსმენდი (ჰარდქორ პანკი, ჰიპ-ჰოპი)
An other (Interlude) – კომპოზიცია ძალიან პატარაა და არის „რაღაც სხვაზე“. ეს შესავალია შემდეგი კომპოზიციის. Mkalviani (Dev Of The Tree) კარიბჭე, რომელიც გზას უხსნის მითოლოგიურ თემას. ეს ალბომში ერთადერთი კომპოზიციაა, სადაც რეალური ბას-გიტარის ნაცვლად სინთეზატორზე ვუკრავ ბასის მინი-პარტიას.
Mkalviani (dev of the tree) – „მკალვიანი“: ასე შევარქვი სვანური მითოლოგიის მიხედვით დევს, რომელიც ბოროტ ხის მჭრელებს ჭამს. დევს სახელი არ ჰქონდა, ამიტომ, ასეთი სახელი შევურჩიე. ამ კომპოზიციაში თანაავტორი ინგლისში მოღვაწე მუსიკოსი, ჩემი ძმა გიორგი ონიანია (Gyorgy Ono). ხის დევს არ უყვარს ის ადამიანები, რომლებიც ბუნებას ანადგურებენ და იგი მათი დაუძინებელი მტერია.
New life from us (revival) – ჩემს პირველ ალბომში, ალბათ, ერთ-ერთი უძვირფასესი კომპოზიციაა. მეგობრებთან ერთად, იპოდრომის მთაზე ტელეპატური კავშირი შედგა ჩვენ სამს შორის და ვუთხარი მათ, კომპოზიციას მოგიძღვნით-მეთქი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩემს პატარა დისშვილს ვეთამაშებოდი (აქამდე არ ვიცოდი, როგორ ჟღერდა მუსიკალური მოძრაობები გონებაში). როდესაც სახლში დავბრუნდი, ემოციურად იმდენად ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რომ დაკვრა მომინდა. ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტალია ალბომში, რომელშიც ბასის პირველივე ჩანაწერია (first take) გამოყენებული. იმდენად გადაბმულად და შეუჩერებლად დავუკარი, რომ მივხვდი, პარტია არ უნდა შემეცვალა. კომპოზიცია სწორედ მეგობრობასა და ბავშვებს მივუძღვენი (განსაკუთრებით, დისშვილს, ამ მუსიკალური საჩუქრის გამო).
Chained to hope melody – ეს კომპოზიციაც ანანო კანკიასთან ერთად შევქმენი. მგონია, მე და მას ძლიერი მუსიკალური კავშირი გვაქვს. იგი ფორტეპიანოზე უკრავს, მე ბასზე. ამ პერიოდში ჯაკო პასტორიუსის (გენიალური ამერიკელი ვირტუოზი ბასგიტარისტის) ბიოგრაფია წავიკითხე და იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ გადავწყვიტე, ჩემი პარტია ჯაკოსთვის მიმეძღვნა. იგი გამორჩეული იყო და იმსახურებს ამას. ინსტრუმენტალი სევდანარევია და ორივე ინსტრუმენტი მოძრაობს.
When the tree saw me – ალბომის სახელის იდეა („როცა ხემ დამინახა“) ბაკურიანში ყოფნის დროს დაიბადა, ვეძებდი უცნაური ფორმის ხეს და ერთ დღეს ვიპოვე ხე, რომელსაც ცენტრში თვალის ფორმა ჰქონდა და თითქოს გონება გამინათდა (აქამდე წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა ყოფილიყო ალბომის სახელი). ამ პატარა კომპოზიციაში მთავარი ინსტრუმენტი სინთეზატორია, მინიმალური ბასის გამოყენებით. ალბომის ყდა მამაჩემს, ჯაბა ონიანს ეკუთვნის.
Gates and farewells – ეს ბავშვობის მეგობარსა და ძლიერ კომპოზიტორთან, ანდრო გოგიბედაშვილთან (Saphileaum ,Farewell Warm Fields) ერთად შექმნილი კომპოზიცია, მგონია, ორი ადამიანის სულის გაერთიანებაა. როდესაც მახსენდება შექმნის პროცესი, მუდამ მაძლიერებს და მახარებს. კომპოზიცია ერთ დღეში დავასრულეთ და ვფიქრობ, ანდრომაც ზუსტად დაინახა ჩემი გზა და მეც მოვუფიქრე ისეთი ბასის პარტია, რომელმაც შეავსო იგი. ჩემი აზრით, მუსიკა ორ განსხვავებულ, მაგრამ ამავდროულად ძალიან ახლო ადამიანების მსოფლმხედველობას ცხადყოფს. ცხოვრება ერთობას ბუნებრივი განსხვავებებით ქმნის. ამ კომპოზიციაშიც ბასის პირველივე ჩანაწერია გამოყენებული.
Home of many ways – 2018 წლის ოქტომბერში პირველად ჩავედი ზემო სვანეთში: მესტიასა და უშგულში. იქ ენგურის ხმა ჩავიწერე (რომელიც ამ კომპოზიციას ფონად მიჰყვება). როდესაც მასზე მუშაობა დავიწყე 2019 წელს (მეგონა დავასრულებდი), მივხვდი რომ რაღაც სჭირდებოდა, რაც მას გაამდიდრებდა (თავდაპირველ კომპოზიციას „უსახელო სვანეთი“ ერქვა, რადგან სხვა სახელი ვერ მოვუფიქრე და მეგობარმა მირჩია ასე დატოვეო). 2020 წლის შუა პერიოდში კოლაბორაცია მოხდა ჩემსა („რიჰას“) გიორგი, ნოდარ და კოტიკო ქარცივაძეებს შორის, როდესაც მათ გურული სიმღერა „მასპინძელსა მხიარულსა“ იმღერეს, მე ბასი ავაყოლე და შემდეგ „უსახელო სვანეთთან“ გავაერთიანე. ასე დაიბადა „მრავალი გზის სახლი“, რომელიც არა მხოლოდ სვანეთსა და გურიას, არამედ საქართველოს მივუძღვენი.
Surfing through the frozen time – ეს მესამე და უკანასკნელი ინსტრუმენტალია ანანოსთან ერთად შექმნილი, რომელსაც ამ ალბომში მოისმენთ. იგი ამ ინსტრუმენტალშიც ფორტეპიანოზე უკრავს. მინდოდა, ბასის მძლავრი ტონი მეპოვა, ანანომ კი ლამაზი, კლასიკურ მუსიკასთან მიახლოებული მელოდია დაუმატა. ფონად, სხვათა შორის, მისი პატარა დის ხმები ისმის. მგონია, სახელი იმიტომ შევურჩიეთ ასეთი, რომ ბასი დაცურავს და დასრიალებს, ხოლო ფორტეპიანო გაჩერებული დროის შთაბეჭდილებას მიქმნის.
Crazy cat (pace of chaotic utopia) – ეს კომპოზიცია საქსოფონისტ ქამერდესთან ერთად შევქმენი. ფანკური ბასის პარტიას ქამერდემ თავისებური და ორიგინალური პარტია მოუფიქრა, ბოლოში იგი ამთავრებს სოლოთი. კომპოზიციის დასაწყისში ჩემი კატის – „ვარგის“ ხმას გაიგებთ. ალბათ, ამიტომ დავარქვი „გიჟი კატა“ (ქამერდემ სახელის მეორე ნაწილი მოიფიქრა: კომპოზიცია საკმაოდ ქაოტური და მოძრავია).
Revitalizing Nature – ეს კომპოზიცია ერთ-ერთია ალბომში, რომელიც ბუნებას და ცხოვრებისეულ მოგონებებს ეხება. სანამ ალბომის კეთებას დავიწყებდი, ორი უახლოესი ადამიანი და მეგობარი დავკარგე, მათ გარეშე არც ჟურნალისტი და არც მუსიკოსი არ გავხდებოდი. ბაბუების წასვლამ ტკივილთან ერთად ახალი გზა გამიხსნა და ეს კომპოზიცია თითქოს გონებას მიჯანსაღებს, როდესაც ვუკრავ მას. ვეცადე, ბას-გიტარას მელოდიური სახე მისცემოდა.
Accident free – ეს პანკური ინსტრუმენტალი, რომელსაც დასაწყისში ბას-სოლო მოსდევს, გიტარისტ სანდრო ქართველიშვილთან ერთად შევქმენი. როდესაც სანდროს ვკითხე, რა დავარქვათ მეთქი, „უბედური შემთხვევის, დაზიანების“ გარეშეო. იდეა ძალიან მომეწონა. პანკის სულს სანდრომ ბლუზის სულიც შემატა და გამოვიდა კიდევ ერთი საერთო მოგზაურობა.
Confused evil – ამ ინსტრუმენტალს ორი თვის განმავლობაში ვქმნიდი, საკმაოდ გამიჭირდა. არ ვიცოდი, როგორ დამეწყო, შემდეგ პერკუსიული თემა მომაფიქრდა, რომელიც შესავალია „დაბნეული ბოროტების“. წარმოვიდგინე და დამაინტერესა: ნეტავ, დაიბნა ბოროტება და გაქრა თუ ისევ არსებობს? ამას მსმენელი უკეთ უნდა მიხვდეს. მინდოდა, მძიმე ყოფილიყო, ეს გამომივიდა, ცოტა მელოდიაც მჭირდებოდა და ესეც ვიპოვე, ხანგრძლივი ძიების და მცდელობების მერე. ბოლოში პატარა გიტარის სოლოც მოჰყვება.
Natural differences (epilogue) – ალბომის ეპილოგში მთავარი ინსტრუმენტი ისევ ბას-გიტარაა, ისევე, როგორც უმეტესობა კომპოზიციაში. მინდოდა, მჭახე ბასის ტონი მეპოვა. არ ვიცოდი, როგორ დამემთავრებინა ალბომი და მივხვდი, რომ ცარიელად დამთავრდებოდა ეს კომპოზიცია, რომ არ დამეწერა. კომპოზიცია ბუნებრივ განსხვავებებზეა, იმ განსხვავებებზე, რომლებიც ცხოვრებას მრავალფეროვანს, მოულოდნელსა და იდუმალს ხდის.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ