ბიზნესი, რომლის შესახებაც ამ მასალაში გიამბობთ, უკვე მეორე ათეულ წელს ითვლის. დაახლოებით, 13 წელია, რაც, სახელოსნო „დეკ.არტი“ არსებობს. ის სამი მეგობრის მიერ არის დაფუძნებული: ნანუკა გიორგობიანი, ნინო იაგორაშვილი და ნატალია მინდიაშვილი. საერთო ინტერესების, გემოვნებისა და გეგმების მქონე ხელოვანებმა, მიიღეს გადაწყვეტილება, შეექმნათ განსხვავებული ნამუშევრები, საკუთარი ხელწერით. მათი საქმიანობა დეკორატიული ნივთების შექმნას გულისხმობს. უფრო ზუსტად, რით არის „დეკ.არტის“ პროდუქცია გამორჩეული – „თბილისი თაიმსს“ ნატალია მინდიაშვილი.

კონკრეტულად, რას ითვალისწინებს თქვენი საქმიანობა?
ჩვენი ძირითადი მიმართულება გახლავთ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, რომელიც თავისთავში ბევრ მიმართულებას მოიცავს.
სამხატვრო აკადემიაშიც დეკორატიულ გამოყენებითი ფაკულტეტი დავამთავრეთ, ქსოვილების დიზაინის განხრით.
ვმუშაობთ და ვქმნით პროდუქციას, სხვადასხვა სახის ტექნიკაში და სხვადასხვა გამოყენებისთვის. ჩვენთან შეხვდებით: ინტერიერისთვის განკუთვნილ ნივთებს, აქსესუარებს მანდილოსნებისთვის, ასევე, ვმუშაობთ გათანამედროვებულ ქართულ ტრადიციულ სამოსსა და აქსესუარებზე.
შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ ბაზარზე ჩვენ ჩვენი ნიშა გვაქვს დამკვიდრებული. ჩვენი ნამუშევრები ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ფერადოვნებით და სტილით, იქნება ეს ტანსაცმელი, სამკაული თუ ინტერიერის დიზაინისთვის განკუთვნილი ნივთები.

იდეის შესახებ გვიამბეთ – რა ისტორია აქვს “დეკ.არტს”?
ჩვენი ისტორია ძალიან საინტერესოა. როგორც უკვე გითხარით, ვართ სამი მეგობარი, ისე გამოვიდა, რომ სახელოსნოში სულ ერთად ვმუშაობდით და ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს იდეებს. ვერც კი მივხვდით – ისე გავხდით ერთი მთლიანი. თავიდან ჩვენთვის ვმუშაობდით და გამოფენისთვის ვემზადებოდით. შემდეგ ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა ჩვენი ნამუშევრები ნახა და შემოგვთავაზა, მისი კომპანიისთვის ხელნაკეთი ნივთები დაგვემზადებინა. ეს იყო პირველი დიდი გამოწვევა ჩვენი პატარა სახელოსნოსთვის. ერთ შეკვეთას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და მას შემდეგ არ გავჩერებულვართ.
მონაწილეობას ვიღებთ თითქმის ყველა გამოფენაში, საქართველოსა თუ მის საზღვრებს მიღმა. ჩვენი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო: საქართველოს საელჩოების მიღებაზე ჰოლანდიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში.
ვართ ეთნოფესტ 2016, 2018 და 2022 – ის მონაწილეები..
ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე გამოწვევებს და მუდმივად ახლის ძიებაში ვართ.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი არის “თიბისი ბანკისა” და ხელოვნების სასახლის პროექტ „ქართული ქსოვილის ახალი სიცოცხელე“- მონაწილეობის მიღება. შევქმენით ლაბადები ქართული ქსოვილის პრინტით, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ამ პროექტით გავხდით თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ გამარჯვებული და სამოსის დამზადება სრულად დაფინანსდა.
ახლა უკვე საახალწლოდ ვემზადებით. ვთნამშრომლობთ “გუდვილთან”, “სუპერთან”, სადაც შეძლებთ ჩენი საახალწლო სათამაშოების ყიდვას.
გვაქვს ასევე კორპორატიული შეკვეთები. ძალიან სასიხარულოა, რომ დიდი კომპანიები აფასებენ ხელნაკეთ ნივთებს და გვიკვეთავენ სასაჩუქრედ.

რა გამოარჩევს თქვენს პროდუქციას?
თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენი ნამუშევრები თავისი ფერადოვნებით და სტილით სრულიად გამორჩეულია. ჩვენი ნამუშევრების თითოეული დეტალი ხელით მუშავდება, ხელით იხატება.. სამივე მთელ სულს და გულს ვდებთ მუშაობაში და ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი კლიენტის მოთხოვნა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ..
იცოდეთ, რომ თქვენ უნიკალური ნივთის მფლობელი იქნებით. რადგან როცა საქმე ხელით ნამუშევარს ეხება, ორი ზუსტად ერთნაირი ნივთი არ და ვერ გამოვა.







