ცხელი ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად აქტუალური ხდება გამაგრილებელი სასმელების თემა, „თბილისი თაიმს“ შეეცადა გაერკვია თუ რა არჩევანს სთავაზობენ კომოპანიები მომხმარებლებს, რა სიახლეები იგეგემება ამ სეზონზე და რა ფასად შეძლებს მომხმარებელი გაგრილებას ცხელ სეზონზე.
გამოიკითხა გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი 6 კომპანია, აღმოჩნდა, რომ ექვსი გამოკითხულიდან სამი კომპანია („კოკა-კოლა“; „ზანდუკელი“; „კულა“) ახალი გამაგრილებელი სასმელის გამოშვებას გეგმავს. ექვსივე კომპანია აცხადებს, რომ წელს მათ პროდუქტზე ფასები უცვლელი დარჩება.
კოკა-კოლა: ”პროდუქციის მინიმალური ფასი არის 65 თეთრი, მაქსიმალური კი 2,35 ლარი. ფასების ცვლილება ამ სეზონზე არ იგეგმება. კოკა-კოლა ამ სეზონზე რეკორდული რაოდენობის სასმელის ამოშვებას გეგმავს, რადგანაც ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორები ვართ და ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს. ამ სეზონზე იგეგმება ასევე კოკა-კოლას ახალი ბრენდის გამოშვება და კომპანია მომხმარებლებს ამ სეზონზე უკვე არსებული პროდუქტების ახალ შეფუთვას შესთავაზებს. წინა წელთან შედარებით გაყიდვები 10 %-ით გაიზარდა, ამ სეზონზე კი, მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოვებასთან ერთად ვვარაუდობთ, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან გაიზრდება. წინა წელი კომპანიამ მოგებით დაასრულა. საქართველოს ბაზარზე კოკა-კოლა 56%-იან წილს ფლობს.”
პეპსი: ”სასმელის მინიმალური ფასი არის 70 თეთრი, ხოლო მაქსიმალური კი 2,3 ლარი. ფასების ცვლილება ამ სეზონზე არ იგეგმება. ჯერჯერობით სიახლეებზე ინფორმაციის გაცემა არ შეგვიძლია, თუმცა შეგვიძლია გითხრათ, რომ პეპსი მომხმარებლებს ამ სეზონზეც განსაკუთრებულ სიახლეებს შესთავაზებს. წინა წელთან შედარებით გაყიდვები საკმაოდ გაიზარდა, ამ სეზონზე კი, ვვარაუდობთ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. კომპანიამ წინა წელი მოგებით დაასრულა.”
ნატახტარი: ”ლიმონათზე მინიმალური ფასი 50 თეთრია და მერყეობს 2,2 ლარამდე, ჯერჯერობით ფასების ცვლილება არ იგეგმება და სავარაუდოდ ამ სეზონზე ეს ფასები შენარჩუნდება. წინასწარ ვერ დავასახელებთ ზუსტ ციფრს თუ რა რაოდენობის სასმელის გამოშვებას ვგეგმავთ ამ სეზონზე, რადგანაც ეს მთლიანად დამოკიდებულია ბაზრის მოთხოვნაზე. მთავარი პროექტი, რაზეც ნატახტარი ამჟამად მუშაობს არის – ”იზრუნე მომავალზე”, ეს არის სოციალური პროექტი, რომელიც მზრუნველობა მოკლებულ მოზარდებზეა გათვლილი, ”ფონდი ნატახტარის” ფარგლებში 162 მოზარდს მიეცემა საშუალება ინდივიდუალურად იმუშაონ ფსიქოლოგების გუნდთან რათა შეძლონ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. მთელი წლის განმავლობაში შეგროვდა 183 742 ლარი, რომელიც მთლიანად მოზარდებს მოხმარდება. ლიმონათის ექსპორტი ხორციელდება 22 ქვეყანაში, მათ შორისაა აშშ, ბელორუსია, მოლდოვა, პოლონეთი, უკრაინა, ლიტვა, ლატვია, საბერძნეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ნატახტარი გეგმავს კიდევ უფრო გაზარდოს საზღვარგარეთ ბაზარი. წინა წელთან შედარებით საკმაოდ გაიზარდა ბაზარი, ეს გარკვეულწილად გამოიწვია ”ფონდი ნატახტარის” საქველმოქმედო პროექტმა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ჩართულია აქციაში და შესაბამისად ამ სეზონზე ვფიქრობთ უფრო გაიზრდება გაყიდვები. წინა წელი ნატახტარმა მოგებით დაასრულა. ჩვენს კომპანიას საქართველოს ბაზარზე პირველი ადგილი უჭირავს.”
ზედაზენი: ”ლიმონათის მინიმალური ფასი 0,8 ლარიდან იწყება და 2 ლარამდე მერყეობს. ფასების ცვლილება ამ სეზონზე არ იგეგმება. ზედაზენი მუდმივად სთავაზობს სიახლეებს მომხმარებელს და ცდილობს მაქსიმალურად მეორგოს ბაზრის მოთხოვნას. ლიმონათი მსოფლიოს 18 ქვეყანის ბაზარზე გადის, ამ სეეზონზე სხვა ქვეყანაში ექსპორტი არ იგეგმება. წინა წელთან შედარებით ზედაზენის ლიმონათის გაყიდვები 50%-ით გაიზარდა, ამ სეზონზე კი ვფიქრობთ ეს მაჩვენებელი უფრო გაიზრდება. გასული წელი კომოპანიამ მოგებით დაამთავრა.”
ზანდუკელი: ”ლიმონათის მინიმალური გასაყიდი ფასი ქსელში არის 85 თეთრი ხოლო მაქსიმალური 2,3 ლარი, ამ სეზონზე ფასები არ შეიცვლება. იგეგმება სიახლეები და ახალი ბრენდის გამოშვება, ჯერჯერობით ბრენდის სახელი და ფორმა უცნობია.ზანდუკელის ლიმონათის ექსპორტი ხდება აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, კუვეითსა და აშშ, ამ სეზონზე იგეგმება ექსპორტის ზრდაც. წინა წელთან შედარებით გაყიდვები გაიზარდა და ამ სეზონზეც ამ ტენდენციის კიდევ უფრო ზრდას ველოდებით. წინა წელი ზანდუკელმა მოგებით დაასრულა. საქართველოს გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე კომპანიას 5-7 % უჭირავს.”
კულა: ”გამაგრილებელი სასმელის ფასუ მუყაოს შეფუთვაში არის 2 ლარი, ხოლო მინის ბოთლში 4 ლარი. ფასები ამ სეზონზე არ შეიცვლება. გამოსაშვები სასმელის რაოდენობა მთლიანად დამოკიდებულია ბაზრის მოთხოვნაზე. კულა გეგმავს ახალი პროდუქციის გამოშვებას, ეს იქნება უშაქრო წვენები, მხოლოდ ნატურალური პროდუქციით დამზადებული, შაქრისა და წყლის გარეშე. კულას გამაგრილებელი სასმელების ექსპორტი ხორციელდება გერმანიაში, რუსეთში, უკრაინასი, ბელორუსიაში, პოლონეთში, ისრაელში, ყაზახეთში, საბერძნეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ამ სეზონზე იგეგმება პროდუქციის ჩეხეთის ბაზარზე გატანა. წინა წელთან შედარებით გაყიდვები გაიზარდა, ამ სეზონზეც იგივე მოლოდინები გვაქვს. წინა წელი კულამ მოგებით დაასრულა.”
”თბილისი თაიმსი” ასევე დაუკავშირდა კომპანია – ”ყაზბეგს”, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავეს.
27.03.14
ნინა პირტახია






