დიასპორა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდეს პოტენციალს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე “ქართული დიასპორის დღეები 2014” განაცხადა.
მისივე განმარტებით, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საკუთარი უნარების, ბიზნესისა თუ საჯარო სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებითა და გამოყენებით შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
“მინდა მივულოცო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და ქართული დიასპორის დღე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მოსდევს და უკვე ტრადიციულად აღინიშნება. მინდა მივესალმო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემასა და სიყვარულს მათ მიმართ, ვინც საქართველოდან შორს ცხოვრობს, მაგრამ სამშობლოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის ცხოვრება და მათთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება. ისინი ყოველთვის უნდა გრძნობდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერას. ჩვენი ხელისუფლება სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენ შევქმენით დიასპორის მიმართ ახალი სტრატეგია. მეტი კომუნიკაციის მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შეიქმნა თანამემამულეთა გლობალური ქსელი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დიასპორის შესახებ ზუსტი მონაცემების უფრო ეფექტიანად შეგროვება. ამავე ქსელის ფარგლებში შეიქმნა ონლაინსკოლა. ჩვენს თანამემამულეებს მიეცემათ საშუალება ონლაინრეჟიმის გაკვეთილებით შეისწავლონ ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ეთნოგრაფია. ამით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ქართულ დიასპორაში ეროვნული თვითშეგნებისა და მშობლიური ენის შენარჩუნებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ საზღვარგარეთ არსებული დიასპორული ორგანიზაციების დახმარებას. ამ მიზნით გასულ წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოთხასი ათასი ლარი გამოვყავით. განხორციელდა სხვადასხვა კულტურული თუ სოციალური პროექტი. მათ შორის აღვნიშნავ ერთ–ერთ პროექტს – “ქართველი ექიმები თანამემამულეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის”, რომლის ფარგლებშიც საბერძნეთში, ქალაქ ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, სრულიად უანგაროდ, საქართველოდან ჩასულმა ექიმების ჯგუფმა უფასო გამოკვლევები ჩაუტარა. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებაში უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს ეკლესია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებს საზღვარგარეთ 74 ქართული სამრევლო აქვთ. საქართველოს ეკლესია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა უცხოეთში, სადაც ქართული დიასპორა ყველაზე ძლიერად გრძნობს საკუთარ ფესვებს, საკუთარ ისტორიას. დიასპორა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდეს პოტენციალს წარმოადგენს. უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საკუთარი უნარების, ბიზნესისა თუ საჯარო სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებითა და გამოყენებით შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ინტელექტუალური და ფინანსური რესურსის მოზიდვა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
აღნიშნულ კონტექსტში, პრემიერმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დაავალა, ქართული დიასპორისთვის ინვესტიციების კუთხით ფინანსური შეღავათების შემოღების თაობაზე მის ინიციატივაზე მუშაობა დაიწყოს.
“ჩვენ ქართული დიასპორის პოტენციალი სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ. მინდა დავავალო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, დაიწყონ ფიქრი და მუშაობა ჩემს ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ქართული დიასპორისთვის ინვესტიციების კუთხით ფინანსური შეღავათების შემოღებას გულისხმობს. მეგობრებო! ჩვენ მიზანია ქვეყანაში გვყავდეს რაც შეიძლება მეტი განათლებული, მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი. საზღვარგარეთ ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩამოყალიბებით ჩვენ ხელს შევუწყობთ წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში შეძენილი ცოდნის გამოყენებას საქართველოში. ქართველ სტუდენტებს, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ, ჩვენ ხელს შევუწყობთ იმაში, რომ მათ სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო უწყებებში გაიარონ, რათა კარგად დაინახონ ჩვენი ქვეყნის საჭიროებები და, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა საკუთარ სამშობლოს მოახმარონ, ჰქონდეთ თავიანთი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება”, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მისი ოცნებაა, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მალე დაბრუნდნენ ისეთ სამშობლოში, როგორიც ყველას წარმოგვიდგენია.
“ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს დიასპორას ვუსურვებ მათი და ჩვენი ყველაზე დიდი ოცნების ახდენას – საქართველოს გამთლიანებას, გაძლიერებას და მოწინავე ქვეყნად გადაქცევას, მათ ღირსეულ დაბრუნებას სამშობლოში და აქ საბოლოოდ დამკვიდრებას”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს.
27.05.14