„საქართველო უპრეცედენტო პაკეტს მიიღებს,“-ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ „მოამბისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ცნობილი ხდება ის ელემენტები, რომლებსაც ნატოს მიერ საქართველოსთვის შეთავაზებული ძირითადი პაკეტი მოიცავს.
თანამშრომლობის მომავალი ფორმის შინაარსზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები უკვე შეთანხმდნენ. მათ შორის იქნება ისეთი მინიშნებები, რომელთა გამოყენება საქართველოს არა ნატოს უელსის სამიტის შემდეგ, არამედ დღესვე შეუძლია.
აპატურაის თქმით, ნატო საქართველოს სტატეგიულ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება. მეორე, რასაც ეს პაკეტი ითვალისწინებს, საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრისა და საწვრთნელი ცენტრის გახსნაა.
„საქართველო უპრეცედენტო პაკეტს მიიღებს. მსგავსი პაკეტი, რომელიც საფუძველია ნატოსა და პარტნიორი თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ჩვენ არ მიგვიცია აქამდე ნატოს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოსთვის. რაც უკვე გადაწყვეტილია: საქართველოს მივცემთ საშუალებას, გახანგრძლივებული დროით, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩაერთოს. მეორე – ჩვენ ვპატიჟებთ და ვაძლევთ საშუალებას, მონაწილეობა მიიღოს ნატოს სტრატეგიულ მსჯელობაში. ეს არ იქნება მხოლოდ თავსებადობის თემებზე მსჯელობა. არამედ, ნატო იმსჯელებს მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებზე. ერთეულ სახელმწიფოებს შეუძლიათ რეგულარულად ჩაერთონ ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში.
ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ამ პაკეტით საქართველო ნატოს დაუახლოვდება. დაუახლოვდება სტრუქტურულადაც. საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ და ეს მართლაც სიახლეა. კარგად რომ აგიხსნათ, ნატო-საქართველოს კომისაში ვსაუბრობთ „28 + 1“ ფორმატში. დღეიდან კი შესაძლებლობა გვეძლევა ყველაზე ახლო პარტინიორებთან, ხაზს ვუსვამ, თავსებადობის მაღალი ხარისხის მქონე პარტნიორებთან ერთად ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა უკრაინა, ერაყი, აფრიკაში განვითარებული მოვლენები, მოვისმინოთ და გავცვალოთ მოსაზრებები ორგანიზაციის წინაშე არსებულ უდიდეს გამოწვევებზე.
არცერთ ასპირანტ ქვეყანას ეს შესაძლებლობა არ აქვს. ამაზე უკვე კონკრეტული შეკრების წინ იქნება დეტალები ცნობილი. ყველაზე მთავარი, ეს უკვე გადაწყვეტილია – არანაირი დამატებითი შეთანხმება ალიანსის წევრებთან საჭირო არ არის. ნატოს სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველო უკვე დღეიდან ერთვება და არა სამიტის შემდეგ.
კავშირი იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო. იმედი მაქვს, რომ ეს აღქმული იქნება, როგორც ნატოსკენ სვლა, ვინაიდან მსგავსი რამ ჩვენ აქამდე არავისთვის შეგვითავაზებია. ნატოს გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა ფართო სპექტრი წინადადებების, მაგალითად საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად გარკვეული ზომები. ასევე პროგრამები, რომლებიც მოითხოვს და მათი შესრულება განაპირობებს საქართველოში ნატოს მეტი პერსონალის ჩამოსვლას. ეს იქნება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. გენერალური მდივნის იდეაა -ასევე გაიხსნას საქართველოში საწვრთნელი სასწავლო ცენტრი – პარტნიორობა მშვიდობისთვის. ასევე ვფიქრობთ, ხომ არ დავუკავშიროთ ეს ცენტრი პირდაპირ ნატოს რომელიმე ქვეყანაში გახსნილ ცენტრს მეტი კავშირებისთვის. ესეც თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, რომელიც მოემსახურება ნატოს პროგრამებში, პროექტებში და დისკუსიებში საქართველოს ინტეგრირებას“,-აცხადებს აპატურაი.
მისი თქმით, ეს ყოველივე საქართველოს მთავრობის აქტიურობის, მუშაობის, ასევე ყოფილი ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგია. როგორც აპატურაი ამბობს, საქართველომ არსებით პაკეტით მიიღო მაქსიმუმი, რაც ამ ეტაპზე იყო შესაძლებელი.
„მოამბე“ დაინტერესდა, პაკეტში შევიდა, თუ არა ის ინიციატივა, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ჰქონდა და საქართველოში თავდაცვის სისტემების განთავსებას გულისხმობდა. მან თქვა, რომ კონკრეტულად ამ საკითხზე მსჯელობა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ნატო საქართველოს დაეხმარება, ინდივიდუალურად წევრებთან მოლაპარაკებებში და თუ ეს სექტემბრამდე გადაწყდება საქართველოსთვის პოზიტიურად, ამ არსებით პაკეტს აუცილებლად დაემატება.
აპატურაიმ ასევე ისაუბრა იმ კომუნიკეზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ნატოს სამიტზე უნდა მიიღოს. აპატურაი ელოდება, რომ ეს ძალიან მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის სიგნალი იქნება.
„ის, რაც საქართველოს უკვე აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტექნიკური თვალსაზრისით, სრულიად საკმარისი საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. წლიური ეროვნული პროგრამა და წევრობის სამოქმედო გეგმა თითქმის იდენტურია. ასევე ნატო-საქართველოს კომისია. დანარჩენ 3 ასპირანტ სახელმწიფოს ეს ფორმატი არ აქვს. საქართველოს ტექნიკური საშუალებები აქვს, ასევე დახმარების პროგრამები, სამოკავშირეო ოფისი, ეს ქველმოქმედება არ არის, საქართველოს წვლილი შეაქვს ნატოში.
ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ მადლობელი ვართ ISAF-ის მისიაში მონაწილეობით. რასაც ახალი პაკეტი გააკეთებს იმ ელემენტებით, რომელიც მე უკვე ჩამოვთვალე და კიდევ დამატებით აუცილებლად გამდიდრდება – ეს ნიშნავს საქართველოს ინტეგრირებას ნატოს ყოველდღიურ საქმიანობაში და ნატოს უფრო მეტ წარმომადგენლობას თქვენს ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით. წინ გვაქვს კომუნიკე, მე დარწმუნებული ვარ, სამიტის საბოლოო დოკუმენტში ჩაიწერება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მე ველოდები, რომ კომუნიკე იტყვის, რომ საქართველო რეფორებით შეტანილი წვლილით მიდის წინ წევრობის გზაზე, უახლოვდება ნატოს. ამით მინდა ვთქვა, რომ მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება არსებითი პაკეტის შესახებ არის ერთი, კომუნიკეში დაფიქსირებული პოზიცია, მისი სიძლიერე, კიდევ უფრო გაამყარებს მხარდაჭერას. ალიანსი ფიქრობს საქართველოს უსაფრთხოებაზე და არ სურს, რომ რუსეთის მხრიდან არსებული ზეწოლის გამო ჩვენ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებიდან ხელი აგვაღებინოს“,-აცხადებს აპატურაი.
მისი თქმით, შესაძლოა, საქართველოში იყო იმის მოლოდნი, რომ სექტემბერში ქვეყანა მაპს მიიღებდა, მაგრამ ის, რომ მაპი გადაცემული არ იქნება, არ ნიშნავს იმას, რომ ნატომ საქართველოსთან ურთიერთობაში უკან დაიხია.
აპატურაის „მოამბემ“ რუსეთის შესახებაც ჰკითხა. აპატურაის თქმით, ძალიან მკაფიოდ არის ნაჩვენები ამ პაკეტშიც და ღია კარის პოლიტიკაზე საუბარი კომუნიკეშიც დეტალურად იქნება. მისი თქმით, ეს იქნება სიგნალი არაკეთილმოსურნეებისთვის, რომ ნატო საქართველოს გვერდითაა.
აპატურაი საქართველოს 9-10 ივლისს ეწვევა. ის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.
შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის ახალ, ძირითად პაკეტს სტავაზობს.
26.06.14














