ცოტა ხნის წინ პუშკინის ქუჩაზე სარესტავრაციო სამუშაოების დროს, მნიშვნელოვანი ისტორიული ობიექტი წარმოჩინდა. ეს გახლავთ ძველი თბილისის გალავნის ნაწილი, რომელსაც საკმაოდ დიდი დატვირთვა ჰქონდა თბილისის ისტორიაში. თუმცა კი საზოგადოებაში ამ ფაქტმა დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია. ერთნი ამბობენ, რომ მისი აღმოჩენა არაფერს ნიშნავს და მხოლოდ პრობლემა გამოიწვია იმ მხრივ, რომ აქ ახლა საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივია, და კვლავ გზა უნდა გაკეთდეს, მეორენი კი მის შენარჩუნებასა და დაცვას ითხოვენ.
,,თბილისი თაიმსი” დაინტერესდა ამ მნიშვნელოვანი ძეგლით და თბილისის გალავნის ისტორიულ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე არქეოლოგ მერაბ ძნელაძეს ესაუბრა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მიმდინარე გათხრებს და საინტერესო ინტერვიუც შემოგვთავაზა.
ბატონო მერაბ გვესაუბრეთ ძველი თბილისის ახლადაღმოჩენილ გალავანზე, მის დღევანდელ მდგომარეობასა და პრობლემებზე.
ბარათაშვილის ქუჩაზე, რომ გალავანია, თბილისის ცნობილმა არქიტექტორმა ყავლაშვილმა წარმოაჩინა, ეს იყო ძველი თბილისის გალავნის ნაწილი.
პუშკინის ქუჩაზე, რაც გასულ წელს სამშენებლო სამუშაოებისას აღმოჩნდა ეს იყო იმ გალავნის გაგრძელება. ჩვენს მიერ წარმოჩნდა ქალაქ თბილისის დასავლეთი მხარის გალავანი. ესეეგი გაგრძელება იმ ნაწილისა, რაც ბარათაშვილის ქუჩაზე არის. ამ გალავანში, რაც გამოჩნდა არის ძალიან საინტერესო დეტალი, ეგრეთწოდებული ,,დიღმის კარი”. ჩვენ თუ ჩავხედავთ ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილ 1735 წლის ტფილისის რუკას, იქ ვნახავთ სწორედ ამ ,,დიღმის კარს”. ეს არის ქალაქიდან დასავლეთ მხარეს ამოსასვლელი, იგულისხმევა მცხეთის მიმართულებით. დიღომიც სწორედ ამ გზაზე გვხვდება და დასავლეთიდან მომავალი აღმოსავლეთისკენ შემავალი კარიბჭე. რაც ამ გაწმენდითმა სამუშაოებმა დააფიქსირა. კონკრეტულად რა მოხდა?!
ქალაქ თბილისის მერიამ, პუშკინის ქუჩაზე არსებული სახლების რეკონსტრუქცია დაიწყო, ანუ ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები. იმ პერიოდში, როდესაც გამაგრებითი სამუშაოები ტარდება აუცილებელია ფუნდამენტის გამაგრება, რადგან ეს შენობები საუკუნეზე უფრო ძველია და აუცილებელია მისი ქვედა ნაწილი იყოს საკმაოდ მყარი. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ის გალავანი (გალავნის ნაწილი) თავისი კოშკებით. დაახლოებით 110 მეტრზე გამოჩნდა 5 კოშკი სხვადასხვა ზომის გოდოლი დაფიქსირდა და რაც მთავარია თბილისის ძველი სახე, ის ქალაქი, რაც რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობამდე არსებობდა, როცა ოკუპაცია მოხდა (1801 წელს). მე იმ დროიდან გესაუბრებით, როცა ეს გალავანი დაინგრა.
1801 წელს საქართველო ოკუპირებულ იქნა რუსეთის მიერ. გაუქმდა სახელმწიფო ხელისუფლება და როგორც გუბერნია რუსეთის იმპერიას შეუერთეს. სწორედ ამ პერიოდში თანდათანობით პირველივე ათწლეულში, რაც კი თბილისში და ზოგადად საქართველოში ციხეები იყო, თითქმის ყველას მოუხსნეს გალავანი, რომ ქართველებს სურვილიც კი არ ჰქონოდათ მათ წინააღმდეგ ბრძოლისა.
თავისთავად გამოითქვა აზრი (მათ შორის ცნობილი სპეციალისტებისგან), რომ რა საჭირო იყო ამის გამოჩენა, გზაც დაპატარავდაო. მაგრამ მსოფლიოში ყველა ეჭიდება თავის წარსულის უმცირეს ნაწილებსაც კი. რაღაც პატარა, ასი წლის წინანდელსაც კი და ჩვენი ქალაქის საკმაოდ მნიშვნელოვანი ძეგლი გამოგვიჩნდა და მისი გაცვლა გზაზე ცოტა უხერხულიც კია, მიუხედავად იმისა, რაც უნდა მხცოვანი და სპეციალისტი არქეოლოგი იყო, თუ მეცნიერ-ისტორიკოსი. სამწუხაროდ შემცირდა გზა, ცალმხრივი გახდა, მაგრამ დიდი ისტორიული ძეგლი გამოჩნდა.
რა მდგომარეობაშია ამჟამად ძეგლი და რატომაა შეჩერებული სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები?
ძეგლი თავისთავად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ერთია მისი გამოჩენა და მეორე მისი შენარჩუნება. საერთოდ, როდესაც ძეგლის არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, თუკი ის მოითხოვს დარჩენას, ანუ შენარჩუნებას აუცილებელია მეორე ეტაპი, მისი გამაგრებითი, სარესტავრაციო, საკონსერვაციო სამუშაოები. აამ გალავანს დღეს აკლია ეს ყოველივე, რაც როგორც ჩანს ამ პოლიტიკურმა პერიპეტიებმა გამოიწვია. გარკვეულწილად, სამწუხაროდ ჯერ ამისთვის ვერ მოიცალეს, თუ არ მოიცალეს სხვა პრობლემაა. ჯერჯერობით, სამწუხაროდ მას ეს აკლია და კარგია თუ საზოგადოება სამუშაოების აღდგენას მოითხოვს, რომ როგორმე დროულად ჩატარდეს სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები. რადგან ძეგლი მოითხოვს არა მხოლოდ კონსერვაციას, არამედ გარკვეული ნაწილების მოყვანას, ისეთი იერით, რაც მოუხდება თავად ქალაქსაც და ცენტრსაც.
შეიძლება გარკვეული უკმაყოფილების გრძნობაც გაგვიჩნდეს, რადგან ხშირად მშენებლობა ზოგ შემთხვევაში, მითუმეტეს ძველ თბილისში არაა შეთანხმებული იმ სამსახურებთან, რომლებიც აუცილებელია, რომ იყვნენ საქმის კურსში და იყვნენ ამ საქმესთან ერთად. ეს არის გარკვეულწილად უარყოფითი ნაწილი, მაგრამ ის, რომ თბილისის ასეთი კარგი ძეგლი დაფიქსირდა, გამოჩნდა ეს საშურია და კარგია, ვინც არ უნდა თქვას უარყოფითი ამის შესახებ.
რომელ ეპოქას ეკუთვნის ძველი თბილისის გალავნის ეს ნაწილი?
ეს გალავანი, თუკი სიღრმეში ჩავწვდებით, საინტერესოა რა დროინდელია. როგორც ვიცით თბილისის ისტორიიდან, დედაქალაქი მრავალჯერაა დანგრეული და გაცამტვერებული, სამაგიეროდ ყოველთვის დგებოდა ფეხზე ქართველი ერის დამსახურებით. ეს არის დედაქალაქის დასავლეთი მხარე ანუ ,,კალა”. ვახუშტი ბატონიშვილის რუკას თუ შევხედავთ თავად ქალაქია შემოზღუდული თავისი გარეთუბნებიანად. უბნები ამ შემოზღუდული ნაწილის გარეთ იმყოფება, თუმცა ქალაქთან არის დაშორებული ყველაფრით, ცხოვრების წესითა და სხვა. თბილისი, როგორც ვახუშტი აღნიშნავს სამ ნაწილად იყოფოდა. საკუთრივ ტფილისი, კალა და ისნი (ანუ ისანი, მტკვრის გადაღმა მხარე). რაც შეეხება ტფილისს ეს არის აბანოთუბნის, ანუ ლეღვთახევის ის ნაწილი, რომელიც მდინარე წავკისის წყალს, რომელიც ჩამოუდის (დღეს გვირაბშია მოქცეული) მის მარჯვენა მხარეს, ანუ სადაც დღეს ძველი აბანოთუბანია განთავსებული. ხოლო კალა (ანუ ქალაქი, რომელიც შემოზღუდული იყო მთლიანად გალავნით), რამდენიმე ნაწილად იყოფოდა. ერთი არს დედა ციხე (სარეზიდენციო ადგილი), თავის მხრივ იყოფა მაღლა ციხედ და დაბლა ციხედ. დაახლოებით მეიდანთან ჩამოდიოდა დედა ციხისა და ქალაქის გამყოფი გალავანი. გალავანი მრავალჯერ დანგრეული და აშენებულია დამ ას სხვადასხვა ქრონოლოგიური ფენები, პერიოდები ეტყობა. აქ აღმოჩენილია თამარ მეფის დროინდელი მონეტები, მოჭიქული კერამიკა, სხვადასხვა ფერებიტა და ორნამენტებით შემკული ჯამი და ჭურჭელი. შეიძლება უფრო ადრეულიც ემჩნეოდეს.
რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობა?
კულტურული მემკვიდრეობა ბევრ ცვლილებებს მოითხოვს. ჵპარადოქსულია, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ძეგლები უფრო დაცული იყო ვიდრე დამოუკიდებლობის პერიოდში. დღეს ძეგლებს ნაკლები პატრონობა აქვს. ცვლილებებია გასატარებელი კულტურული მემკვიდრეობის კანონში, არ ვიცი რატომ არ კეთდება. ან არ იციან, ან შეგნებულად არ აკეთებენ. თავის დროზე კახა ბენდუქიძის დროს ისეთი ცვლილებები შევიდა კანონში, რომელიც შეეხო კულტურულ მემკვიდრეობას და ის, რომ ასეთი ცუდი მდგომარეობაა ამ კანონის დამსახურებაა. ამიტომ ხელისუფლებამ და ყველა ორგანომ თავისი საქმე უნდა გააკეთოს, მათ შორის კულტურაშიც და თუ იგივე ხალხი დარჩება ვინც მაშინ აფუჭებდა საქმეს და ახლაც ისინი იქნებიან, საქმეს არ ეშველება. ასე, რომ ცვლილებებია ჩასატარებელი.
ახლადაღმოჩენილ გალავანთან დაკავშირებით კი რამდენიმე მოსაზრება არსებობს, ერთია გზა შემცირდა. შეიძლება დარჩეს როგორცაა, ან ზემოდან ესტაკატა გაკეთდეს, ან ქვემოდან გვირაბი. ჱყველა ეს საკმაოდ რთულ საქმეს მოიცავს, როგორც მატერიალურს ისე ტექნიკურ საკითხებს. ამიტომ ეს მომავალს მივაკუთვნოთ. ამ ეტაპზე კი ჯობს გავამაგროთ, რესტავრაცია კონსერვაციის თვალსაზრისით. ეს კი ისევ და ისევ ქალაქმა და კულტურული მემკვიდრეობის სამსახურებმა უნდა გააკეთონ.
01.10.13
გიორგი ჩუბინიძე