”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა დღეს თბილისში არსებულ თეატრებში. დადიან თუ არა მაყურებლები სპექტაკლებზე, რამდენად ხელმისაწვდომია დღეს ბილეთის ფასი და თუ არიან თეატრები კულტურის სამინსიტროს მუშაობით კმაყოფილები, რამდენად ექცევა უწყების მიერ ყურადღება თეატრებს.
მორიგი ბლიც გამოკითხვა ამ საკითხს ეხება, გამოიკითხა თბილისში არსებული 7 თეატრი. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული შვილდი თეატრიდან – ორი არის უკმაყოფილო კულტურის სამინისტროს მუშაობით და უწყებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვენ.
რუსთაველის თეატრი: ”სეზონი ჩვენს თეატრში სექტემბრის ბოლოს გაიხსნა, 31 ოქტომბერს გვაქვს პრემიერა ”ელექტრა”. გარდა ამისა, თეატრი ამ სეზონზე მაყურებელს სთავაზობს რობერტ სტურუას სპექტაკლს – ”ასულნი”, დავით საყვარელიძის ”სულიერ არსებებს”, დავით საყვარელიძის ”მალე მოვალ მე წვიმად” და სხვა სპექტაკლებს. წინა წელთან შედარებით გამოხმაურება და მაყურებელთა რიცხვი უფრო გაზრდილია. ბილეთის ფასები შედარებით ხელმისაწვდომია, რუსთაველსი თეატრს აქვს სამი დარბაზი. ექსპერიმენტულ სცენაზე ბილეთების ღირებუაბეა არის 6 ლარი, მცირე სცენაზე 6-8 ლარი, დიდ სცენაზე კი ბილეთების ღირებულება იწყება 6 ლარიდან და ადის 12 ლარამდე, გარდა პრემიერებისა. კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობა ძალიან გააქტიურდა, ხშირად არის შეხვედრები სხვადასხვა საკითხებზე. ”
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი: ”ჩვენს თატრში სეზონი 3 ოქტომბერს ლევან წულაძის ”შეშლილის წერილებისა” და გიზო ჟორდანიას ”თეთრი იასამნის” პრემიერით გაიხსნა. მაყურებელი დადის თეატრში ისევე როგორც წინა წლებში. ბილეთის მინიმალური ღირებულება არის 6 ლარი მაქსიმალური კი 16. 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებსა და სოციალურად დაუცველ პირებზე, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ დაესწრონ სპექტაკლებს. კულტურის სამინისტრო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თეატრს.“
თავისუფალი თეატრი: ”სეზონი გაიხსნა 27 სექტემბერს, ამ სეზონზე ვგეგმავთ სამ პრემიერას, რომელიც დეკემბრის ბოლოსკენ იქნება წარმოდგენილი. ჯერჯერობით კი მაყურებელს თავისუფალ თეატრში შეუძლია იხილოს ”რიჩარდ III”, ”ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები” ,” ჯინსების თაობა” , ”მერე რა რომ სველია სველი იასამანი” და სხვა სპექტაკლები. თეატრში არის დრო , როდესაც პერიოდულად ხდება მაყურებლის რაოდენობის ზრდა ან კლება. სექტემბერიდან, როგორც ყოველთვის მაყურებლის რაოდენობა იმატებს, დეკემბრიდან კი ქართველები სმა-ჭამაზე გადადიან და შესაბამისად მაყურებელთა რიცხვის იკლებს. რაც შეეხება ბილეთების ღირებულებას, იარუსზე ბილეთების ღირებულება შეადგენს 6 ლარს, მაქსიმალური ფასი დარბაზში არის 15 ლარი, ვცდილობთ, რომ ფასი მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს და ყველამ შეძლოს თეატრში მოსვლა. იყო პერიოდი, როდესაც ვინარჩუნებდით შედარებით დაბალ ფასებს, შემდეგ გადასახადების გამო მცირედით იმატა ბილეთის ღირებულებამ. უკვე მეორე წელიწადია სტაბილურად ვინარჩუნებთ ამ ფასებს, თეატრის შემოსავლების საწინააღმდეგოდ, ვცდილობთ, რომ მაყურებელმა შეძლოს თეატრში სიარული. პრობლემები ყოველთვის არის, თუმცა კულტურის სამინისტრო შეძლებისდაგვარად ყოველთვის ეხმარება თეატრს.”
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი: ”სეზონი თეატრში 28 სექტემბერს გაიხსნა, ჩვენ 22 სარეპერტუარო სპექტაკლი გვაქვს, მათ შორის ”იკაროსი”, ”პოლიცია”, ”გოდოს მოლოდინში”, ”ცხოველების ფერმა” და ა.შ. ვფიქრობ, მაყურებელთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა. რაც შეეხება, ბილეთის ღირებულებას, 7-12 ლარამდე მერყეობს ბილეთის ფასი, მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება დევნილებისთვის, სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის. სახელმწიფოს მხრიდან, დაფინანსება მხოლოდ ხელფასებსა და გადასახადებზე გვყოფნის, ჩვენ კულტურის სამინსიტროს დაქვემდებარებაში ვართ და შეძლებისდაგვარად გვაქცევს ყურადღებას.”
მუსიკისა და დრამის თეატრი: ”სეზონი 12 ოქტომერს დავით დოიაშვილის სპექტაკლის ”ფსკერზე” პრემიერით გაიხსნა, ამ სეზონზე თეატრი მაყურებელს რამდნიმე სპექტაკლს შესთავაზებს, მათ შორის ბექა ქავთარაძის ”რა მოხდა სამხეცეში”, ნინი ჩაკვეტაძე მუშაობს სპექტაკლზე ”დორიან გრეის პორტრეტი” და ა.შ მაყურებელი აქტიურად დადის თეატრში, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა დავით დოიაშვილის სპექტაკლებზე. ბილეთის ფასები სპექტაკლების მიხედვით განისაზღვრება 8 და 10 ლარით, სოციალურად დაუცველ პირებისთვის ჩვენს თატრში სპექტაკლებზე დასწრება უფასოა. ჩვენ ფაქტიურად თეატრი არა გვაქვს, დოიაშვილმა ფოიეში მოაწყო ძალიან ლამაზი სცენა, კულტურის სამინისტრო კი ძალიან გვაქცევს ყურადღებას, სამინისტრომ დააფინანსა თეატრის რემონტი.”
პანტომიმის თეატრი: ”ჩვენ თბილისში პირველებმა გავხსენით სეზონი ორ სქტემბერს და ვითამაშეთ ამირან შალიკაშვილის სპექტაკლი ”საქართველოო ლამაზო”, რომელიც ეძღვნება სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაღუპულ გმირებს. მაყურებელი დადის თეატრში, დარბაზი თითქმის ყოველთვის სავსეა. სამწუხაროდ ქართველებზე მეტად უცხოელები სტუმრობენ ჩვენს თეატრს, განსაკუთრებით კი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ბილეთის ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომია, სტუდენტებსა და მოსწავლეებზე 50 %-იანი ფასდაკლება გვაქვს, სოციალურად დაუცველ პირებს კი საშუალება აქვთ უფასოდ დაესწრონ ჩვენს სპექტაკლებს. ვერ გეტყვით, რომ კულტურის სამინისტრო დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენს თეატრს, მხოლოდ თეატრის დამფუძნებლის, ბატონ ამირან შალიკაშვლისადმი, მიძღვნილი ღონისძიების გამართვაში დაგვეხმარა ერთადერთხელ, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ კულტურის სამინსიტრომ უფრო დიდი ყურადღება მოგვაქციოს ”
თოჯინების სახელმწიფო თეატრი: ”სეზონი ჩვენს თეატრში 26 სექტემბერს გაიხსნა პრემიერით ”იავნანამ რა ჰქმნა”, 26 ოქტომბერს გვქონდა პრემიერა ”ნატვრის ხის ზღაპარი”, 30 ნოემბერს გვექნება ”მაწანწალას” პრემიერა და წლის ბოლომდე იქნება ასევე ”მოხტუნავე პრინცესა”. მაყურებლის სიმცირეს არასოდეს ვუჩიოდით, თუმცა წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა მაყურებელთა რიცხვი, ერთადერთი რაც არ გვაკლია მაყურებელია. თითო წარმოდგენაზე ბილეთის ღირებულება არის 5 ლარი, სააბონენტო სისტემით კი 3 ლარი, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის აბონიმენტის ღირებულება შეადგენს 3 ლარს, რომელშიც შედის სამი სპექტაკლი ანუ ერთი სპექტაკლის ღირებულება ერთი ლარი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ვართ სახელმწიფო თეატრი, ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ, თოჯინების სახელმწიფო თეატრი არის ერთადერთი თეატრი თბილისში, რომელსაც შენობა არ გააჩნია, ჩვენ საკუთარი სახსრებით ვქირაობთ დარბაზს.”
03.11.14
ნინა პირტახია