შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“-ის ბაზაზე, ფუნქციონირება დაიწყო კონტეინერების კონტროლის უწყებათაშორისმა დანაყოფმა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ ფაქტთან დაკავშირებულ ცერემონიას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის, აშშ ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის, ასევე, საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები.
დანაყოფი შეიქმნა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის – კონტეინერების კონტროლის პროგრამის – ფარგლებში.
დანაყოფი დაკომპლექტებულია შემოსავლების სამსახურის, შსს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების 9 თანამშრომლით, რომლებიც გაეროს ექსპერტებმა შეარჩიეს 20-30 იანვარს შემოსავლების სამსახურსა და პოლიციის აკადემიაში გამართული სპეციალური სწავლებების შედეგად.
კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ანალოგიური უწყებათაშორისი ერთობლივი კონტროლის დანაყოფი ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონაში 2012 წლიდან ფუნქციონირებს.











