ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე, არასოდეს იცი როდის, სად და როგორ აღმოჩნდები. სწორედ, ამიტომაა ჩვენი სიცოცხლე საინტერესო. ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანი საკუთარი ინტერესის სფეროს პოულობს. ზოგი დაბადებიდანვე ნიჭიერი იბადება, ზოგიც კი, შემდეგ თავად ანვითარებს საკუთარ ნიჭს. ჩემი აზრით არ არსებობს უნიჭო ადამიანი, პოტენციალი ყველა ადამიანშია ჩადებული, მთავარია შენ შეძლო ამ პოტენციალის აღმოჩენა, განვითარება და არ მისცე საკუთარ თავს მისი დაკარგვის უფლება. დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი, პირველ კატეგორიას ეკუთვნის, მას დაბადებისთანავე დაყვა ნიჭი. ნიჭი ხელოვნების სიყვარულისა და ნიჭი ხელოვანად ყოფნისა. ამას იმიტომ ვაბობ, რომ ის 4 წლის ასაკში უკვე ძალიან ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ბავშვი იყო. „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა მსახიობი გიორგი ცხადაძე, ყველასათვის დასამახსოვრებელი ბავშვი „ერისიონის“ კლიპიდან „შატილის ასულო.“ არამგონია გიორგის 4 წლის ასაკში საკუთარი ნიჭის პოტენციალის განვითარება შესძლებოდა, ამიტომ ვთქვი, რომ ის ასეთი ნიჭიერი დაიბადა. თუმცა ყველაფერს ჭირდება განვითარება და გიორგიც ერთ ადგილზე არ გაჩერებულა. დღეს გიორგი ცხადაძე მხოლოდ საყვარელი ბავშვი „ერისიონის“ კლიპიდან აღარა, ის დღეს არის მსახიობი, რომელიც ახმეტელის თეატარში მოღვაწეობს, რომელიც თავის ასაკში უკვე წარმატებულია. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვა დეტალებს ინტერვიუდან შეიტყობთ.
მოგვიყევით თქვენზე, როგორია თქვენი ბიოგრაფია?
– დავიბადე ხონში, წარმოშობით ზესტაფონიდან ვარ. 4 წელი ვიცხოვრე ხონში, შემდეგ ოჯახური პირობების გამო გადმოვედით თბილისში. იქ არ იყო უნივერსიტეტი სადაც ჩემი დები შეძლებდნენ სწავლის გაგრძელებას, მე სკოლაში უნდა შევსულიყავი, სკოლა კი ჩემი სახლიდან ძალიან შორს იყო. მიუხედავად იმისა, რომ იქ არც ისე ცუდად ვცხოვრობდით, ჩემმა ოჯახმა ჩვენი უკეთესი მომავლისათვის დედაქალაქში წამოვსვლა გადაწყვიტა. 4 წლის ვიყავი, როდესაც თბილისში ჩამოვედი და აქ დავიწყეთ ყველაფერი თავიდან.
თქვენ ხართ ბიჭი ერისიონის კლიპიდან „შატილის ასულო,“ როგორ მოხვდით ამ კლიპში, ოთხი წლის ასაკში რამდენად რეალურად აღიქვით ეს ყველაფერი და დღემდე რა შთაბეჭდილებეა გაქვთ შემორჩენილი?
– ჩამოსვლიდან ცოტა ხნის მერე გამოჩნდა ერისიონის პროექტი “Georgian legend,” სადაც ამიყვანეს მომღერლად. ერისიონში ჯემალ ჭკუასელის და ოთარ ბლუაშვილის დამსახურებით მოვხვდი. შემდეგ გადაიღეს კლიპი „შატილის ასულო,“ თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი, მანამდე არასოდეს მინახავს თოვლი, თვითმფრინავით ვიმგზავრე პირველად და ა.შ. მოკლედ, რომ ვთქვათ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან უცხო იყო, რადგან ერთი პატარა სოფლელი ბიჭი ვიყავი. ამ ყველაფერს გარკვეული პოპულარულობა მოყვა, მისაბაძი ბავშვი გავხდი და იმ დროს თავშიც ამივარდა ეს ყველაფერი. ჩემი ეს წარმატება დამოკიდებული იყო გამართლებაზე და ძალიან მინდა, რომ ასე გაუმართლოს სხვა ადამიანებსაც. მე მაქვს ცხოვრებაში ძალიან დიდი გაჭირვება ნანახი და ამავდრულად მქონდა ყველაზე მაგარი ბავშვოობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე მეტად ნიჭიერი და მოტივირებული ბავშვები არიან რაიონებში, მაგრამ მათ ცხოვრებაში არ ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება. ჩემი ოცნებაა,რომ ყველა ბავშვს აუსრულდეს საკუთარი ოცნებები და მიზნები.
რა როლი ითამაშა თქვენმა ბავშვობამ და ოჯახმა თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში?
– მე ვეთახმები აზრს, რომ ბავშვის ჩამოყალებებას, აღზრდას სწორედ ოჯახი განაპირობებს, ბავშვი სარკეა საკუთარი ოჯახის. ადამიანი სადაც ხარ, ვისაც უყურებ, რა გარემოშიც იზრდები, თავადაც ისეთივე ხდები. სწორედ ჩემი ოჯახის დამსახურებაა ის, რომ მე დღეს მსახიობი ვარ, რომ მიყვარს ჩემი საქმე, რაღაც დონეზე ვარ წარმატებული და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს ამისათვის.
თქვენ დაამთავრეთ თეატრალური უნივერსიტეტი, რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა და კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი არჩევანით?
– თეატრალურ უნივერსიტეტში მოვხვდი სრულიად შემთხვვეით. ჩემი სკოლაში სწავლის პერიოდში დაემატა მეთორმეტე კლასი. მასწავლებელმა შემთხვევით მითხრა, რომ შემეძლო შემეგროვებინა საბუთები და ექსტერნად გამევლო მეთორმეტე კლასი. გადავწყვიტე სურპრიზი გამეკეთებინა ჩემი ოჯახისათვის და ჩუმად მივედი რესურს ცენტრში, გავიარე თორმეტივე გამოცდა და მომცეს ატესტატი. სახლში მივედი და მამაჩემს ვუთხარი, რომ სკოლა დავამთავრე. ეს მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მან მითხრა, რომ ჯარში წამიყვანდნენ თუ არ ჩავაბარებდი. არ მქონდა საკუთარი თავის იმედი, რომ ეროვნულ გამოცდებს კარგად ჩავაბარებდი და ამიტომ ჩავწერე თეატრალური უნივერსიტეტი. ვიფიქრე ჯერ აქ ჩავაბარებ და შემდეგ საბუთებს მენეჯმენტზე გადავიტანთქო. წინა დღეს ვისწავლე ენვერ ნიჟარაძის ლექსი “მარადიული დღესასწაული“, გამოცდაზე გაკვირვებული მეკითხებოდნენ ვინ მირჩია ამ ლექსის წაკითხვა? ყველა ტურზე ეს ლექსი წავიკითხე, სხვა არაფერი ვიცოდი. ჩემდა გასაკვირად უფასოზე მოვხვდი ძალიან მაღალი ქულებით. შემეძლო, რომ ამ ქულებით სხვა სპეციალობაზეც ჩამებარებინა, მაგრამ როგორც მსახიობები ამბობენ „მოვიწამლე“ ამ ყველაფრით. სიმართლე, რომ გითხრათ თეატრი არ მიყვარდა, მაგრამ ჩემმა პედაგოგმა ნუკრი ქანთარიამ ძალიან შემაყვარა თეატრი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან იზრდები, ყველა მსახიობს ეტყობა საკუთარი რეჟისორის გავლენა. მე ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით. ძალიან ბევრი მეგობრი შევიძინე თეატრალურში, დღეს ჩემი ჯგუგფელები ძალიან წარმატებულნი არიან თავიანთ საქმეში. ვფიქრობ, კარგ გარემოშო მოვხვდი და სწორი ნაბიჯი გადავდგი, როდესაც მსახიობობა ავირჩიე.
გაიხსენეთ თქვენი პირველი სპექტაკლი, როდის „მოიწამლეთ“ პირველად სცენის მტვერით?
– ჩემთვის გადამწყვეტი იყო სადიპლომო სპექტაკლი „ჭუჭყიანი ხელები,“ რომლის რეჟისორიც ნუკრი ქანთარია იყო. ამ სპექტაკლში ვითამაშე მთავარი როლი. ძალიან რთული როლი მქონდა, სცენიდან თითქმის არ გავდიოდი. სწორედ ამ სპექტაკლში დავინახე, რომ მსახიობი რაღაციდან იწყებ სცენაზე მუშაობას და სადღაც მიდიხარ, გარკვეული გარდატეხა ხდება შენში. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მაყურებელი მოგყვება ამ ყველაფერში და გარკვეულ თავგადასავალში ხარ ჩართული.
ამჟამად ახმეტელის თეატრში თქვენ გქონდათ პრემიერა ბრაზილიელი რეჟისორის როდრიგო ფიშერის სპექტაკლისა „2+2=2“, გვიამბეთ ამ სპექტაკლის შესახებ?
– ამ წუთში ვმოღვაწეობ ახმეტელის თეატრში, უნივერსტეტის დამთავრებისთანავე ამიყვანეს. ძალიან კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით, ძალიან მეგობრული გარემოა და ყველა თავის საქმის პროფესიოანლია. ახლა ჩამოვიყვანეთ რეჟისორი როდრიგო ფიშერი, რომელმაც 2014 წელს, წლის საკუკეთესო რეჟისორის წოდება მიიღო ბრაზილიაში. მას აქვს რადიკალურად განსხვავებული ხედვები, იმისაგან რაც იდგმება დღეს საქართველოში და ზოგადად რასაც გულისხმობს კლასიკური, ძველი თეატრი.
ამ სპექტაკლის დროს დიალოგში შევდივართ მაყურებელთან, ყველას შეუძლია ჩაერთოს სპექტაკლის განვითარებაში. პიესა არც იყო, არც არსებობდა ჩვენ სცენაზევე შევქმენით ეს ყველაფერი. ამ სპექტაკლში ვიხსნებთ ჩვენს ისტორიებს, რომელიც ძირითადად ნამდვილია. ამ სპექტაკლში კინოც და სპექტაკლიც, ორივე თანაბრადაა, რადგან ჩვენ კამერასთან მუშაობაც გვიწევს. ეს ყველაფერი კამერით გადაღებული იქნება ისეთივე საინტერესო, როგორიც იმ წამს დამსწრე მაყურებლისათვის. ამ სპექტაკლის მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება ბუნებრივი იყოს ყველაფერი.
გარდა სამსახიობო ნიჭისა ვიცი, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე უკრავთ, რა ინსტრუმენტებია ესენი და რამდენად დიდი როლი უჭირავს მუსიკას თქვენს ცხოვრებაში?
– მუსიკა არის ჩემთვის ყველაფერი, მე მუსიკით გავიგე და შევიყვარე ხელოვნება. მამჩემი იყო ოპერის მომღერალი, ჯანო კახიძესთან მღეროდა და შემდეგ გადავიდა „ერისიონში.“ სწორედ ჩემმა ოჯახმა განაპირობა, რომ მე მუსიკა შემიყვარდა. თავდაპირელად ვმღეროდი, შემდეგ კი დავიწყე დაკვრა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე.
გვიამბეთ „მეგობრების ტრიოს“ შესახებ, რომლის ერთ–ერთი წევრი თქვენც ხართ?
– „მეგობრების ტრიოში“ ვმღერით: მე, გიორგი გოგოლაური და ლადო დონღვანი. 2012 წელს „ნიჭიერში“ მივიღეთ მონაწილეობა, მაყუებელი უფრო აქდან გვიცნობს. ლადო წერს მუსიკას, გიორგი ტექსტს მე ამჟამად ბანი ვარ. ყველამ იცის, რომ საქართველოში რთული სიტუაციაა, ძალიან დიდი ხანია დისკის ჩაწერა გვინდა და ვერ ჩავწერეთ, რომც ჩავწეროთ ის დისკი მერე რა? ამ ყველფერს დაფინანსება, კარგი მენეჯმენტი ჭირდება, რომ შემდეგ რეალიზება მოხდეს, ახლა ძალიან პატარა სეგმენტზეა გათვლილი ეს ყველაფერი.
თუ გაქვთ რაიმე საოცნებო როლი, რომლის შესრულებაც გინდათ?
– ძალიან მაინტერესებს კინო, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ ფილმში არ ვარ გადაღებული. პირდაპირ ჰოლივუდში მინდათქო, ამას არ ვამბობ, ზოგადად მინდა გარკვეული გამოცდილება მივიღო კინოში. ეს რამდენად აუხდენელი ოცნებაა არ ვიცი, იმედია მალე ამისრულდება. თეატრი არის საზრდო და ყოველთვის უნდა იყოს მსახიობი თეატრში, რადგან არ დაკნინდეს და პროფესიონალურად განვითარდეს. დიდი ოცნებები არ მაქვს, ვფიქრობ, რომ რაღაცეები ნაწილ–ნაწილ უნდა ჩაიფიქრო და ისე აისრულო ოცნებები.
რა არის ის მთავარი განცდა, რომელიც მსახიობ სცენაზე გასვლისას ეუფლება, დღემდე ნერვიულობთ თუ არა სცენაზე გასვლის წინ?
– სცენაზე გასვლის წინ გარკვეულ რიტუალებს ატარებენ ხომე მსახიობები, თუმცა მე ჯერ არ ჩამომიყალიბდა ეს რიტუალი. უბრალოდ სცენაზე გასვლის წინ ვისახავ პირჯვარს და ისე შევდივარ სცენაზე. რაც შეეხება ნერვიულობას, ყოველთვის ვნერვიულობ სპექტაკლის დაწყების დროს, შემდეგ კი ყველაფერი თავისით ეწყობა.
როგორია გიორგი ცხადაძე მეგობრებთან, ახლობელ ადამიანებთან?
– ხშირად მეჩხუბებიან, რომ უყურადღებო ვარ, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. ძალიან ვაფასებ და ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები. მომწონს ის გარემო, სადაც ადამიანს არ უწევს თამაში. დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ადამიანებს ცხოვრებაშიც ხშირად გვიწევს თამაში.
თქვენი აზრით რა თვისებებია საჭირო იმისაათვის, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიო?
– წარმატებას, რომ მიაღწიო, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით ნიჭი უნდა გქონდეს, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ წარმატების მისაღწევად ნიჭი მთავარია. ყველაზე მთავარია თუ რამდენად პროფესიონალი ხარ საკუთარი საქმისა. პროფესიონალიზმში ვგულისხმობ, რომ უნდა იყო დისციპლინირებული, მიზანსწრაფული. ადამიანმა უნდა იცოდეს ის, რასაც აკეთებს და მთავარია იცოდეს რა უნდა. თუ შრომისმოყვარეა ადამიანი ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.
რას აკეთებთ თავისუფალ დროს და საერთოდ რამდენად ხშირად ხართ თავისუფალი?
– თავისუფალი დრო საკმაოდ იშვიათად მაქვს. თუმცა, როდესაც თავისუფალი ვარ, ძირითადად შეყვარებულთან ერთად ვუყურებ ფილმებს.
რა არის თქვენთვის ამ ქვეყნად ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანი?
– ჩემთვის ყველზე მნიშვნელოვანი არის, ის რომ ადამიანები, რომლებიც ჩემს გარშემო არიან იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები. ვცდილობ, რომ ყველას ყოველდღიურად რაღაც პატარა სიხარული მივანიჭო და გავახარო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს გვერში მყოფი ადამიანი იყოს მხიარული, გახარებული და თუ ის არის კარგ ხასიათზე, მეც კარგ ხასიათზე ვდგები.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?
– ახლა ვარ ახმეტელის თეატარში. ზაფხულში წასვლას ვაპირებთ სამოგზაუროდ ჩვენი სპექტაკლებით და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშველოვანი იქნება. ასევე იგეგმება სატელევიზიო სერიალი, რომლის გადაღებებიც ზაფხულში უნდა დაიწყოს, მე ერთ–ერთ მთავარ როლზე ვარ დამტკიცებული, იმედია არაფერი შეიცვლება.
ესაუბრა
ანო მუქათარიძე