30 აპრილს, ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობით, ალიანსი: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“ დაფუძნდება. ალიანსის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გამოთქვამენ მზადყოფნას, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში, მიიღონ პირდაპირი მონაწილეობა. ალიანსი იქნება მუდმივმოქმედი თემატური გაერთიანება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ქვეყნის ევროკავშირის წევრობამდე პერიოდში, მხარს დაუჭერს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და წარმოადგენს პერიოდულ ანგარიშებს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. დამფუძნებელ ღონისძიებაზე, ალიანსის წევრი ორგანიზაციები, ერთობლივ დეკლარაციაზე მოაწერებ ხელს, რომელიც შედგება ევროკავსირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე შეფასებით, წევრი ორგანიზაციების ვალდებულებებით, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლოს ხელისუფლების მიმართ სარეკომენდაციო წინადადებებით, რომლის განხორციელების პროცესზეც, ალიანსი იქნება ორიენტირებული. ალიანსის საქმიანობას მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი პოლიტიუკური, საზოგადოებრივი, ეკონომიკური და სამართლებრივი სფეროებიდან, რომელთა წინადადებებიც გათვალისწინებულ იქნება მუშაობის პროცესში. ალიანსის დამფუძნებელია ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ხოლო დამფუძნებელი წევრი ორგანიზაციები გაერთიანების მუდმივმოქმედი წევრები იქნებიან. ალიანსი იხელმძღვანელებს სამუშაო დებულებით და სამუშაო გეგმით. პრეზენტაციას დაესწრება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საექსპერტო საზოგადოება, მესამე სექტორის წარმომადგენლები.