დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა, არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დოკუმენტის შემუშავების საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილავენ სარეკომენდაციო დოკუმენტის სამუშაო ვერსიას, რომელიც არასრულწლოვანთა 24 საათზე მეტი დროით, მესამე პირების მიერ სხვადასხვა ღონისძიებაზე გაყვანისათვის უსაფრთხოების სტანდარტის შემუშავებას გულისხმობს. დოკუმენტი უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერიების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, ასევე არასამთავრობო და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
არსებული დოკუმენტი, დამატებითი რეკომენდაციებისა და რჩევების მიღების მიზნით, გადაგზავნილი იქნა ყველა დაინტერესებულ ფოკუს ჯგუფთან, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან, ასევე საგანმანათლებლო, სახელოვნებო და სპორტულ ასოციაციებსა და კავშირებთან. დღეს შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ სარეკომენდაციო დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე, რომელიც ეხება როგორც ტრანსპორტის, კვების, დაბინავების, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტის, ასევე უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო და სანიტარული) საკითხებს.
არასრულწლოვანთა გაყვანისათვის სპეციალური რეგულაციების შემუშავების ინიციატივა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ეკუთვნის.